საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
С статьей целиком на русском языкe можете ознакомится во вложенном файле.
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წლისთავზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების შესახებ ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკოსების განწყობებზე, კონფლიქტის მოგვარების წინაპირობებზე და ომით დაზარალებულთა სოციალურ დაცვაზე, თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორი ნეტგაზეთთან საუბრობს:
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წლის შემდეგაც, ქართული საზოგადოების განწყობები ომის მიზეზებსა თუ კონფლიქტის მოგვარება/ტრანსფორმაციაზე არ არის ერთსულოვანი. თქვენი შეფასებით, დღეს, სამი ათწლეულის შემდეგ, რა დომინანტური ხედვები არსებობს საზოგადოებაში 1992-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით?
პირველ რიგში, ალბათ, უნდა ითქვას ის, რომ 90-იანი წლების კონფლიქტებზე, მის მიზეზებზე, ფაქტორებზე და პასუხისმგებლობებზე ჩვენ ვმსჯელობთ ერთგვარი სიცარიელიდან. საქართველოში, რომელმაც დამოუკიდებლობის შემდეგ შეიარაღებული კონფლიქტების, სამოქალაქო ომის, ავტორიტარიზმებისა და მასობრივი ძალადობის უმძიმესი ისტორია გამოიარა, სიმართლის დადგენისა და წარსულზე შეთანხმების პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი არ შემდგარა. აქ ვგულისხმობ აღდგენითი, ანუ ტრანსფორმაციული მართლმსაჯულების პოლიტიკას, რომელიც წარსულის შესწავლასა და სიმართლის დადგენას, დამნაშავე პირების დასჯას, მსხვერპლების დაცვასა და უფლებებრივ აღდგენას (რეპარაციას), და პოლიტიკური და სასამართლო სისტემების რეფორმირებით მსგავსი დანაშაულის/ძალადობის სისტემურ პრევენციას გულისხმობს.
ამ პროცესის გავლა ცხადია, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენისთვის, ახალი ძალადობის არდაშვებისთვის, მსხვერპლების უფლებების დაცვისა და პატივისცემისთვის, წარსულის კოლექტიური ტრავმებისგან საზოგადოების გათავისუფლებისთვის. თუმცა მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების დემოკრატიზაციისთვის, ელიტების ანგარიშვალდებულებისთვის და ძირეული მშვიდობის დამყარებისთვის.
ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ არ გვაქვს ის პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო, შეთანხმება, ერთგვარი ლეგიტიმური ლინზა, რომელზე დაფუძნებითაც 90-იანი წლების კონფლიქტებზე შეგვიძლია ფიქრი, საუბარი და შეფასება.
ამასთან, ჩვენთან არ არსებობს ისეთი გაზიარებული ცოდნა და ხედვა კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომელიც თუნდაც საზოგადოებრივ დონეზეა შეთანხმებული და აქტიურად განხილვადი. აქ უკვე არა პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებს, არამედ საზოგადოებრივ, სამოქალაქო პროცესებს ვგულისხმობ. ჩვენი უახლესი ისტორიის ამ ტრავმატულ გამოცდილებაზე თითქმის არაფერი ისწავლება საჯარო სკოლებში და უნივერსიტეტებშიც კი. მწირია ინტერდისციპლინური და კრიტიკული კვლევების რესურსებიც (ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ბოლო წლებში საინტერესო პოზიტიური გამოცდილებებიც ჩნდება აკადემიაში და სამოქალაქო ორგანიზაციებში).
ტრავმები, რომელიც გააზრებული არ არის, მუდმივი ტკივილის, სირცხვილის და რაც ყველაზე მძიმეა – ამ ტრავმების გაცოცხლებისა და ხშირად პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის, ანუ მათი პოლიტიკური გამოყენების მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხედვები კონფლიქტებთან დაკავშირებით სიცარიელეს და ტრავმებს უფრო ეფუძნება და ამ მდგომარეობის გადალახვა რთული იქნება სახელმწიფოს მხრიდან კარგად გააზრებული ტრანსფორმაციული პოლიტიკის გატარების გარეშე.
