[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

19 სექტემბერს საქალაქო სასამართლო ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

11076734_818011604937468_691591177_n

2016 წლის 19 სექტემბერს 12:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული და განგრძობადი ხელშეშლის ფაქტებზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, ადგილობრივი მუსლიმების სახელით შეტანილ სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლო თითქმის ორი წლის განმავლობაში განიხილავს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სარჩელი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე ადგილობრივი მცხოვრებლებისა (რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არის წარდგენილი.

განსახილველ საქმეში, მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მოპასუხე კერძო პირებმა უშუალოდ განახორციელეს დისკრიმინაციული მოპყრობა მოსარჩელეების მიმართ, რაც მათი მხრიდან რელიგიური სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მოტივით, პანსიონის საქმიანობისთვის განგრძობადი ხელშეშლის ფაქტებში გამოიხატება. კერძოდ, მოპასუხეები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი მოსარჩელეებს არ აძლევს საკუთრების უფლებითა და მასთან კავშირში გადაადგილების თავისუფლებით, განათლების უფლებით, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ადგილობრივი ქრისტიანები პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლას შენობასთან დაწესებული მორიგეობის, გადაადგილების პროცესის კონტროლის, მუქარისა და იძულების გზით ახორციელებენ. საჯარო განცხადებებში, მათ შორის, სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციებში მოპასუხე კერძო პირები ღიად იყენებდნენ ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ენას.

შსს-თან მიმართებით კი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს კანონით დადგენილი ვალდებულებების არაეფექტურ და დისკრიმინაციულ შეუსრულებლობას. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, შსს ავლენს აბსოლუტურ უმოქმედობას მოპასუხე კერძო პირებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან მუსლიმი თემის დევნისა და მართლზომიერი მფლობელობით სარგებლობისთვის ხელშეშლის აღკვეთაში. აღსანიშნავია, რომ შსს ამ დრომდე არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას პანსიონის გახნისა და ფუნქციონირებისთვის და არც აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიება აკმაყოფილებს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების სტანდარტებს.

საქმეზე მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს, კერძო პირების მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის გახსნისთვის განგრძობადი ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი, მოსარჩელეები ითხოვენ,პოზიტიური ვალდებულებების სათანადო შესრულებას და საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტიან პრევენციასა და პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“