საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
17ოქტ
17-18 ოქტომბერს სოლიდარობის პლატფორმის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ეხებოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას. შეხვედრების პირველ დღეს პოლიტიკოსებმა: ელენე ხოშტარიამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ პლატფორმის წევრებს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები საქართველოში პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიების, სტრატეგიებისა და დღის წესრიგის ორმირების შესახებ. ასევე, ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების განვითარების და ნდობის დინამიკაზე. შემდეგ პანელზე, მოხსენებები წაიკითხეს ზაურ ხალილოვმა და ბელა ოსიპოვამ. ორივე მომხსენებელმა ისაუბრა საკუთარ დაკვირვებებზე, რა შეიცვალა ბოლო 30 წლის განმავლობაში არჩევნების და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის პროცესებში.
შეხვედრების მეორე დღეს, ნინო კალანდარიშვილმა და ივლიანე ხაინდრავამ ისაუბრეს მშვიდობის იდეაზე კავკასიაში და პლატფორმის წევრებს მშვიდობის მშენებლობის პერსპექტივები, გამოცდილებები და შესაძლებლობები გაუზიარეს. ასევე, პაატა ზაქარეიშვილმა, თორნიკე შარაშენიძემ და გიორგი კანაშვილმა პლატფორმის წევრებთან ერთად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის წარსული, აწმყო და მომავალი განიხილეს.
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.
პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს.
ინსტრუქცია