საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, 25 თებერვალს, ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრამ და ოკუპაციამ შეწყვიტა ის უნიკალური პოლიტიკური ექსპერიმენტი, რომელიც მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა, მაგრამ თავისი შინაარსით და პრაქტიკით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებასა და წარმოსახვაზე. ეს იყო პროექტი, რომელიც დაბადებული იყო სოციალური სამართლიანობის, დემოკრატიის და თანასწორობის იდეალებზე.
პირველი რესპუბლიკა უნიკალური იყო არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ რეგიონულ და გლობალურ კონტექსტშიც. ეს იყო პოლიტიკური სისტემა, სადაც აღიარებული იყო მშრომელთა უფლებები, პროფკავშირების როლი, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ეთნიკური უმცირესობების უფლებები. ამაღელვებელია იმის გააზრება, რომ ჯერ კიდევ 1918-1921 წლებში საქართველოში არსებობდა მრავალპარტიული პარლამენტი, თავისუფალი პრესა, ძლიერი თვითმმართველობა და სოციალური პოლიტიკის პროგრესული ხედვა.
1917 წლის რევოლუციების შემდეგ კავკასიაში სოციალისტური იდეები სხვადასხვაგვარად განვითარდა. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა არ იზიარებდა ბოლშევიკური დიქტატურის იდეას, ერთი პარტიის ძალაუფლებას და რეპრესიების გზით გათანაბრების პოლიტიკას. პირიქით, იმ პერიოდის ქართული ელიტა იბრძოდა პარლამენტარიზმის, სოციალური კეთილდღეობის ეტაპობრივი შენებისა და საზოგადოებრივი თავისუფლებების იდეისთვის. სოციალური დემოკრატიის პოლიტიკური პროეექტი ემყარებოდა თანასწორობის, სოციალური პროგრესის და ადამიანის ღირსების პრინციპებს და სამართლიან ბალანსს იცავდა დემოკრატიულ, რესპუბლიკურ და სოციალისტურ ტრადიციებს შორის.
პირველი რესპუბლიკა ქართველი ხალხის ანტიკოლონიური ფიქრის და ძალისხმევის შედეგია. 20-იან წლებში, როცა კავკასიის რეგიონი იყო იმპერიების შეჯახების ადგილი, ეროვნულმა მოძრაობებმა, სოციალისტურმა და ანტიკოლონიურმა ძალებმა შეძლეს სუვერენული საქართველოსთვის საფუძვლების ჩაყრა, რომელიც კავკასიის სხვა ხალხებს ასევე თვითგამორკვევისკენ უბიძგებდა. საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო იმპერიული ძალებისგან გათავისუფლების დემოკრატიული მცდელობა, რომელმაც დემოკრატიული და დამოუკიდებელი განვითარების მოდელი შესთავაზა კავკასიის სხვა ერებსაც.
სწორედ ამ განსხვავებული მოდელის არსებობა იყო ის, რაც ბოლშევიკებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სოციალისტური, მაგრამ არა-ბოლშევიკური საქართველო იყო ალტერნატივა, რომელიც უნდა განადგურებულიყო. საბჭოთა ძალებმა ეს შეძლეს და 1921 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული და სუვერენული განვითარების გზა 70 წლით შეჩერდა.
ამ დღეს, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა მღელვარებასა და პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, როდესაც ავტორიტარიზმი აღზევდა, იზოლაციის პოლიტიკა გამყარდა, ოლიგარქიის გავლენა კი შეუზღუდავ ფორმებს იძენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი რესპუბლიკის სადამფუძნებლო იდეებთან დაბრუნება. დღეს, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა არ არის კმაყოფილი რეჟიმისა და დომინანტური ძალების მიერ შემოთავაზებული განვითარების პროექტების მიმართ, 25 თებერვალი არა მხოლოდ გლოვის, არამედ გადააზრების მომენტია, რომელიც დაგვეხმარება დავინახოთ, როგორ უნდა აშენდეს ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქის ღირსება, უფლებები და რეალური პოლიტიკური მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
რესპუბლიკის იდეა არ კვდება! 25 თებერვალი უნდა იყოს არა მხოლოდ ოკუპაციის ტრავმატული გამოცდილების გახსენების სიმბოლური თარიღი, არამედ იმ უნიკალური გამოცდილების გახსენების საშუალება, რომელიც მოგვცემს მომავლისთვის ახალი, უფრო თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის შესაძლებლობას.
ინსტრუქცია