[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

ნარკოპოლიტიკა საქართველოში - 2019 წლის ტენდენციები - ანგარიშის პრეზენტაცია

29იან

Cover image

29 იანვარს ,,ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის 2019 წლის ტენდენციების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. არსებული საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ნარკოპოლიტიკის თვითნებური და უსამართლო გამოყენების რისკებს შეიცავს. ხელისუფლებამ ამ დრომდე არ გამოხატა პოლიტიკური ნება, ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებებით ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შემოღების თაობაზე.

2019 წელს, ნარკოპოლიტიკის სფეროში, საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. ამდენად, EMC-ის ანგარიშში გაანალიზებულია გასულ წელს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, საერთო სასამართლოს პრაქტიკა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემები.

ანგარიშში მიმოხილულია 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის და გამამტყუნებელი განაჩენების, ნარკოტესტირების, პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობისა და სხვა რელევანტური საკითხების თაობაზე.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ნარკოპოლიტიკის სფეროში შემდეგი ტენდენციები და პრობლემები გამოიკვეთა:

  • ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია და ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა;
  • 2019 წელს გაზრდილია ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის და შენახვის შემთხვევებზე;
  • გაიზარდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა, ასევე მცირედით გაიზარდა დადებითი პასუხის მაჩვენებელი გადაყვანილ პირთა ექსპერტიზის შედეგებში. მიუხედავად ამისა, ნარკოტესტირებაზე გადაყვანის სამართლებრივი საფუძვლები და გადაყვანილ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავაც კრიტიკის საგანია;
  • 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია ნარკოტიკულ დანაშაულთა საპროცესო შეთანხმებით დასრულების სტატისტიკური მონაცემები;
  • დღემდე არ შექმნილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. არ აღირიცხება ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული ისეთი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის სფეროში პოლიტიკის რაციონალურად და სამართლიანად განსაზღვრისთვის;
  • უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები მარიხუანის თუ სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, არ აღირიცხება ერთმანეთისგან განცალკევებულად;
  • პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის კომპეტენცია ნარკოტიკულ დანაშაულებზე სამოქალაქო უფლებების ვადამდე აღდგენასთან დაკავშირებით არ ვრცელდება ადმინისტრაციული წესით მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა მიმართ, რომელთა შემთხვევაში მოსამართლეს დისკრეციული უფლებამოსილება აქვს, 3 წლამდე შეუზღუდოს მათ სამოქალაქო უფლებები;
  • სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ნარკოტიკულ დანაშაულებზე იმდენად დაბალია, რომ პოლიციელთა შეთანხმებული ჩვენებები და ნარკოტიკულ საშუალებაზე დანიშნული ქიმიური ექსპერტიზა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად მიიჩნევა.

ანგარიშში დასმულ პრობლემურ საკითხებთან მიმართებით, დოკუმენტში წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.

EMC-ის პოზიციით, პარლამენტმა უნდა განაახლოს 2017 წელს ინიცირებული ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე კი,  უმრავლესობამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლების (ამნისტია/შეწყალება) შესახებ, როგორც შუალედური გადაწყვეტილება გარდამავალ პერიოდში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“