საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
04მარ
2019 წლის 2 მარტს ბათუმში მუსლიმური პანსიონატების ხელმძღვანელებთან და თემის ლიდერებთან EMC-მა სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რელიგიური პანსიონატების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება და გამოსავლის გზების ძიება.
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები 2018 წლის 1 სექტემბრიდან რელიგიურ პანსიონატებს ლიცენზირების პროცესის გავლას და ტექნიკური რეგლამენტის - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დაკმაყოფილებას ავალდებულებს. სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილებები ისე გატარდა, რომ კანონმა არ გაითვალისწინა რელიგიური პანსიონატების საქმიანობის სპეციფიკა და მათზე ზრუნვამოკლებული ბავშვების აღზრდაზე ორიენტირებული ინსტიტუციების რეგულირება გაავრცელა. რელიგიური პანსიონატები არსებითად საგანმანათლებლო მიზნებს ახორციელებენ, მათი ბენეფიციარები არ წარმოადგენენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, შესაბამისად, მათთვის ოჯახური გარემოს შექმნის/მასთან დაახლოებული გარემოს იგივე სტანდარტების და მოთხოვნების წაყენება უსამართლო და გაუმართლებლად გადაჭარბებული ტვირთია.
შეხვედრის ფარგლებში პანსიონატის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ არიან წინააღმდეგები, რომ მათი საქმიანობა სახელმწიფომ რეგულირებას დაუქვემდებაროს, თუმცა კანონის არსებული ნორმები მათ საქმიანობას თეორიულადაც კი შეუძლებელს ხდის და მათი დახურვისკენ ორიენტირებული გადაწყვეტილებად უფრო იკითხება. პანსიონატების ხელძღვანელების თქმით, რამდენიმე ასეთი პანსიონატი კანონის მკაცრი მოთხოვნების გამო უკვე დაიკეტა კიდეც. მათი აზრით, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო სათანადო ვერ იაზრებს იმ სოციალური მნიშვნელობას, რომელსაც მაღალმთიან აჭარაში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის არ ქონის პირობებში, პანსიონატები ასრულებენ. მუსლიმი თემის თქმით, აჭარაში რელიგიური ინდოქტრინაციის პრაქტიკების პირობებში, პანსიონატები ისლამური განათლების და იდენტობის დაცვის საშუალებას ასევე წარმოადგენს და მათი საქმიანობის შეზღუდვა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის განცდას ასევე იწვევს.
სამუშაო შეხვედრას დამოუკიდებელი ექსპერტების გარდა, ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდა, რომ პანსიონატების წინაშე მდგარ პრობლემებზე განხილვები და ცვლილებების ადვოკატირება სახელმწიფოსთან გაგრძელდება.
ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) საგრანტო პროექტის „ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება მარგინალიზებული ჯგუფებისათვის სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში. ღონისძიების შინაარსზე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.
ინსტრუქცია