[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

1 მაისს საქართველოში კვლავ ავტორიტარიზმის, საბაზისო თავისუფლებების შეზღუდვის და მშრომელთა უფლებების მასობრივი და სისტემური დარღვევის პირობებში ვხვდებით

1 მაისს საქართველოში, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება მზარდად კონცენტრირებულია ვიწრო ჯგუფების ხელში, იზოლირებული ხელისუფლება კი მზარდ ეკონომიკურ ძალაუფლებებს უთმობს ინვესტორებს, შრომის საკითხი პირდაპირ უკავშირდება არა მხოლოდ სამართლიან ხელფასებსა და სამუშაო პირობების პრობლემებს, არამედ დემოკრატიის დაბალ ხარისხს მშრომელებისთვის.

ოლიგარქიული მმართველობის პირობებში რესურსების განაწილება არ ხდება საზოგადოებრივი საჭიროებების მიხედვით. ეკონომიკური გადაწყვეტილებები ხშირად ემსახურება არა საჯარო ინტერესს, არამედ ძალაუფლებისა და კაპიტალის კონცენტრაციას. ეს ქმნის სისტემას, სადაც შრომა განიხილება როგორც იაფი რესურსი, ხოლო დასაქმებულის სოციალური უსაფრთხოება მეორეხარისხოვანი ხდება. ასეთ პირობებში შრომითი ურთიერთობა კარგავს დაცულობისა და თანასწორობის მინიმალურ ელემენტებსაც კი, ხოლო კაპიტალის მოგება პირდაპირ ეფუძნება შრომის დაუცველობასა და დათრგუნვას.

2025-2026 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სოციალური პრობლემა ჭიათურაში მასობრივი შემცირებები და 2000-ზე მეტი მაღაროელის გათავისუფლება იყო, რაც ათასობით ოჯახისა და პრაქტიკულად მთელი ქალაქისთვის საბაზისო ეკონომიკური შესაძლებლობების დაკარგვის მიზეზი გახდა. ჭიათურაში წლების განმავლობაში არსებული მძიმე შრომითი პირობები და მასობრივი შემცირებები, ასახავს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევას, არამედ სისტემურ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას, რომელიც ამ ქალაქში წლების განმავლობაში დაგროვდა. წლების განმავლობაში ჭიათურაში და სხვა მონოინდუსტრიულ ქალაქებში მიმდინარე გაფიცვები და სოციალური პროტესტი ხშირად რჩებოდა სათანადო პოლიტიკური და ინსტიტუციური პასუხის გარეშე. ბოლო 1 წლის განმავლობაში მიმდინარე პროტესტი კი სახელმწიფოს მხრიდან აღიარების და რეაგირების გარეშე დარჩა. უფრო მეტიც, ამ დრომდე 4 მაღაროელი, რომელიც პროტესტის აქტიური მონაწილე იყო, პატიმრობაში რჩება უმძიმესი და უსამართლო სასჯელებით, რაც შრომითი პროტესტის კრიმინალიზაციის აშკარა მაგალითია.

ამავე პერიოდში საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და აშკარად დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლდა 1000-მდე საჯარო მოხელე, რომელმაც 2024 წლის ნოემბერში ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. საჯარო მოხელეების გათავისუფლება ძირითადად რეორგანიზაციის ფორმალური პროცესების გზით ხდება, რომელიც ხშირად კრიტიკული საჯარო მოხელეების გათავისუფლების მიზანმიმართულ ინსტრუმენტად გამოიყენება. ასევე ფართოდ გამოიყენება კონტრაქტების ვადის ამოწურვა როგორც გათავისუფლების მექანიზმი, რაც დასაქმებულს ტოვებს მინიმალური დაცვის გარეშე. საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა საჯარო სამსახურის რეგულირების სფეროში, კიდევ უფრო გაამძაფრა ეს პრობლემა, რადგან მათ გარკვეულ შემთხვევებში გაამარტივა ადმინისტრაციული გზით თანამშრომლების გათავისუფლება და შეასუსტა მათი სამართლებრივი დაცვა. შედეგად, სხვადასხვა დონეზე დასაქმებული საჯარო მოხელეები, მათ შორის მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებიც, აღმოჩნდნენ არასტაბილურ და დაუცველ მდგომარეობაში. ამდენად, შრომა საქართველოში სულ უფრო ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. სამუშაო ადგილის დაკარგვის მუდმივი რისკი, განსაკუთრებით საჯარო სექტორსა და დიდ დამსაქმებლებთან დაკავშირებულ სფეროებში, ქმნის გარემოს, სადაც დასაქმებულები იძულებულნი არიან თავი შეიკავონ კრიტიკული აზრის გამოხატვისგან. ასეთ პირობებში შრომითი დამოკიდებულება გარდაიქმნება მორჩილების მექანიზმად, ხოლო ეკონომიკური დაუცველობა პოლიტიკური დისციპლინის ფორმად.

მიმდინარე პერიოდში დაფიქსირდა დასაქმების ადგილას, შრომის უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო, არა ერთი გარდაცვალების შემთხვევა. შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოში რჩება ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ და ამავდროულად არასათანადოდ აღიარებულ პრობლემად. სამუშაო ადგილზე გარდაცვალებებისა და დაზიანებების შემთხვევები არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე დასაქმების ადგილების ზედამხედველობის, რეგულირების და სამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროში, რაც აჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოება სისტემურად ეწირება ეკონომიკურ მოგებას.

