საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
25მაი
25 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: “დომინაციის ლოგიკის გაძლიერება პოლიტიკაში და მისი ზიანი ჩვენთვის”.
ავტორიტარული, მემარჯვენე პოპულისტური დისკურსი სხვადასხვა პოლიტიკურ პერიოდში სხვადასხვა აქტორების მიერ იწარმოებოდა საქართველოში. ბოლო წლებში მას აქტიურად ექსტრემისტული კონსერვატიული ჯგუფები მიმართავდნენ. თუმცა, უკრაინის ომის შემდეგ, როცა სულ უფრო მეტად გაძლიერდა იზოლაციონიზმისა და ავტორიტარიზმისკენ მიმართული ტენდენციები, მემარჯვენე პოპულისტურმა იდეებმა ძალიან ადვილად დაიკავა ადგილი ხელისუფლების ოფიციალურ რიტორიკაში.
ჩვენ თითქმის ყოველ დღე გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების ჰომოფობიური, სიძულვილის ენის განცხადებები და მოწოდებები, რომელიც უმრავლესობის ბატონობის ლოგიკით, უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის საკითხების გადაწყვეტის მოწოდებებს შეიცავს.
ამ პოლიტიკურ შემობრუნებას გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ელექტორალური ახსნა შეიძლება მოეძებნოს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური რიტორიკა აზიანებს იმ დისკურსულ, ინსტიტუციურ და სოციალურ მიღწევებს, რომელიც თანასწორობის პოლიტიკის მიმართ გვაქვს. მან შეიძლება მკვეთრად გააუარესოს ქვეყანაში არადომინანტური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა. მით უფრო იმ რეალობაში, როცა ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, პოლიტიკური ინტერესების გამო პოლიციის დემონსტრაციული უმოქმედობისა და გულგრილობის შემთხვევები (მაგალითად, 2013 წლის 17 მაისის და 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები, რელიგიური შევიწროების ფაქტები ქართველი მუსლიმი თემის მიმართ (2012-2018 წლები) და ა.შ.).
უმრავლესობის დომინაციის შესახებ ამ ლოგიკას, გარდა იმისა, რომ ის ხშირად თავად უმრავლესობის რეალურ საჭიროებებს და ინტერესებს გადაფარავს, დამანგრეველი გავლენა აქვს ყველა ტიპის უმცირესობებზე, ესენი იქნება არადომინანტური პოლიტიკური აზრის, რელიგიის, ეთნიკურობის, ეიბლიზმის, გამოხატვისა თუ სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფები. საზოგადოების ამგვარ დაყოფაში სხვადასხვა ნიშნით თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება მოყვეს. ეს ლოგიკა ცდილობს "განტევების ვაცად" აქციოს ერთი შეხედვით სუსტი სოციალური ჯგუფები, რაც საბოლოოდ მთლიანი საზოგადოების დეჰუმანიზებას იწვევს და ახალი კონფლიქტების მიზეზი ხდება. ეს ლოგიკა ანგრევს სოლიდარობასა და პლურალიზმს ჩვენს რეალობაში, რომელიც დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოების საფუძველია.
ცხადია, რომ ამ რეალობაში ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია უმრავლესობისა და უმცირესობების ყალბი დისკურსული დაპირისპირების მიღმა, რეალობის დანახვა, ეკონომიკურ, პატრიარქალურ და კულტურულ ჩაგვრას შორის კავშირის დანახვა და სოლიდარობის, დიალოგისა და ნდობის სივრცეების შენება.
დისკუსიის ფარგლებში მოხსენებები გააკეთეს:
მოდერატორი: თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორი.
დისკუსიის ჩატარება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.
ინსტრუქცია