ამ პოლიტიკამ ერთი მხრივ, აღდგენითი მართლმსაჯულების ასპექტები უნდა მოიცვას (პირველ რიგში სიმართლის დადგენა, მსხვერპლების დაცვა და უფლებებში მათი აღდგენა, და აქ მსხვერპლები კონფლიქტების ორივე მხარეს უნდა დავინახოთ) და მეორე მხრივ, მხარი დაუჭიროს ნდობისა და ნამდვილი მშვიდობის მშენებლობას, დამოუკიდებელ აკადემიურ მუშაობას და აზრის პლურალიზმს ამ სფეროში, საზოგადოებრივ დისკუსიებს ჩვენი სახელმწიფოს მოწყობის პარადიგმებზე და უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ იდეებზე (სამოქალაქო ნაციონალიზმი, ტერიტორიული მოწყობა, დემოკრატია, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ა.შ.), რომელიც რელევანტურია გამყოფი ხაზის იქით მცხოვრები საზოგადოებებისთვის.
მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების მოგვარება ნამდვილად პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციას, კეთილდღეობას და სოციალურ სამართლიანობას, თანასწორობის პოლიტიკის განუხრელ გატარებას, რომელიც სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ ჯგუფებს რეალურ თანასწორობას აძლევს და მათ უფლებების, რესურსებისა და ძალაუფლების ნამდვილი გადანაწილების და მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
არც ერთი ეს პროცესი ჩვენს რეალობაში არ მიმდინარეობს და რაც უფრო მეტი დრო გადის, საჯარო ინტერესი და განხილვები ამ საკითხებზე სულ უფრო მეტად მცირდება.
რაც შეეხება უფრო ზუსტად თქვენს კითხვას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ დომინანტურ წარმოდგენებზე, ამ კუთხით გაბატონებული ხედვები ორ ძირითადად ნარატივზე დგას: 1. კონფლიქტის სრულად რუსეთის ფაქტორზე დაყვანა და რუსეთის ფაქტორით მისი ახსნა – რომ ავტონომიური რესპუბლიკისა და ოლქის სტატუსის მიცემა აფხაზეთისთვის და შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისთვის საბჭოთა კავშირის მიერ წინასწარ ჩადებული ნაღმი იყო ტერიტორიული კონფლიქტების გასაჩენად საქართველოში და მასზე გავლენის მოსახდენად; რომ შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში რუსეთის პროვოცირებით და მონაწილეობიით მოხდა და სხვა შემთხვევაში ის არ მოხდებოდა. ეს ნარატივი კონფლიქტის ისტორიაში გამორიცხავს ქართული მხარის პასუხისმგებლობას და პრინციპში, გადამალავს აფხაზური მხარის პასუხისმგებლობსაც; 2. აფხაზური ელიტის, როგორც სეპარტისტების დანახვა, რომელმაც ისარგებლეს 90-იანი წლების პოლიტიკური რყევებით საქართველოში და მათ „მზაკვრულ“ ჩანაფიქრს საბოლოოდ მიაღწიეს. ამ წარმოდგენაშიც თითქმის არაფერია ნახსენები ქართული პოლიტიკური ელიტების პასუხუსმგებლობაზე.
ეს ორივე ხედვა გამორიცხავს კონფლიქტის სტრუქტურულ ანალიზს, რაც მისი ისტორიული, პოლიტიკური, ტერიტორიული, ეკონომიკური მიზეზებისა და ფაქტორების ახსნას საჭიროებს. სწორედ ამგვარ მრავალშრიან ანალიზს აქვს მხოლოდ შესაძლებლობა კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციის.
აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიის ერთი თვალის შეხედვაც კი აჩვენებს, რომ ეს კონფლიქტი არ დაწყებულა 90-იან წლებში და მისი ნიშნები ჩანდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და საბჭოთა პერიოდშიც, განგრძობითად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აფხაზებს ჰქონდათ აშკარა უკმაყოფილება იმ პოლიტიკურ სხეულთან და ადგილთან დაკავშირებით, რომელსაც მათ თბილისი და მოსკოვი სთავაზობდა. არსებობდა მუდმივი უკმაყოფილებები პოლიტიკურ სტატუსთან, დემოგრაფიულ პოლიტიკასთან, პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან, ენის და განათლების უფლებასთან დაკავშირებით და არსებობდა მუდმივდი ნდობის კრიზისი თბილისთან, როგორც ცენტრთან.
კონფლიქტი განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა და უმძიმესი პოლიტიკური და სამხედრო ფორმა მიიღო, როცა საბჭოთა სისტემის დაშლა დაიწყო და აფხაზურმა და ქართულმა პოლიტიკურმა ელიტებმა ახალ სახელმწიფოში თანაარსებობის და ძალაუფლებისა და რესურსების გადანაწილების საკითხზე შეთანხმება ვერ შეძლეს.
კონფლიქტის მიზეზებს შორის შემოდის სუსტი და ჩამოშლილი სახელმწიფოს მდგომარეობა, პოლიტიკურ რყევებისა და დესტაბილიზაციის კონტექსტი, ქართული ეთნონაციონალიზმი და მისი აშკარად უსამართლო, დისკრიმინაციული და შოვნისტური გამოვლინებები 90-იან წლებში, კავკასიის რეგიონში დაწყებული სხვა კონფლიქტების კონტექსტი და ა.შ. ცენტრსა და პერიფერიას შორის ნდობის შენებას, ახალ სახელმწიფოში თანააარსებობას ახალ ხედვებსა და წესებზე შეთანხმება სჭირდებოდა, რაც მაშინ ვერავინ შეძლო.
საბჭოთა კავშირი მოულოდნელად დაიშალა და ისედაც ფრაგმენტიზებულ, კონფლიქტურ და სუსტ ეროვნულ მოძრაობას და ახალ მთავრობას, ამაზე ფიქრისა და ორგანიზების რესურსი არ ჰქონდა. ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი ცხადია, პირველ რიგში თბილისს, როგორც ცენტრს ეკუთვნოდა. გაუმართლებელი იყო აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანა და კონფლიქტისთვის სამხედრო შინაარსის მიცემა თბილისის მხრიდან. ეს იყო საბედისწერო შეცდომა.
ბუნებრივია, მე არ უარვყოფ აქ საბჭოთა კავშირის და რუსეთის პასუხისმგებლობას, არც აფხაზური ელიტების. მე ყოველგვარი ერთგანზომილებიანი ინტერპრეტაციის წინააღმდეგი ვარ.
ცხადია, რომ საბჭოთა ნაციონალიზმს და ეთნო-ფედერალიზმს ძლიერი გავლენა ჰქონდა ქართული და აფხაზური ეთნიკური და ეროვნული იდენტიფიკაციების შექმნაზე. ეთნიკური და ეროვნული იდენტობის ამგვარმა გაგებამ ეთნიკური იდენტობა ტერიტორიულობის პრინციპს მიაბა და ამავდროულად, მას პრიმიტიული, პრიმორდიალური გაგება მისცა, რომელიც ეთნიკურობას ბიოლოგიური და ტერიტორიული ასპექტებით ხსნის და მას უხსოვარი დროიდან არსებულ და მყარად, უცვლელად მოცემულ კატეგორიად განიხილავს ქართული ნაციონალიზმი, ისევე როგორც აფხაზური ნაციონალიზმი სწორედ საბჭოთა ნაციონალიზმის მატრიცითა და ლოგიკით არის აგებული და გაგებული.
ცხადია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს სამხრეთ კავკასიაში და შავ ზღვაზე სამხედრო გავლენების შენარჩუნება სჭირდებოდა და აფხაზეთის რეგიონი მისთვის სტრატეგიულად საინტერესო ადგილი იყო ამ გაგებით; ცხადია, რომ რუსეთის ინტერესებში იყო კონფლიქტის რეგიონებზე გავლენის შენარჩუნების გზით, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ინტერვენცია და კონტროლი; ისიც ცხადია, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ადგილი ჰქონდა სამხედრო დახმარების ეპიზოდებსა და რუსეთიდან დაქირავებული შეიარაღებული მოხალისეების მონაწილეობას, დიდი რაოდნეობით.
