[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

კონფერენცია - "თემთაშორისი ურთიერთობები, მიკრო კონფლიქტები და ინტეგრაციის პოლიტიკა"

24ნოე

Cover image

24 ნოემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „თემთაშორისი ურთიერთობები, მიკრო კონფლიქტები და ინტეგრაციის პოლიტიკა“.

შეხვედრა ქრისტიან შენონებერგერმა, საქართველოში შვეიცარიის მისიის ხელმძღვანელმა გახსნა, რომელმაც შვეიცარიაში ინკლუზიური პოლიტიკის გამოცდილებაზე იმსჯელა და საქართველოს კონტექსტისთვის საინტერესო მიგნებები გაგვიზიარა.

 შეხვედრის პირველი პანელი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ახალი, ათწლიანი (2021-2030) დოკუმენტის განხილვას დაეთმო. აღნიშნულ პანელზე მოხსენებები წაიკითხეს ნინო გოგოლაძემ - ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა, ქეთი შუბაშვილმა - სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და თამთა მიქელაძემ - სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა. მომხსენებლებმა პოზიტიურად შეაფასეს სტრატეგიის კრიტიკული და თვითრეფლექსიური ენა, თუმცა ითქვა, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოსა და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის არსებითად ახალ მიდგომებს დოკუმენტი არ იცნობს და მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმის დონეზე მაინც მომავალში მოხდეს ხელშესახები ღონისძიებების გატარება.

მეორე პანელზე განხილული იყო სოფელ ბუკნარსა და დმანისში გამოვლენილი მიკრო კონფლიქტების პრობლემატიკა და სახელმწიფოს მხრიდან კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე მიმართული პოლიტიკის გამოწვევები. მოხსენებები ამ პანელზე თამარ გურჩიანმა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის გუნდის წევრებმა ქამრან მამედლიმ და თამთა მიქელაძემ მათი დაკვირვებები, მიგნებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ გამოვლენილი თემთა შორისი კონფლიქტის რეალურ ტრანსფორმაციაზე, ნდობის აღდგენაზე და პატივისცემის გარემოს შენებაზე სახელმწიფო არ მუშაობს.ხოლო მხოლოდ საპოლიციო რეაგირება გამოვლენილ დაძაბულობებზე საკმარის და ადეკვატურ პასუხად არ შეიძლება მივიჩნიოთ.   

მესამე პანელზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარმოადგინა საქართველოს აზერბაიჯანელ და საქართველოს სომეხ თემებზე ყარაბაღის მეორე ომის გავლენების შესახებ კვლევის მიგნებები. აღნიშნული კვლევა მონაწილეობითი კვლევის მეთოდოლოგიით ჩატარდა და მასზე ტიგრან თარზიანი, ქამრან მამედლი და კოტე ჩაჩიბაია მუშაობდნენ. ამავე პანელზე მოხსენება წაიკითხა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა, რომელშიც მან რეგიონის უახლოეს ისტორიაზე, მის გამოცდილებებზე და რეგიონში მშვიდობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა შვეიცარიის საელჩოს და საქართველოში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“