საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
03ივლ
2023 წლის 3 ივლისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის მოსახლეობას იურიდიული დახმარების მობილური კლინიკის ფარგლებში სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ.
მოსახლეობამ ჩვენთან შეხვედრისას მათი სოფლის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემად დაასახელა სასაზღვრო პოლიციის მიერ მათთვის ცალკეული უფლებების შეზღუდვა. კერძოდ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას აქვს შესაბამისი ნებართვები სახლების მშენებლობა/ შეკეთებაზე, პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს და არც განუმარტავს რის საფუძველზე. როგორც მოსახლეობასთან საუბარში გამოიკვეთა, აღნიშნული შეზღუდვების შერბილება/გამკაცრება ძირითადად ადგილობრივი სასაზღვრო პოლიციის უფროსის ცვლილებას უკავშირდება.
მოსახლეობამ ჩვენთან შეხვედრისას, ასევე მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელა სოფელში ბაღისა და სკოლის არარსებობა. მათი განმარტებით სოფელში ბაღი არ ფუნქციონირებდა, რაც შეეხება სკოლას, რომელშიც მხოლოდ მე-9 კლასამდე სწავლობდნენ ბავშვები , უკვე 2 წელია ავარიული მდგომარეობის გამო დანგრეულია და მოსახლეობა დღემდე ელოდება მის აშენებას. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს უწევთ სოფელ წოფში სიარული. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოიყო ტრანსპორტი, მანძილის სიშორიდან გამომდინარე, ბავშვებისთვის რთულია ყოველ დღე ამ გზის გავლა.
სოფლის პრობლემას წარმოადგენს ასევე საზოგადოების ტრანსპორტის არარსებობა, რადგან სოფელში არ დადის ტრანსპორტი და მოსახლეობას მარნეულში ჩასასვლელად სადახლოში ჩასვლა თავისი სახსრებით უწევთ, რის გამოც ძირითადად ვერ ახერხებენ ცენტრამდე გადაადგილებას.
სოფელში პრობლემას წარმოადგენს ასევე სასმელი წყალი, რომელიც ზაფხულის პერიოდში ორ დღეში ერთხელ ერთი საათით მოდის. სოფელში არ არის ასევე სოფლის ექიმიც.
მითითებულ პრობლემებზე მოსახლეობას გაეწია შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია და იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.
შეხვედრები ტარდება პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია