[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

დისკუსია: სასამართლო რეფორმები და 19 აპრილის შეთანხმება

16დეკ

Cover image

16 დეკემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა დისკუსია: „სასამართლო რეფორმები და 19 აპრილის შეთანხმება“. ღონისძიებაზე ორგანიზაციის მიერ მომზადებული ორი ანალიტიკური დოკუმენტი წარმოადგინეს:

  • „19 აპრილის შეთანხმება - მართლმსაჯულების რეფორმის მორიგი გამოუყენებელი შესაძლებლობა“  - https://cutt.ly/7YVN7lj 
  • „სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობის „ევროპული მოდელი“: ხსნა თუ დაბრკოლება წარმატებული სასამართლო რეფორმის გზაზე“ - https://cutt.ly/qYVHsie 

პირველ დოკუმენტში („19 აპრილის  შეთანხმება - მართლმსაჯულების რეფორმის მორიგი გამოუყენებელი შესაძლებლობა“) გაანალიზებულია, რამდენად შესრულდა შეთანხმების ის პუნქტები, რომლებიც კანონის უზენაესობას და სასამართლო რეფორმას ეხებოდა. დოკუმენტის თანახმად,  19 აპრილის შეთანხმებით საქართველოს ჰქონდა შანსი მართლმსაჯულების სისტემების დემოკრატიზაციის პროცესში გაეზიარებინა დასავლური ღირებულებები, თუმცა მმართველმა გუნდმა არ ისურვა სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების რეალური რეფორმირება და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მქონე ინსტიტუტების შექმნის საკითხი განუსაზღვრელი ვადით გააქრო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ინსტიტუტების ჩამოყალიბების მორიგი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

მეორე ანგარიშში („სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობის „ევროპული მოდელი“) კრიტიკულადაა გაანალიზებული ბოლო წლებში საქართველოში გატარებული რეფორმების კონცეფცია, რომელიც აქცენტს აკეთებს სასამართლოს ძლიერ თვითმმართველობაზე, თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებს ანგარიშვალდებულების და შიდა-გავლენების საფრთხეებს. დოკუმენტში გაანალიზებულია ის ხარვეზები, რომლებიც ქმნის სასამართლო სისტემაში ძალაუფლებრივი იერარქიის ჩამოყალიბების, კორუფციისა და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვის რისკებს.

ამასთან, ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთეს დამოუკიდებელმა მკვლევარებმა სოფო ვერძეულმა (ბირკბეკი, ლონდონის უნივერსიტეტი, მაგისტრი კონსტიტუციურ პოლიტიკასა და სამართალში) და მაია ბაქრაძემ (ყოფილი მოსამართლე, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი). სოფო ვერძეულმა მიმოიხილა 2013-2021 წლებში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს და დღეს არსებულ რეალობა, ხოლო მაია ბაქრაძემ ისაუბრა მოსამართლეთა თვითმმართველობის ევროპულ მოდელსა და საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მიმართულებით აქტუალურ პრობლემებზე.

დისკუსია ჩატარდა პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ოკუმენტების შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“