საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
03მაი
2023 წლის 3 და 4 მაისს, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეხვედრები გამართა ქუთაისსა და ბათუმში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
შეხვედრები შეეხებოდა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ ძირითად გამოწვევებს, მათ შორის, სასამართლოში არსებულ არაფორმალური მმართველობის პრობლემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაციასა და გამჭვირვალობის ნაკლებობას და ა.შ. მომხსენებლებმა ისაუბრეს ამ გამოწვევების მოგვარების პერსპექტივებზეც. შეხვედრისას ასევე განხილული იქნა, როგორ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და რა რეკომენდაციები გასცა ევროკომისიამ საქართველოსთვის სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრეებმა იმსჯელეს სასამართლო სისტემის ირგვლივ საკითხებზე. მონაწილეთა მოსაზრებით, სისტემა ცენტრალიზებულია და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, კონკრეტული სასამართლოების ტექნიკურ საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირესა და მათ გადატვირთულობაზე, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფით გავლენას ახდენს სწრაფ მართლმსაჯულებაზე და მათ წლობით უწევთ გადაწყვეტილებების ლოდინი.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და რაიონებში.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეხვედრებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართავს.
ინსტრუქცია