საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
11აპრ
2023 წლის 11 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში მცხოვრებ მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს.
მოქალაქეებთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ხელმისაწდვომობა და საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხები. მცირემიწიანობის პირობებში, ადგილობრივებისთვის არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი რაოდენობის მიწა. ამასთან ერთად, ადგილობრივები წლების განმავლობაში მართლზომიერ მფლობელობას ახორციელებენ სოფელში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, თუმცა ვერ ახერხებენ საკუთრებაში რეგისტრაციას და ვერც იჯარით მიღებას. მსგავსი პრობლემები კი ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის გაფართოვებაში და განვითარებაში უშლის ხელს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ აგრეთვე მიუთითა, რომ მათთვის უცნობია მაღალმთიანი სოფლებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში გათვალისწინებული სოციალური შეღავათების შესახებ, რის გამოც ვერ სარგებლობენ ამ ბენეფიტებით. ადგილზე პრობლემურია სოციალური დახმარების მიღებაც, ადგილობრივების შეფასებით, ხშირად უარს ეუბნებიან სოციალური დახმარების გაცემაზე და არ რეაგირებენ მათ მიმართვებზე.
კლინიკის ფარგლებში ზემო ოროზმანის მოსახლეობის მიერ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად, სოფელში არსებული ინფრასტრუქტული საკითხები დასახელდა. სოფელში და გვერდით მდებარე სხვა სოფლებში არ არის საბავშვო ბაღი, მოშორებით მდებარე სოფლებში ან რაიონულ ცენტრში კი ვერ ხერხდება ბავშვების გადაყვანა. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, თუმცა საკითხი ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა გამოვლენილ პრობლემებზე ადგილობრივებს დეტალური სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს და რამდენიმე შემთხვევაში მოუმზადეს საჭირო სამართლებრივი დოკუმენტები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართავს მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების შეხვედრებს.
ინსტრუქცია