[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / მედია

ლეგალური შრომითი ექსპლუატაცია

 

 შრომა ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების განუყოფელი ნაწილია. სამართლებრივი წესრიგი აღიარებს ყველას უფლებას, თავისუფლად აირჩიოს სამუშაო, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, სათანადო ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მას და მისი ოჯახის კეთილდღეობას და არ ხელყოფს მის ღირსებას. შრომის უფლების თანამედროვე გაგება შრომას, უპირველესად, ადამიანის თავისუფალი განვითარების, თვითრეალიზების საშუალებად მოიაზრებს და არა ადამიანის საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად.

შრომითი ურთიერთობა უთანასწორო პირობებში მყოფი სუბიექტების სამართლებრივი ურთიერთმიმართების სახეა. დამსაქმებელის ფინანსური, ტექნიკური და მატერიალური ბერკეტის წინაშე დასაქმებული ყოველთვის „სუსტი რგოლია“. ბალანსის აღდგენისა და უთანასწორობის გათანაბრებისთვის დასაქმებულს ზურგს უფლებრივი ჩარჩო და მისი დაცვის მექანიზმები უნდა უმაგრებდეს. ბოლო პერიოდში საქართველოში შრომითი კანონმდებლობა უმჯობესდება. თუმცა სავაჭრო ქსელ „იოლის“ შემთხვევამ აჩვენა, რომ შრომის კანონმდებლობა ამ ფუნქციას ვერ ასრულებს და დასაქმებულთა მინიმალური უფლებების დაცვას დამსაქმებლის კეთილსინდისიერების იმედად ტოვებს.

„იოლის“ ქსელში არსებული მძიმე სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ[1] საზოგადოების მხრიდან  კრიტიკა, პირველ რიგში, დამსაქმებელს შეეხო, რომელიც დასაქმებულებთან ხელშეკრულებას ფაქტობრივად კაბალური პირობებით დებს, თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. „იოლი“ შესაძლოა, რიგ შემთხვევაში, მართლაც არღვევს შრომის კოდექსს, თუმცა მნიშვნელოვანია კანონმდებლობის იმ ნაწილების გააზრება, რომელიც ფაქტობრივად გზას უხსნის დამსაქმებლის ასეთ თვითნებობას და კრიტიკის სამიზნედ დამსაქმებელთან ერთად სახელმწიფოსაც აქცევს.

მოქმედი კანონმდებლობით, სათანადოდ არ არის მოწესრიგებული მინიმალური ხელფასის საკითხი, დადგენილი არ არის საათობრივი ანაზღაურების ქვედა ზღვარი, განსაზღვრული არ არის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტი და დღიური სამუშაო დროის ნორმა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის პრობლემათა რთულ სისტემას და კაბალური შრომითი პირობების დადგენის საშუალებას იძლევა.

პრობლემათა სისტემურობა ადასტურებს სახელმწიფოს გულგრილობას, დაიცვას დასაქმებული შრომის შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურებისაგან. კონსტიტუციის მოთხოვნას, განისაზღვროს შრომის სამართლიანი ანაზღაურება, პრეზიდენტის ბრძანებულება მინიმალური ხელფასის 20 ლარის ოდენობით განსაზღვრით პასუხობს. ათეული წლებია ეს ბრძანებულება არ შეცვლილა და მისი ქვედა ზღვარი საარსებო შემწეობაზე რამდენჯერმე დაბალია. ასეთი რეგულაციის შედეგად დღეს „იოლის“ სავაჭრო ქსელში დასაქმებულ მოლარე-კონსულტანტს, რომელიც თან დამლაგებელია და ზოგჯერ დაცვის ფუნქციის შეთავსებაც უწევს, საათში მხოლოდ 1 ლარს და 80 თეთრს უხდიან და ამით ექსპლუატაციას უწევენ მის შრომას.

მოქმედი შრომის კოდექსი არ აწესრიგებს ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ზედა ზღვარს, რის გამოც შესაძლებელია არაგონივრულად ბევრი სამუშაო დრო სრულიად კანონიერი იყოს, როგორც ეს „იოლის“ შემთხვევაშია. კანონმდებლობა უშვებს, რომ დამსაქმებელმა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ნორმად გადააქციოს. ამის საპირწონედ კი არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დაიცავდა დასაქმებულს სამუშაოს განუსაზღვრელი ვადით შესრულებისაგან. იოლის შემთხვევაში, ცვლებით დადგენილი განრიგით, დასაქმებულებს მუდმივად უწევთ ზეგანაკვეთური შრომის გაწევა. „იოლის“ მოლარე-კონსულტანტები კვირაში ფაქტობრივად 60 საათს მუშაობენ და ეს კანონიერია, რადგან ამას მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს.

