[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

დემოკრატიის სკოლების მესამე ნაკადი წარმატებით დასრულდა

04აგვ

Cover image

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით უმასპინძლა დემოკრატიის სკოლების მესამე ნაკადს.  

მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის 31 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიეღოთ ქართული მართლმსაჯულების სისტემის არქიტექტურის, აქ განხორციელებული რეფორმებისა და არსებული გამოწვევების თაობაზე, განეხილათ სასამართლოების მიერ სხვა სახელისუფლებო შტოების, მათ შორის, უსაფრთხოების სექტორის, ეფექტიანი კონტროლის გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. 

სკოლის 1-2 დღეს კურსის მსმენელებმა მომხსენებლებთან ერთად მიმოიხილეს მართლმსაჯულების სისტემის არქიტექტურა, კონსტიტუციურ-სამართლებრივ სისტემაში სასამართლოს ადგილი, აქ არსებული ინსტიტუციური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.  

კურსის მე-3 დღე მთლიანად დაეთმო დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის გამოწვევებზე, ამ სექტორზე სასამართლო ზედამხედველობის განხორციელების სტანდარტებსა და ფარული მოსმენების სისტემურ პრობლემებზე საუბარს.  

სკოლის ბოლო, მე-4 დღეს კი მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები საქართველოში კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანობასა და აქ არსებულ გამოწვევებზე, ასევე სოციალური და პოლიტიკური უფლებების სტანდარტებსა და უფლებრივი დაცვის რელევანტური საერთაშორისო მექანიზმებზე. 

სკოლის მსმენელები იყვნენ მართლმსაჯულების, დემოკრატიისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარები, სამართალმცოდნეობისა და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტები. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სკოლების ციკლი განგრძობადია და მიზნად ისახავს დემოკრატიის, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების, ასევე სოციალური და თანასწორობის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე საზოგადოებრივი დისკუსიის გაფართოებას, ამ პროცესში ახალგაზრდებისა და მომავალი პროფესიონალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას და მათთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“