საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
10ივნ
10 და 11 ივნისს სოლიდარობის პლატფორმის მორგი ღონისძიება გაიმართა აჭარასა და ფოთში.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ეხებოდა აჭარაში მცხოვრები აფხაზების, ბოშებისა და ქართველი მუსლიმების ცხოვრების ისტორიას, სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ მდგომარეობას. ხოლო ფოთში, პლატფორმის წევრები გარემოსდამცველ აქტივისტებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს.
10 ივნისს დღის პირველ ნახევარში სოლიდარობის პლატფორმის წევრები შეხვდნენ ნატალია ლაზბას, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, რომელმაც პლატფორმის წევრებს გაუზიარა ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები აფხაზების ისტორიის, სოციალური მდგომარეობისა და ამჟამად არსებული ყოფის თაობაზე. ასევე, ადგილზე ნახეს ბათუმში აფხაზების მიერ დაარსებული სოფელი ფერია.
დღის მეორე ნახევარში კი ქობულეთში მცხოვრები ბოშების თემს შეხვდნენ, სადაც მოხსენება წაიკითხა ნარგიზა ჯინჭარაძემ, ადგილობრივი სკოლის დირექტორმა და თემის მხარდამჭერმა. მან სოლიდარობის პლატფორმის წევრებს გაუზიარა ინფორმაცია ქობულეთში მცხოვრები ბოშების დასახლების ისტორიის, ყოფისა და დღევანდელობის თაობაზე. თავად ბოშა თემის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რა უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ მათ.
ასევე, პლატფორმის წევრებმა მოინახულეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკესა და დაგვის მეჩეთები. ადგილზე გაეცნენ ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას. მათ მდგომარეობასა და საჭიროებებს.
11 ივნისს სოლიდარობის პლატფორმის წევრები შეხვდნენ ადგილობრივ გარემოსდამცველ აქტივისტებსა და „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ წევრებს. პლატფორმის წევრებმა ადგილობრივი აქტივისტ ელისო ჯანაშიასგან მოისმინეს ფოთში არსებული ეკოლოგიური პრობლემების, მძიმე სოციალური ყოფისა და რთული აქტივისტური სამუშაო გარემოს თაობაზე.
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს საქართველოს მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების აქტივისტებს სხვადასხვა რეგიონიდან - აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, აფხაზეთიდან და თბილისიდან. ეს სივრცე სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგს, სოლიდარობის მშენებლობასა და საკუთარი საჭიროებების, წუხილების და პერსპექტივების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას ისახავს მიზნად.
სოლიდარობის პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.
ინსტრუქცია