საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
24მაი
2023 წლის 24 მაისს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეხვედრა გამართა გორში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
შეხვედრა შეეხებოდა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ ძირითად გამოწვევებს, მათ შორის, სასამართლოში არსებულ არაფორმალური მმართველობის პრობლემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაციასა და გამჭვირვალობის ნაკლებობას და ა.შ. მომხსენებლებმა ისაუბრეს ამ გამოწვევების მოგვარების პერსპექტივებზეც. შეხვედრისას ასევე განხილული იქნა, როგორ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და რა რეკომენდაციები გასცა ევროკომისიამ საქართველოსთვის სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრეებმა იმსჯელეს სასამართლო სისტემის ირგვლივ საკითხებზე. მონაწილეთა მოსაზრებით, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოების მხრიდან საპროცესო ვადების დაუცველობა და საქმეთა გაჭიანურება. ეს, ერთი მხრივ, დავის მონაწილეთა უკმაყოფილებას იწვევს, მეორე მხრივ კი, უარყოფითად აისახება ადვოკატების პროფესიულ რეპუტაციაზე. გარდა ამისა, დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს გორში მოსამართლეთა განსაკუთრებით ხშირ როტაციაზე, რაც განჭვრეტადი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეხვედრებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართავს.
ინსტრუქცია