თუმცა ამ კონტექსტებისა და ფაქტორების მიღმა, მნიშვნელოვანია ამ პროცესზე უფრო ფართო და მრავალშრიანი მსჯელობა, რომელშიც გაანალიზებული იქნება ყველა მხარის და აქტორის როლი, ახალი სტრუქტურული ცვლილებების გავლენა მათზე და ის მოლოდინები, შიშები და უნდობლობა, რომელიც სისტემის დესტაბილიზაციასთან ერთად წარმოიშვა. აფხაზეთში კონფლიქტი ელიტებს შორის არსებობდა და მან სოციალური შინაარსი მოგვიანებით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მიიღო. სწორედ ამიტომ პოლიტიკური, ეკონომიკური, ტერიტორიული, ნაციონალური საკითხების, დისკურსებისა და კონტექსტების გარეშე მის ახსნას ვერ შევძლებთ.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შიდა კონფლიქტებსა და მისი მოგვარების გზებზე თითქოს ახალი დისკუსია გახსნა ქართულ საზოგადოებაში. საზოგადოების ნაწილმა აფხაზეთში ქართველთა გენოციდზეც აქტიური საუბარი დაიწყო [აქცია “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”] მახსოვს თქვენ მიერ გამოთქმული კრიტიკული პოზიციაც ამ საკითხზე. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რა ნაწილში არ ეთანხმებით მათ და რატომ ფიქრობთ, რომ მსგავსი კამპანიები არ წაადგენა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას?
აქ პირველ რიგში, კითხვა უნდა დავსვათ კამპანიის მიზნებთან და სერიოზულობასთან დაკავშირებით. კამპანია მხოლოდ საჯარო შეხვედრების, ფილმებისა და გამოფენების ჩვენებას მოიცავს და არ აქვს მკაფიო და კონკრეტული პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნები. 90-იანი წლების უმძიმესი გამოცდილების გახსენების მიღმა, მისი პოლიტიკური და სამართლებრივი ამოცანები რა არის, ჩემთვის გაუგებარია. მით უფრო, რომ ამას აკეთებს პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებსაც მართვის და კონფლიქტების თემაზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, და წესით, უფრო ზუსტები და საქმიანები უნდა იყვნენ.
აფხაზეთში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა აღიარებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით. მათ შორის, ეუთოს ბუდაპეშტის (1994), ლისაბონის (1996) და სტამბოლის (1999) სამიტების რეზოლუციებით; ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის 2008 წლის 29 მაისის და შემდგომი წლების მსგავსი რეზოლუციებით.
ყველა ამ დოკუმენტში დაფიქსირებულია აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ფაქტი.
მაგალითად, ლისაბონის სამიტის დეკლარაციაში ვკიხულობთ: ჩვენ ვგმობთ „ეთნიკურ წმენდას“, რომელიც გამოიხატება აფხაზეთში ძირითადად ქართველი მოსახლეობის მასობრივი განადგურებითა და იძულებითი გაძევებით.“ 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში ეუთოს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ასევე წერია: „გადაჭრით ვგმობთ „ეთნიკურ წმენდას“, როგორც ეს ფორმულირებულია ბუდაპეშტისა და ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრებზე, რამაც გამოიწვია აფხაზეთში, საქართველო, ძირითადად ქართული მოსახლეობის განადგურება და იძულებითი გაძევება.“
გაეროს ექსპერტთა კომისიის განმარტებით, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის პრაქტიკას იძიებდა, ეთნიკური წმენდა არის: „წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ერთი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის, სასტიკი მოპყრობით ან ტერორის გზით, განდევნას სხვა ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის მიერ გარკვეული გეოგრაფიული არიდან. ძირითადად ეს ხდება ცრუ ნაციონალიზმის, ისტორიული წყენისა და შურისძიების მძლავრი მამოძრავებელი გრძნობის სახელით. ამ ქმედების ნამდვილი მიზანი ტერიტორიის ოკუპაცია და მისი გარკვეული ჯგუფებისაგან გაწმენდაა.“
კომისიის განმარტებითვე, ეთნიკური წმენდა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ქმნის და შეიძლება გაუთანაბრდეს ომის დანაშაულებს. უფრო მეტიც, ეს ქმედებები შესაძლოა გენოციდის შესახებ კონვენციის მოქმედების ქვეშაც კი მოექცეს.
