საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
21 მაისს კავკასიელი ხალხები - აფხაზები, ჩერქეზები, უბიხები და სხვები რუსეთის იმპერიის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს, მასობრივი დეპორტაციის და იძულებითი გადასახლების მძიმე გამოცდილებას იხსენებენ.
“მუჰაჯირობა” არაბული სიტყვაა და გადასახლებულს ნიშნავს. ეს თარიღი კავკასიის რეგიონში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის უმძიმეს ჭრილობებს განასახიერებს.
აფხაზებმა რეგიონის დატოვება ჯერ კიდევ რომელიც 1810 წლიდან, რუსეთის იმპერიის მიერ ამ ტერიტორიაზე შეჭრით დაიწყო, იძულებითი და ძალადობრივი გადასახლება კი 60-70-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში აფხაზეთიდან იძულებით ათეულობით ათასი აფხაზი გაასახლეს. მუჰაჯირობის მასშტაბი იმდენად მაღალი იყო, რომ მან უმძიმესი სოციალური და დემოგრაფიული კვალი დატოვა ადგილობრივ მოსახლეობაზე.
აფხაზეთიდან გადასახლებულების დიდი ნაწილი ზღვაში, გემით მგზავრობის დროს დაიღუპა. ამიტომ წლებია, სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები ზღვებთან და მდინარეებთან იყრიან თავს და წინაპართა ხსოვნისთვის წყალში ყვავილებს ყრიან.
1880 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის იმპერიამ აფხაზები “დამნაშავე მოსახლეობად” გამოაცხადა და აუკრძალა სოხუმის მიდამოებში დასახლება.
რუსეთის ისტორიული მიზანი კავკასიის რეგიონში ექსპანცია და აქ მცხოვრები ხალხების დამორჩილება იყო, რის ერთ-ერთ მექანიზმადაც რელიგიური ნიშნით წმენდა გამოიყენებოდა. მუჰაჯირობის გამოცდილებამ აფხაზი ხალხი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა და ეს ტრაგედია აფხაზებისა და კავკასიელი ხალხების კოლექტიურ მეხსიერებაში დღემდეა შემორჩენილი.
დღეს მუჰაჯირობის ხსოვნის დღე მხოლოდ წარსულის ტრაგედიის მოგონება არ არის - ის მეხსიერების პოლიტიკის ნაწილია, რომელიც გვახსენებს რუსეთის იმპერიალისტური ძალადობის შედეგებსა და კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ სისტემური ჩაგვრის გამოცდილებას. ამ გამოცდილების გახსენება სოლიდარობის აქტიცაა, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების საერთო ისტორიული ტკივილის გაზიარებაში ვლინდება.
ამასთანავე, რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში განხორციელებული კოლონიური პოლიტიკა კავკასიაში არ წარმოადგენს მხოლოდ დასრულებულ ისტორიულ ფურცელს - ის მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე რეალობას, რომელშიც რუსეთი კვლავაც ცდილობს რეგიონზე იმპერიული გზებით კონტროლის დამყარებას. კავკასიის ხალხების წინააღმდეგ გამოყენებული ძველი ძალადობრივი მეთოდები დღეს ახალი ფორმებით აგრძელებს სიცოცხლეს – ოკუპაციის, სამხედრო ზეწოლის, კულტურული მანიპულაციისა და პროპაგანდის სახით.
მუჰაჯირობის შესახებ ვიდეო ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინსტრუქცია