საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
19მაი
19 მაისს, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გამართა მართლმსაჯულების ფორუმი: 10 წლიანი რეფორმების შეფასება და სისტემური ცვლილებების საჭიროება.
„თუკი პოლიტიკური გარემო არ არის ჯანსაღი, რთულია სასამართლოს შიგნით არსებითი გარღვევის მიღწევა. ეს რეფორმებიც სწორედ ამას აჩვენებს - როგორია არადემოკრატიული ხელისუფლების დროს გატარებული რეფორმები. სამოქალაქო ორგანიზაციებს გვჭირდება ბევრი შრომა. ბოლო დღეებში რაც პარლამენტში არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით, მოხდა აჩვენებს, რომ პრობლემა არის არა მხოლოდ სახელისუფლებო გუნდში, არამედ მთლიან პოლიტიკურ ველში, მათ შორის ოპოზიციაში. ჩანს, რომ მართლმსაჯულების საკითხები პოლიტიკურ ველზე დიდად არ აინტერესებთ, ვერ ხედავენ ამ საკითხის პრიორიტეტულობას“ - აღნიშნა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ.
„დღეს ჩვენ ვართ, იმ სიტუაციაში როცა სასამართლოს მიმართ ნდომა იკლებს, საზოგადოება არ ენდობა სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ვხედავთ, რომ გავლენიანი ჯგუფი ისევ ინარჩუნებს გავლენას. თუმცა, ამ სისტემაში ჩვენ ვხედავ პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელ მოსამართლეებსაც, რომელთა ხმა მართალია იშვიათად ისმის, თუმცა მათი სისტემაში არსებობა უკვე იმედისმომცემია“ - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს სასამართლო სისტემის მომწესრიგებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ იმ საკვანძო პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რომლებიც სასამართლოს ადმინისტრირების, ინდივიდუალურ მოსამართლეთა კარიერისა და დამოუკიდებლობის გარანტიების, სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით არსებობს და რომლებიც ხელს უწყობს მართლმსაჯულების სისტემაში ძალაუფლების თავმოყრასა და არაფორმალური გავლენების გაძლიერებას.
კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო ათწლეულში გატარებული რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, ქართული სასამართლო კვლავ ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა და ლეგიტიმაციისა და ნდობის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლა კარგი შესაძლებლობა იყო ძირეული ცვლილებებისთვის. რეფორმის საწყისი ეტაპები, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, დადებითად ხასიათდებოდა. თუმცა, 10 წლის თავზე, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მთლიანობაში, შესაძლოა, შეფასდეს სასამართლოს ინსტიტუციური მოდერნიზაციის ფასადურ მცდელობად, რომელმაც ვერ შეძლო ქართული კონტექსტისთვის მთავარ გამოწვევასთან – სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციასა და არაფორმალურ გავლენებთან - გამკლავება. მართლმსაჯულების ფორუმი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ინსტრუქცია