ამავე კომისიის ექსპერტების განმარტებით, გენოციდად აღიარებისათვის მსხვერპლი უნდა იყოს კონკრეტული უმცირესობის ჯგუფი, რომელიც არ წარმოადგენს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უმრავლესობის ნაწილს. ამასთან, ეთნიკური წმენდის დანაშაულში (რომელიც დამოუკიდებელი დანაშაული არ არის, და როგორც წესი, ის სხვა სამხედრო დანაშაულებს უთანაბრდება) წამყვანი მიზანი კონკრეტული ადგილიდან კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის განდევნა უფროა, ვიდრე განადგურება. განადგურება კი უფრო გენოციდის შემთხვევაშია დომინანტური მიზანია. სწორედ ეს ინტერპრეტაციაა მიზეზი იმისა, რომ აფხაზეთში ქართველთა დევნის აღსაწერად ტერმინი “ეთნიკური წმენდა” უფრო მეტად გამოიყენება. და როგორც თავშიც აღვნიშნე, ეთნიკური წმენდის შესახებ მკაფიო შეფასება არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში გვხდება.
როგორც ვთქვი, ევროპული საქართველოს, ტაბულას და სხვა აქტორების მიერ დაწყებული კამპანია გენოციდის აღიარებას საზოგადოებრივი კამპანიის ფორმატით ითხოვს და მას არ აქვს სამართლებრივი შინაარსი ან სამართლებრივი პროცედურის დაწყების მოთხოვნები. ამ პირობებში კი რა სამართლებრივი მიზნის მიღწევა უნდათ კამპანიის ლიდერებს და როგორ წარმოუდგენიათ ის, ბუნდოვანი რჩება.
რაც შეეხება ამ კამპანიის პოლიტიკურ ნაკლოვანებას, მისი ძირითადი პრობლემა სწორედ კონფლიქტის ზემოთ აღწერილ მრავალშრიან განხილვაზე უარის თქმაა. ის სრულად ჯდება იმ გაბატონებულ წარმოდგენაში, სადაც ყველაფერი რუსეთის ფაქტორით აიხსნება და კონფლიქტის ადგილობრივ კონტექსტებსა და პასუხისმგებლობებს სრულად გამორიცხავს. კამპანია სრულად ბრმაა ქართული პოლიტიკური ელიტის და შეიარაღებული ჯგუფების ლიდერების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიმართ. ის ამ შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზური მხარის პერსპექტივას და შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზი ხალხის ტრავმას და ტკივილს ასევე, სრულად უგულებელყოფს. და დიახ, შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, უსაფრთხოება სევე იყო დარღვეული და ჩვენ გვყავს მსხვერპლები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის იქითა მხარესაც.
კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკისთვის და თანაცხოვრებისთვის მსხვერპლობის ამ მხარის დანახვა არსებითია. თუმცა, ევროპული საქართველოს არაერთ განცხადებაში გამოჩნდა, რომ ეს ჯგუფი აფხაზურ საზოგადოებას არც მხარედ და არც საკუთარ მოქალაქეებად, არ ხედავს. ეს კონფლიქტის მხოლოდ ტერიტორიული (და არა ადამიანური) პერსპექტივით დანახვის კიდევ ერთი უხეში მაგალითია.
აქ კიდევ ერთი, სოციალური, ვიტყოდი, აფექტური შრეა. მსხვერპლების სახელით საუბარი და მათი ტკივილის და ტრავმის გახსენება, თუ მას თან არ ახლავს მათთან დემოკრატიული და ხანგრძლივი დიალოგი, თუ მას არ მოჰყვება კონკრეტული სამართლებრივი შედეგები მათთვის (დადგენილი პროცედურით) და შესაბამისად, უფლებების აღდგენა და რეაბილიტაცია, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი?! მე პირადად, სადაც კი დევნილებთან მქონდა შეხება ამ პერიოდში, ყველგან ამბობდნენ, რომ უკრაინის ომის დროს მათ ძველი ტკივილები ისედაც გაეხსნათ, და ეს პროცესი, რომელიც კამპანიის ფარგლებში დაიწყეს, კიდევ უფრო მძიმე გახდა მათთვის.
ყველაზე მძიმე გრძნობებთან საჯარო შეხება თუ პროცესს რეალური პოლიტიკური და სამართლებრივი დანიშნულება და მიზანი არ აქვს, ამ გრძნობების და ტრავმების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას უფრო ემსგავსება. მით უფრო, რომ ეს პარტია არ გამოირჩევა თუნდაც დევნილებისა და ომის მსხვერპლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ინიციატივებით. ამ კამპანიის ფარგლებშიც ეს არც კი თქმულა.
საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველო, რომელიც მცირე და სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პარტიაა, ცდილობს წარმოჩინდეს როგორც მკვეთრად პროდასავლური, პროგრესული ლიბერალური პარტია (ამისთვის ის ცდილობს გამოიყენოს სხვადასხვა ღირებულებითი საკითხი მის ნიშის დასაკავებლად), თუმცა აგრესიული მემარჯვენე იდეები მას ყოველჯერზე აცლის ამ ნიშის დაკავების შესაძლებლობას და ერთგვარ ოქსიმორონს ვიღებთ.
სამშვიდობო დღის წესრიგი და ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგი, რომელიც უკანასკნელი მრავალი წლის განმავლობაში კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების დამსახურებით მიმდინარეობს, რამდენად არის თანხვედრაში დღეს საზოგადოების განწყობებთან, რომელიც, ალბათ, საბოლოო ჯამში სახელმწიფო პოლიტიკას ქმნის კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე? საკმარისია კი ეს მცირე საექსპერტო წრე იმისთვის, რომ ქვეყანამ არცერთ ეტაპზე არ იფიქროს ომზე?
კი, ეს დიდი პრობლემაა ნამდვილად. კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკას დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. პირველ რიგში მისი პრობლემა ის არის, რომ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით კარგად გააზრებული და შეთანხმებული პოლიტიკა არ გვაქვს. ენმ-ის პოლიტიკა განსაკუთრებით ომის შემდეგ, მეტწილად უსაფრთხოების და არაღიარების პარადიგმაზე იდგა. ქართულმა ოცნებამ ნდობის აღდგენისა და შერიგების დისკურსი და ელემენტები თითქოს უფრო მეტად შემოიტანა პოლიტიკაში, თუმცა, კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკაში ქართულ ოცნებას პრაქტიკულად ახალი სტრატეგია და პრაქტიკა არ ჰქონია. ტექნიკურადაც კი, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლებას ახალი სტრატეგიის დოკუმენტი არ მიუღია ამ დრომდე. საქართველოში მოქმედი სერვისების შეთავაზება გამყოფი ხაზის იქით მცხოვრები ადამიანებისთვის, რითიც დღეს ხელისუფლება კმაყოფილია, ასევე წინა წლებში დაწყებული პოლიტიკაა.
უფრო მეტიც, ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო კონფლიქტების მიმართულებით ხელშესახები შედეგების მიღწევა. 2012 წლის შემდეგ ბორდერიზაცია გაგრძელდა და უფრო ინტენსიური ფორმებიც კი მიიღო, ხშირია ე.წ. საზღვრის კვეთის გამო ადამიანების დაკავების შემთხვევები; გამშვები პუნქტების რაოდენობა შემცირდა და გადაადგილების პრაქტიკა ხალხებს შორის კიდევ უფრო შეიზღუდა; კონფლიქტის რეგიონების ჩაკეტვა და ჰუმანიტარული კრიზისები ყოველდღიურობა გახდა; არ შეცვლილა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობაც (გალი, ახალგორი); არ არსებობს კონფლიქტის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ახალი მეთოდები და მიდგომები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ამ საკითხებზე ხშირად დუმილს და პასიურობას ირჩევს; არ არსებობს პრინციპულად ახალი ურთიერთობები და კომუნიკაცია de facto მთავრობებთანაც; არ არსებობს ახალი ინიციატივები, რომელიც ნდობის შენებას და აფხაზებისთვის განვითარების ალტერნატიული რესურსების და შესაძლებლობების მიცემას შეუწყობდა ხელს (მით უფრო რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ფორსირების პირობებში, რაც თუნდაც ახლა ბიჭვინთის საკითხის გარშემო ძალიან აქტიურად ჩანს).
უფრო მეტიც, უკრაინის ომის შემდეგ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა და საზოგადოებაში არსებობს ეჭვები და ლეგიტიმური კითხვები მათი რეალური მისწრაფებების, ინტერესებისა და ნაბიჯების შესახებ. ნდობის კრიზისის მდგომარეობაში ცხადია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით ძირეულად ახლის და მნიშვნელოვანის გაკეთების შესაძლებლობა არ ექნება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკის მიუხედავად და მის ხარჯზეც, ქართული ოცნების ხელისუფლებამ კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკაში რაიმე გაუმჯობესებას ვერ მიაღწია. ცხადია, ამ პროცესზე გავლენას ახდენს პოლიტიკური პოლარიზებაც, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკაზე პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის შენების შესაძლებლობებს ამცირებს. კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით კი თანხმობაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკას კიდევ ერთი სირთულე აქვს. ის სრულად დახურულია და გასაიდუმლოებული. კონფლიქტების თემაზე თითქმის არ კეთდება ოფიციალური განცხადებები და განმარტებები; ხელისუფლების ნაბიჯებზე ამ მიმართულებით წვდომა სამოქალაქო ორგანიზაციებსაც კი არ გვაქვს. ამ პირობებში გარდა იმისა, რომ იკუმშება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ველი, იკუმშება საჯარო ინტერესი და ყურადღებაც ამ საკითხების მიმართ. ეს კი ამ საკითხების პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაქრობის რისკებს აჩენს.
უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის ბარბაროსული ნაბიჯების ფონზე, განცდა მაქვს, რომ იზრდება ჩვენი კონფლიქტების მხოლოდ რუსული ფაქტორით ახსნის დისკურსი და ცხადია, რომ ეს ავიწროებს ტრანსფორმაციული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას.
და რას ნიშნავს ტრანსფორმაციული პოლიტიკა?! ის კონფლიქტის მრავალშრიანი და არაცალმხრივი აღწერიდან ამოდის და ცდილობს საზოგადოებების შიგნით მიაღწიოს სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცვლილებებს მშვიდობის სასარგებლოდ (ეთნონაციონალიზმის, შოვინიზმის, მილიტარიზმის, პატრიარქატის დასაძლევად); ის ცდილობს კონფლიქტის მეორე მხარე დაინახოს აქტორად და საერთო ინტერესებისა და დღის წესრიგის სივრცეები მოძებნოს; ის თემების შიგნით ნამდვილი უსაფრთხოების შენებას ცდილობს და თემთა შორის დიალოგსა და ნდობის შენებაზეა მიმართული.
რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ეს აზრი, მნიშვნელოვანია ჩვენ ამ თემაზე ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რუსეთის, როგორც აქტორის გარდა არსებობენ სხვა აქტორებიც – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტები და მათი აგენტობის აღიარება და მათთან დიალოგი მნიშვნელოვანია. რომ ჩვენ, როგორც “მშობელ” სახელმწიფოს გვეკისრება პოზიტიური ვალდებულებები ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად; რომ კონფლიქტის მძიმე გამოცდილების შემდეგ ნდობის შენება ადგილობრივი საზოგადოებების რეალური ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს და ა.შ. სინამდვილეში ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ეს გადაწყვეტილება აქვს მისაღები:
ის არსებითად ცვლის კონფლიქტებთან დაკავშირებული პოლიტიკას ადამიანზე/თემზე ორიენტირებული, ნამდვილი მშვიდობისა და ტრანფორმაციის პერსპექტივებით, რომელიც კი ხანგრძლივი და რთული პროცესია, თუ რჩება მხოლოდ ტერიტორიულობისა და არაღიარების დისკურსში, რომელმაც 30 წელია შედეგი არ მოიტანა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს მიდგომა არ გამორიცხავს რუსეთისგან მომდინარე რისკების გამო, ეფექტიან და ქმედით უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკას.
როდესაც აფხაზეთის ომზე ვსაუბრობთ, ალბათ პირველი, ვინც გვახსენდება, დევნილები არიან, რომელთაც ნამდვილი ომის შემდეგ ახალი, მრავალწლიანი ომი გამოიარეს და დღემდე გადიან უბინაობასთან, სიღარიბესთან და ხელისუფლებასთან. თქვენი აზრით, სად, რომელ ნაწილშია საქართვეოს ხელისუფლებებიის ბრალეულობა, რომ ღირსეულ ცხოვრებას ასეც ვერ მიაღწია ამ ხალხმა?
