[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოფელ გორელოვკაში იურიდიული დახმარების შეხვედრა

04მაი

Cover image

2023  წლის 4 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკას მოსახლეობას იურიდიული დახმარების მობილური კლინიკის ფარგლებში სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ გორელოვკაში  ცხოვრობს  1165 ადამიანი, საიდანაც  მოსახლეობის 56  %-ს   ეთნიკური სომხები, 33 %-ს ქართველები, ხოლო   11% რუსები შეადგენენ.

მოქალაქეებმა შეხვედრის დროს  ძირითად პრობლემად დაასახელეს მიწის საკუთრებაში  რეგისტრაცია და მიუთითეს, რომ არ მათ არ აქვთ საკუთრებაში მიწები და არც სოფელში არსებული მიწებით  სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნიათ, ვინაიდან სოფელში არსებული მიწები რამდენიმე ადამიანის ხელშია თავმოყრილი და მათზე წვდომა შეუძლებელია.

სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობის მოთხოვნით  სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ  მიმართა, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ ხელისუფლებას მაგრამ უშედეგოდ/ მოსახლეობის განმარტებით, მიწის ნაკვეთი სარგებლობაში მიღების მიზნით, მათ  კოოპერატივი შექმნეს, თუმცა ამ დრომდე ვერ მიიღეს კოოპერატივისთვის მიწის ნაკვეთი.  

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სოფელ გორელოვკაში მცხოვრებ  აჭარელი ეკომიგრანტების საყოფაცხოვრებო პრობლემებს. მათი განმარტებით, უმეტესობას არ  გააჩნია ეკოემიგრანტის სტატუსი,  მიუხედავად ამისა, რომ 20 წელზე მეტია  ჩასახლებულ არიან    სოფელ გორელოვკაში. სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მათ  არაერთხელ მიმართეს ეკომიგრანტთა სააგენტოს , თუმცა უარი ეთქვათ მათთვის გაუგებარი მიზეზით. ეკომიგრანტის სტატუსის არარსებობის პირობებში, სახლები რომელიც თავის დროზე გადასცა სახელმწიფომ დღემდე  რეგისტრირებული არ აქვთ საკუთრებაში,  რაც დამატებით პრობლემებს უქმნით.

მოსახლეობის განმარტებით, გორელოვკაში გართულებულია სოციალური დახმარებების მიღება, სოციალური აგენტები ხშირად შეუსაბამოდ აფასებენ  მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რის გამოც ვერ იღებენ სოციალურ შემწეობას.

შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობამ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სოფელში საკმაოდ მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირი, სოფელში ან მის მიმდებარედ არ არის ტყე, რის გამოც ვერ მოაქვთ შეშა და ზამთარში გათბობის პრობლემები იქმნება.

სოფელ გორელოვკას მუსლიმი თემისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რომ სოფელში არ არის გამოყოფილი მიწა სასაფლაოსთვის და  ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მათ აჭარაში უწევთ მიცვალებულის გადასვენება და დაკრძალვა.

მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა ადგილობრივებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს მათი უფლებები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.

შეხვედრები ტარდება პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” დახმარებით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“