საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
05ივლ
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანამშრომლები 5 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს, ზაურ დარგალს და მერიის ადმინისტრაციული უფროსს ნინო დეკანოიძეს შეხვდნენ.
EMC-ის თანამშრომლებმა მერს გააცნეს რეგიონში რამდენიმეთვიანი მუშაობის და საველე გასვლების შედეგად მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი სისტემური სოციალური და პოლიტიკური გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თვითმმართველობის დონეზე მოქალაქეების დემოკრატიული მონაწილეობის, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის, ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციაში ეთნიკური უმცირესობებისთვის ენობრივი ბარიერის, განათლების და განსაკუთრებით წინა სასკოლო სააღმზრდელო დაწესებულებების შეზღუდულობის, სახელმწიფოს სოციალური სერვისების შესახებ დაბალი ინფორმირების და სისტემის არაეფექტიანობის, სასმელი წყლის სისტემების გაუმართაობის და სხვა სოციალურ საკითხებს, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს წლების განმავლობაში აწუხებთ. EMC-იმ ადგილობრივ ხელისუფლებას გაუზიარა მის მიერ მომზადებული 15-ზე მეტი ანგარიში, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ადამიანების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას და კონკრეტულ სოფლებში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს დეტალურად აღწერს.
EMC იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში დაეხმარება. შეხვედრაზე ზაურ დარგალმა თითოეულ გამოწვევასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და გეგმები გააზიარა და გამოთქვა მზაობა მომავალში თანამშრომლობის გასაგრძელებლად. მნიშვნელოვანია, რომ ახლადარჩეული მერი მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების სათანადო შეფასების და მოქალაქეების და ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობისთვის დამატებითი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის აუცილებლობას ხედავს. EMC მომავალში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში აქტიურ ჩართვას და ადგილობრივების წუხილების, საჭიროებების და ინტერესების დაყენებას შეეცდება.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „არა-დომინანტი რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.
ინსტრუქცია