საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: EUR 256,550.57
ხანგრძლივობა: 2024-2026 წელი
2024 წლის იანვრიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“.
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოსცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, 14 დეკემბერს კი ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ევროკომისიის რეკომენდაციები საქართველოსთვის 9 მნიშვნელოვან დათქმას მოიცავს, რომლის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა მართლმსაჯულების სისტემის ყოვლისმომცველი და ჰოლისტური რეფორმაა.
ქართული მართლმსაჯულების სისტემა დღეს არაერთი გამოწვევის წინაშეა. სულ უფრო მზარდია კრიტიკა სასამართლოში არაფორმალური გავლენის მქონე ჯგუფების არსებობის თაობაზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენებს ფლობენ მთლიანად სისტემაზე და, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. სამოქალაქო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სასამართლოში სისტემაში ინსტიტუციურ და საკანონმდებლო დონეზე არსებულ არაერთ გამოწვევას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და აქ არსებული გადაწყვეტილების მიღების წესის პრობლემურობას, სასამართლოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გამოწვევებს, მოსამართლეთა დისციპლინირებისა და საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემების მუშაობაში არსებულ პრობლემებს; დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების მიუხედავად, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები დღემდე პროაქტიულად არ ქვეყნდება, მათზე ხელმისაწვდომობა კი მნიშვნელოვნად შეზღუდულია; მოწყვლადი ჯგუფები კვლავ მნიშვნელოვან ბარიერებს აწყდებიან მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით, სათანადო ფინანსური რესურსების არარსებობის და იურიდიული დახმარების სამსახურის შეზღუდული მანდატის გამო; მართლმსაჯულების რეფორმებზე დისკუსიები ჯერ კიდევ ვიწრო პოლიტიკური და პროფესიული წრეების განხილვის საგანია, რაც ამ დისკუსიებში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში; ბოლოს, სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ჩრდილოვანი ანგარიშები, გარკვეულ შემთხვევებში, არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს, რაც წარმოშობს მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების აუცილებლობას სახელმწიფო ხელისუფლების ეფექტური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, მათ შორის, სასამართლო რეფორმების გზით.
მიზნის მისაღწევად, პროექტი 7 ამოცანის შესრულებას ითვალისწინებს. მათგან “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მონაწილეობას მიიღებს 3 ამოცანის შესრულებაში:
აღნიშნული ამოცანების ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი: განახორციელებს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემისა და საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მონიტორინგს, შეისწავლის საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ გამოწვევებს და გამართავს “მართლმსაჯულების სკოლებს” დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვისა და მართლმსაჯულების საკითხებით დაინტერესებული სხვა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
ინსტრუქცია