კანონი ასევე არ ადგენს ზეგანაკვეთური შრომის სათანადო ანაზღაურების ვალდებულებას და მისი ანაზღაურებისას მხოლოდ სამუშაოს ხელფასის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურების წესს ადგენს. შედეგად, ზეგანაკვეთური შრომა რეგულარულ შრომასთან შედარებით, შესაძლოა მხოლოდ სიმბოლურად, 1 თეთრით მეტი ოდენობით ანაზღაურდეს, რაც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. „იოლში“ დასაქმებულები ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სრულიად გაუმჭვირვალე სისტემაზე საუბრობენ. შესაბამისად, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მტკიცების ბერკეტი, გაამართლოს უსამართლო ანაზღაურება, ისევ დამსაქმებლის ხელშია, რაც დასაქმებულისათვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადენს უფლებების დასაცავად ბრძოლაში.

შრომის კოდექსი არც დღიური სამუშაო დროის ზედა ზღვარს ადგენს, რაც შრომის უფლების დამცავი ყველა საერთაშორისო აქტის მინიმალური და ფუნდამენტური მოთხოვნაა. ეს საშუალებას აძლევს დამსაქმებელს, დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად განსაზღვროს ზედა ზღვარი, რაც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე თანხმობის შემთხვევაში,  ფაქტობრივად, ულიმიტო ხდება. საკანონმდებლო ხარვეზი კარგად ჩანს „იოლის“ მოლარე-კონსულტანტების შემთხვევაში, რომლებიც დღეში ფაქტობრივად 12 საათს მუშაობენ.

შრომის კოდექსის მიხედვით, სპეციფიკური დარგის საწარმოს შეუძლია 40-საათიანი ნორმირებული სამუშაო კვირის 48 საათამდე გაზრდა. იმის გამო, რომ ეროვნული კანონმდებლობა ნათლად არ გაწერს სპეციფიკური საწარმოს ცნებას და მხოლოდ დარგებს ჩამოთვლის, ამ სფეროში მომუშავე დამსაქმებლები მარტივად ახერხებენ საკუთარი უფლების დასაბუთებას 48-საათიანი ნორმირებული სამუშაო კვირის სამართლიანობის შესახებ და ამაში ეროვნული კანონმდებლობის სისუსტეც უწყობთ ხელს. „იოლი“ საკუთარ თავს სპეციფიკური დარგის საწარმოდ განიხილავს  და დასაქმებულებისათვის 48-საათიან სამუშაო კვირას ადგენს.

60-საათიანი სამუშაო კვირა და 12-საათიანი სამუშაო დღე მინიმალური ანაზღაურებით შრომითი ექსპლუატაციაა. მას არაფერი აქვს საერთო შრომის სამართლიან პირობებთან, ხოლო დასაქმებულის მიერ გამოხატულ ნებას - თავისუფალ ნებასთან. ამგვარ პირობებზე დათანხმებას, როგორც წესი, შემოსავლის უკიდურესი საჭიროება განაპირობებს. ეს მდგომარეობა, ერთი მხრივ, დასაქმებულს აიძულებს სამუშაო ადგილის შენარჩუნებას,  მეორე მხრივ კი, ამ მდგომარეობას აქვს რესურსი, მარტივად გადაიზარდოს გაცნობიერებულ და სამართლიან პროტესტში.

„იოლის“ შემთხვევა კარგად წარმოაჩენს, რომ კანონმდებლობით დადგენილი შრომის სამართლიანი პირობების გარანტიები, ხშირ შემთხვევაში, კანონმდებლის ილუზიაა და კოდექსის ფურცლებს იშვიათად სცდება. დასაქმებულის დასაცავად შექმნილი შრომის კოდექსი დამსაქმებლის ინტერსებს ემსახურება და  შრომით ექსპლუატაციას სრულიად დასაშვებად აქცევს.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------პუბლიკაცია მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“