საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
10ივლ
10-11 ივლისს სოლიდარობის პლატფორმის მორიგი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ეხებოდა ლგბტ+ თემის გამოცდილებებს, საქართველოს პარლამენტის წევრების მომავალ გეგმებს და ეზიდური თემის კულტურას და გამოცდილებებს საქართველოში.
შეხვედრების პირველ დღეს მოხსენებები წაიკითხეს ნათია გვიანიშვილმა, ირა სილენტავამ და ბექა გაბადაძემ თემაზე: ღირსების მარში, ქვიარ აქტივიზმი და თემის გამოცდილებები საქართველოში. იმავე დღეს, პოლიტიკოსებმა ანა ნაცვლიშვილმა და ტარიელ ნაკაიძემ ისაუბრეს მათ მომავალ საპარლამენტო საქმიანობაზე არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის კუთხით.
მეორე დღეს, საქართველოს ეზიდური თემის გამოცდილებებზე და გამოწვევებზე საქართველოში ისაუბრა დიმიტრი ფირბარმა, ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა. დღის მეორე ნახევარში, სოლიდარობის პლატფორმის წევრებმა გამართეს შიდა დისკუსია პლატფორმის მომავალ გეგმებზე და სტრატეგიებზე.
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.
პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ახორციელებს.
ინსტრუქცია