[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოლიდარობა პანკისს: პანკისი არ არის შორს!

11იან

Cover image

11 იანვარს, 19:00 საათზე პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება კანცელარიასთან.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სპეციალური რაზმის წევრებმა საკუთარ საძიენებელში სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ამ საქმეში ჩნდება დასაბუთებული ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 
შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიზუალური მასალა, ასევე ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებები აჩენს ეჭვებს, რომ სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილს მის ბნელ ოთახში შეჭრისთანავე მყისიერად გაფრთხილების გარეშე ლოგინშივე ესროლა. პრობლემურია დაჭრილისთვის დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხიც. მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ჯერ ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული, ვიდეომასალის გავრცელებით სახელმწიფო საჯაროდ ცდილობს მისი ბრალეულობის მტკიცებასა და დისკრედიტაციას. ამ გზით სახელმწიფო ახდენს საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას და მსხვერპლის ტერორისტად გამოცხადებით მის დეჰუმანიზებას. 
წლების განმავლობაში პანკისის ხეობა სახელმწიფოსთვის საგანგებო მდგომარეობის სივრცედ გადაიქცა და ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებს მუდმივი საფრთხის, ზეწოლის და უპერსპექტივობის პირობებში უწევთ ცხოვრება. პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის დაძლევისთვის აუცილებელი სისტემური სოციალური ცვლილებების ნაცვლად, სახელმწიფო არსებითად მხოლოდ რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტებს იყენებს. პანკისის საგანგებო სივრცედ წარმოჩინება, სახელმწიფოს „ლეგიტიმური“ ძალადობისა და კონტროლის დამყარებისა და ამით საკუთარი ძალაუფლების განტკიცების შესაძლებლობას აძლევს. პანკისის ხეობაში მხოლოდ სპეცოპერაციისა და კონტროლის სტრატეგიით მოქმედი სახელმწიფო, ადგილობრივი მოსახლეობის გარიყულობას აძლიერებს და ართულებს სოციალური სამართლიანობისა და სტაბილურობის მიღწევას.
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მოქალაქეებს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პოლიტიკური და სოციალური პირობები და შესაძლებლობები. მხოლოდ რეპრესირებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და ის კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობასა და გაუცხოებას.


ჩვენ მოვითხოვთ:
- სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე! 
- სახელმწიფომ შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება! 
- ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კოტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება! 

სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება! 



⚫ორგანიზატორები: 
ადამიანის უფლებების სწავლებიდა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი 
თეთრი ხმაურის მოძრაობა 
აუდიტორია #115
კავკასიური სახლი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“