საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
18დეკ
2019 წლის 18 დეკემბერს EMC-ს გუნდი სოფელ ხიხანის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) თემს შეხვდა. სოფელ ხიხანში ხულოდან 90-იან წლებში ქვემო ქართლში გადმოსახლებული ეკომიგრანტი ოჯახები ცხოვრობენ. სოფელში დაახლოებით 200-მდე მოსახლეა. სოფელში უკიდურესად მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა და თემის სოციალური უიმედობა და ფრუსტრაცია ჩანს. ადგილობრივების აღქმაა, რომ სახელმწიფოს მათი ბედი არ აინტერესებს და სრულ გულგრილობას იჩენს.
ადგილობრივი თემის უპირველესი პრობლემა მიწის და წყლის ბაზისური რესურსების შეზღუდვაა. პირველი ნაკადის ეკომიგრანტებს სახელმწიფო ოჯახისთვის საჭირო მიწის რესურსის უსასყიდლოდ გადაცემას დაპირდა, თუმცა, ეს დაპირება არ შესრულდა და ადგილობრივ მოსახლეობას საკარმიდამო მცირე მიწის რესურსის გარდა, არ აქვთ სასოფოლო-სამეურნეო მიწები. ამასთან, სოფელში შეზღუდულია სასმელი წყლის რესურსი. მოსახლეობა საერთო სოფლის წყაროზე აგროვებს სასმელ წყალს. ამასთან სამომხმარებლო წყალი დღეში მხოლოდ 1 საათით მოდის სოფელში. სოფელში საერთოდ არ არის სარწყავი სისტემა. ეს რეალობა ადგილობრივების მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას უსპობს და დაუცველებს ტოვებს.
ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ უკანასკნელ წელში მათ სისტემატურად უწვავდნენ ზამთრისთვის გამზადებულ თივას და პარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს, თუმცა პოლიციის მხრიდან ეფექტიან რეაგირებასა და გამოძიებას ვერ იღებენ.
სოფელში მძიმეა სანიტარული მდგომარეობაც. სოფლის შემოგარენი დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რომელსაც ყოველდღიურად ეწირება მსხვილფეხა პირუტყვი და მათ მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობაც არ რჩებათ.
სოფლისთვის პრობლემურია სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ადგილობრივი ამბულატორია, მხოლოდ ექთნის რესურსს სთავაზობს მოსახლეობას. ამასთან, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცენტრებისკენ ხშირად არ დადის, მათ ურთულდებათ სამედიცინო დაწესებულებების ვიზიტი. სიღარიბე ასევე არსებითი ფაქტორია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.
EMC-ს მიიჩნევს, რომ რელევანტურმა სახელმწიფო უწყებებმა და მარნეულის მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღონ ეფექტიანი ზომები, რათა აღმოიფხვრას სოფელში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. მომავალში EMC დაგეგმავს მხარდაჭერის სხვადასხვა ღონისძიებებს და ადვოკატირების მოქმედებებს სოფელი ხიხანის მაცხოვრებლებისთვის.
ინსტრუქცია