დევნილების საკითხი ყველაზე მძიმე პოლიტიკური და სოციალური თემაა ჩემთვის. დევნილები ჩვენი მოსახლეობის 7%-ს შეადგენენ. დევნილები ჩვენ გვყავს აფხაზეთის, გალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან და 2008 წლის ომის შედეგად ოკუპირებული ქართული სოფლებიდან. ცხადია, რომ დევნილთა სხვადასხვა ჯგუფს დევნის, შევიწროებისა და მარგინალიზაციის სხვადასხვა ისტორია აქვთ. მათი მოლოდინებიც დაბრუნებასთან და ინტეგრაციასთან დაკავშირებით სხვადასხვაა. ამ დრომდე დევნილების ნახევარი ისევ არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით
ბოლო წლებში ჩანს მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ პრობლემა იმდენად კომპლექსური და დიდია, რომ მას სინამდვილეში სახელმწიფოსგან გაასმაგებული ძალისხმევის და რესურსების მობილიზება სჭირდება; დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს კოლექტიური ჩასახლების ადგილებში, რომელთა უმრავლესობაში სიცოცხლისთვის საშიში რისკები ძალიან მაღალია; ახლაც დევნილების სოციალური დახმარება მიზერული რჩება; დევნილების პოლიტიკური მონაწილეობა და წარმომადგენლობა სუსტია და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც კი თითქმის არ არსებობს მათი მონაწილეობის პოზიტიური პრაქტიკები; გააუქმეს დევნილთა სამინისტროც, რამაც დევნილების პოლიტიკის, როგორც პრიორიტეტული პოლიტიკის დარგის მნიშვნელობა შეამცირა.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო დევნილებს უფრო სოციალური სარგებლის მიმღებ, ბენეფიციარებად ხედავს, ვიდრე მოქალაქეებად. მათ შორის, სათანადოდ არ არის დანახული მათი როლი და ხმა კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში.
საინტერესოა, რომ 2015 წელს ISSA-ს მიე ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის თანახმად, დევნილების 57,3 % მიიჩნევდა რომ ისინი სრულყოფილად ინტეგრირებულები არიან, 33.3 % თვლიდა, რომ ისინი ნაწილობრივ არიან ინტეგრირებულები, 8,3 % კი არ მიიჩნევდა თავს ინტეგრირებულად. ინტეგრაციის შეგრძნება მაღალი იყო ქალაქში მცხოვრებ დევნილებში, ასევე დევნილებში უფრო მაღალი შემოსავლით და დევნილების ახალ თაობაში (60 წელს ზევით დევნილების მხოლოდ 47,9% აცხადებდა რომ სრულად იყო ინტეგრირებული, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 16-24 წლის ახალგაზრდებში 70,6 %). დევნილები ინტეგრაციას პირველ რიგში უკავშირებენ საცხოვრებლის, სათანადო პირობების მქონე ბინისა, სამედიცინო სერვისებისა და უსაფრთხოების არსებობას. ყველაზე ნეკლებად ინტეგრირებულად თავს 2008 წლის ომის დევნილები მიიჩნევენ.
როცა კონფლიქტების და ომის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, ცხადია, რომ პირველ რიგში კონფლიქტის მსხვერპლების რეალობაზე, წუხილებზე და საჭიროებებზე უნდა ვლაპარაკობდეთ. თუმცა პოლიტიკოსები, რომელიც ხმალამოღებულები საუბრობენ ომზე, მისი მსხვერპლების სოციალურ დაცვაზე დუმან. ეს ეხება ზემოთ ნახსენები კამპანიის ავტორებსაც, რომლებიც მემარჯვენე პოლიტიკური იდეებით გამოდიან და არა ერთხელ გაუმართლებიათ ანტისოციალური გადაწყვეტილებები და პოლიტიკები.
როდესაც ვსაუბრობთ კონფლიქტის მოგვარებაზე თუ ტრანსფორმაციაზე, სად ხედავთ თქვენ ამ მთელ პროცესში დევნილებს? რა როლი აქვთ მათ?
ვფიქრობ, რომ მათი როლი ორი პერსპექტივით არის განსაკუთრებით საინტერესო. პირველი ფაქტორი შემდეგია: ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ
ინსტრუქცია