ამასთან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიღებული მტრული და რეპრესიული კანონების გამო ათასობით ადამიანი საქართველოში სამსახურის გარეშე დარჩა, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონტროლი ასევე პირდაპირ გარდაიქმნება ეკონომიკურ განდევნად და კონკრეტული სოცილაური სეგმენტების მიზანმიმართულ დასუსტებად. ქართული ოცნების მიერ მიღებული უცხო აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონების გამო, საქართველოში ასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია პრაქტიკულად დაიხურა და განადგურდა, რასაც ამ ორგანიზაციებში დასაქმებული მაღალი პროფესიული გამოცდილებისა და თავდადების მქონე მშრომელის გათავისუფლება მოყვა. გარდა ამისა, ახლა უკვე უნივერსიტეტებში დაგეგმილი ავტორიტარული რეფორმების გამო ასობით აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომელს ემუქრება სამსახურის და შესაძლებლობების დაკარგვა, რაც მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი ამ უნიკალური ადამიანური რესურსების დაუცველობას განაპირობებს.

ამას გარდა, კერძო სექტორში ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი სამართლებრივი ვალდებულებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულების ანაზღაურება, რაც განსაკუთრებით აზიანებს ქალთა შრომით უფლებებს და ამით ამყარებს შრომის ბაზარზე გენდერულ ექსპლუატაციას. გარდა ამისა, პრობლემურია შშმ პირების, ასევე ეთნიკური უმცირესობების დასაქმების რეალური შესაძლებლობები, რადგან მათი კონკურენტუნარიანობა და ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაცია კვლავ არასაკმარისად არის მხარდაჭერილი. შრომითი უთანასწორობა ამით კიდევ უფრო ღრმავდება და სისტემური ბარიერები არ იშლება, რაც აჩვენებს, რომ შრომის ბაზარი არა ნეიტრალური, არამედ სტრუქტურულად გამომრიცხავი სისტემაა.

საქართველოში მზარდი ნეოკონსერვატიული რიტორიკის ფონზე, ასევე გართულდა უცხოელი ემიგრანტების შრომითი მდგომარეობა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, შრომითი იმიგრანტების შრომითი ექსპლუატაციის რისკებს კიდევ უფრო მეტად ზრდის, რაც იაფი და დაუცველი შრომის იმპორტის პოლიტიკაზე მიუთითებს.

ზემოთ აღნიშნული სურათი აჩვენებს, რომ არსებული მდგომარეობა არ არის მხოლოდ ბაზრის თვითდინების შედეგი, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებითა და ადმინისტრაციული პრაქტიკებით პირდაპირ მონაწილეობს შრომითი უფლებების შესუსტებაში და ქმნის მოდელს, სადაც ეკონომიკური ზრდა ემყარება შრომის უფლებების სისტემურ შემცირებას.

აღნიშნული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ მშრომელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, კოლექტიური ორგანიზება, საქართველოში მნიშვნელოვნად არის დასუსტებული. არსებული მსხვილი პროფკავშირული სტრუქტურები ხშირად ვერ ან არ ასრულებენ დამოუკიდებელი წარმომადგენლობის ფუნქციას, მაშინ როდესაც ახალი და მცირე დამოუკიდებელი გაერთიანებები არ სარგებლობენ სათანადო მხარდაჭერით და აღიარებით. შედეგად, დასაქმებულები რჩებიან ინდივიდუალური ბრძოლის პირობებში, რაც არსებითად ამცირებს მათი უფლებების დაცვის შესაძლებლობას.

ამავე დროს, საქართველო სულ უფრო მეტად ხდება შრომითი მიგრაციის ქვეყანა. ათასობით ადამიანი იძულებულია დატოვოს ქვეყანა და სხვა სახელმწიფოებში, ხშირად მძიმე და არასტაბილურ პირობებში, გაყიდოს საკუთარი შრომა. ეს მიგრაცია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი; ის დაკავშირებულია შიდა ეკონომიკურ სტრუქტურებთან, დაბალ ანაზღაურებასთან და შეზღუდულ შესაძლებლობებთან. თუმცა ბოლო წლებში აღნიშნულ ახსნას დაემატა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური რეალობა და მოქალაქეების პოლიტიკური დევნის უმძიმესი და მასშტაბური გამოცდილებები.

ამ ყველაფრის ფონზე 1 მაისი საქართველოში აღარ შეიძლება განიხილებოდეს როგორც ნეიტრალური ან მხოლოდ ისტორიული დღე. ის არის შეხსენება იმისა, რომ შრომა კვლავ რჩება პოლიტიკური ბრძოლის ველად. ოლიგარქიული ეკონომიკური სტრუქტურები, დასუსტებული ინსტიტუტები, ავტორიტარული პრაქტიკები და გლობალური შრომითი უთანასწორობა ქმნის ერთიან სისტემას, სადაც ადამიანის შრომა ხშირად კარგავს თავის ღირსებასა და უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ არსებითია პოლიტიკურ დღის წესრიგში შრომის დაცულობის, სამართლიანობისა და დემოკრატიულობის საკითხების კიდევ ერთხელ დაბრუნება და მოთხოვნა, რაც შეუძლებელია შრომის კოლექტიური ძალის გაძლიერებისა და ეკონომიკური ძალაუფლების გადანაწილების გარეშე.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“