საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
1 მაისი, შრომის საერთაშორისო დღე, კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმისა, რომ საქართველოში მშრომელთა ინტერესები უგულებელყოფილი, ხოლო უფლებები - დაუცველია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შრომითი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, ხოლო შრომის ინსპექციამ კვლავ დაიწყო ფუნქციონირება, სამუშაო ადგილებზე ბევრი არაფერი შეცვლილა:
2020 წლის შრომის რეფორმიდან სამი წლის შემდეგ, რომელიც, თავის დროზე, მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა, ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ არსებით გაუმჯობესებას პრაქტიკაში, ხოლო გარკვეული საკითხები პრობლემურად რჩება კანონმდებლობის დონეზეც კი.
შრომის ინსპექცია, რომლის მანდატი სრულად 2021 წლიდან ამოქმედდა და რომელიც იმავე წელს, უმეტესად კოვიდ რეგულაციების ზედამხედველობით იყო დაკავებული, კვლავ სუსტია და შრომითი უფლებების ეფექტურ აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს.
არა ერთი დასაქმებული ჯგუფის ყოველდღიურობაზე ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ დამსაქმებლები პატივს არ სცემენ მშრომელების უფლებებს, ამუშავებენ მათ ზეგანაკვეთურად - დამატებითი ანაზღაურების გარეშე, არ აძლევენ შესვენების, შვებულების, „ბიულეტენის“ სხვა უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობების გარდა, პრობლემურია შრომის ანაზღაურება, რომელიც ღირსეული ცხოვრების გარანტიებს ვერ ქმნის. საქართველოში არ მოქმედებს მინიმალური ხელფასის რეგულაცია (გარდა სამედიცინო სექტორისა), რომელიც დამსაქმებელს ადეკვატური და ღირსეული ხელფასის გადახდას აიძულებდა. შედეგად, ვიღებთ მძიმე შრომას, რომელიც სათანადოდ არ ანაზღაურდება და მშრომელებს თვიდან თვემდე თუ გააქვთ თავი, რომ აღარაფერი ვთქვათ, დანაზოგზე და სამომავლო ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვაზე.
საქართველოში შრომისუნარიანობის დაკარგვა, ან სხვა მიზეზით მუშაობის შეწყვეტა, რიგითი მშრომელისთვის სარჩოს დაკარგვას ნიშნავს: აქ არ მოქმედებს სოციალური დაცვის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა უმუშევრობის დაზღვევა ან უმუშევრობის დახმარება, რომელიც შრომის ბაზარს დროებით გამოთიშულ მშრომელს გარკვეულ სტაბილურობას შეუქმნიდა და მუშაობის ხელახლა დაწყებამდე სრულიად უსახსროდ არ დატოვებდა.
დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში რიგითი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მძიმე ტვირთად იქცა უძრავი ქონებისა და პროდუქტებზე ფასების მატება დედაქალაქში, სადაც სამუშაო ადგილების უმეტესობა იყრის თავს და სადაც მშრომელები რეგიონებიდან ჩამოდიან, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობის სიმცირის გამო.
ამასთან, ვინაიდან დედაქალაქშივეა თავმოყრილი უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა, ქირის საფასურის მატება აძნელებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას მშრომელი ოჯახების შვილებისთვის და დამატებით სირთულეებს ქმნის, მომავალში მათი სათანადო განათლებისა და დასაქმების კუთხით.
მძიმე შრომა, დაბალი ანაზღაურება, ინფლაცია, საცხოვრებელი ხარჯების ზრდა და სოციალური დაცვის სისტემების არარსებობა რიგით მშრომელებს არამხოლოდ მძიმე და უთანასწორო სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ამყოფებს, არამედ ლახავს მათ ღირსებს, ამცირებს სოციალური მობილობის და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შანსებს.
ამ ყველაფრის ფონზე, გასაკვირი არაა, რომ, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, მოქალაქეებისთვის სიღარიბე, ინფლაცია, მაღალი ფასები და უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია.
შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო თვეებში ჩვენ არა ერთი დასაქმებული ჯგუფის გაფიცვა ვიხილეთ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით; გაიფიცნენ ბორჯომის, საირმის, ვოლტის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის და სხვაგან დასაქმებულები, რაც სწორედ მაღალი ინფლაციის პირობებში შექმნილ მძიმე სოციალურ რეალობაზე პასუხი იყო მშრომელების მხრიდან.
მიუხედავად ამისა, საკითხები, რომლებიც რიგით მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ არ შემოდის პოლიტიკურ დღის წესრიგში და იშვიათად ხდება მედია ყურადღების ობიექტი. ჩვენი დაკვირვებით, არც ერთი ძირითადი პოლიტიკური პარტია არ ასახავს და გამოხატავს რიგითი მშრომელების ინტერესებს და არ ცდილობს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების აქტუალიზებას.
დაუფასებელი შრომა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც თან პოლიტიკური პროცესებისგან გაუცხოება ახლავს, მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს.
მიგვაჩნია, რომ არსებული მძიმე მდგომარეობა უნდა გახდეს სიგნალი სახელმწიფოსთვის და პოლიტიკური აქტორებისთვის დაიწყონ მუშაობა ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე, მათ შორის, პირველ რიგში, იმ გამოწვევებზე, რაც რიგითი მშრომელების წინაშე დგას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დღესაც კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას ყველა მშრომელს! ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას შრომითი უფლებების დაცვაზე და რიგითი მშრომელების მდგომარეობის სისტემურ გაუმჯობესებაზე.
ინსტრუქცია