[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დმანისში და ბოლნისში იურიდიული დახმარების შეხვედრა გამართა

27აპრ

Cover image

2023  წლის 27 და 28  აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა დმანისისა და ბოლნისის მოსახლეობას იურიდიული დახმარების მობილური კლინიკის ფარგლებში სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს. შეხვედრები ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

მოქალაქეებთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ დმანისელებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს რაიონში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, კერძოდ საავტომობილო გზების მოუწესრიგებლობა და სასმელი წყლის ხარისხი. მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ დაიწყო წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია, რასაც უნდა მოჰყვეს სავალი გზების რეაბილიტაციაც. აღნიშნულ პროცესს ადგილობრივები დადებითად აფასებენ, თუმცა, მოქალაქეთა განმარტებით,  ვინაიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები საკმაოდ ხანგრძლივია (სავარაუდოდ რამდენიმე წელი), მნიშვნელოვანია სავალ გზებზე არსებული დაზიანებები დროებით მოწესრიგდეს, რათა ავტომობილით გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.  

შეხვედრაში მონაწილე მოქალაქეების შეფასებით, დმანისში აგრეთვე პრობლემურია პოლიციის თანამშრომლების მუშაობა, მათი მხრიდან მოქალაქეებთან ურთიერთობაში ადგილი აქვს უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების ფაქტებს, რაც ხშირად მოქალაქეთა უმიზეზო, დაუსაბუთებელ შეჩერებებში და მათ მიმართ უკანონო სამართალწარმოებაში გამოიხატება.

მოქალაქეთა განმარტებით, ადგილზე ხშირად არის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული პროექტებით გათვალისწინებული ბენეფიტებით უსამართლოდ სარგებლობის შემთხვევები. კერძოდ, მოსახლეობა, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ან გააჩნია განსხვავებული შეხედულებები უმეტესად ვერ სარგებლობენ მუნიციპალური პროგრამებით ან ამ პროგრამებით სარგებლობისთვის უამრავჯერ უწევთ მერიისთვის მიმართვა.

რაც შეეხება ბოლნისის მოსახლეობას, გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების დროს მოქალაქეები უმეტესად დაინტერესებულები იყვნენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციითა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებზე იჯარის მიღების საკითხებით. მცირემიწიანობის პირობებში ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების იჯარით კანონიერად და სამართლიანად გაცემა, რაც შეხვედრაში მონაწილე პირების შეფასებით ხშირად ირღვევა ვინაიდან ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია ამგვარი მიწების იჯარით გაცემის პერიოდის, პროცედურის შესახებ და როგორც წესი მიწის დიდი რესურსი მხოლოდ კონკრეტული პირების ხელში იყრის თავს.

შეხვედრაში მონაწილეებისთვის აგრეთვე საინტერესო აღმოჩნდა მეუღლეთა თანასაკუთრების, განქორწინების შემდგომ ალიმენტის დანიშვნისა და სოციალური დახმარების მიღების საკითხები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა გამოვლენილ პრობლემებზე ადგილობრივებს დეტალური სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს და რამდენიმე შემთხვევაში მოუმზადეს საჭირო სამართლებრივი დოკუმენტები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“