[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემების ინტეგრაციის, მარგინალიზაციის და რადიკალიზაციის პრობლემებზე რეაგირება

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 97,978

ხანგრძლივობა: 2017-2018 წელი

2017 წლის იანვრიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს პროექტს – „საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემების ინტეგრაციის, მარგინალიზაციის და რადიკალიზაციის პრობლემებზე რეაგირება.“  პროექტი ხორციელდება ევრაზიის პროგრამის ფარგლებში  ღია საზოგადოების ფონდების  მხარდაჭერით.

საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემები (ქართველი მუსლიმი თემი, ქისტი მუსლიმი თემი, აზერბაიჯანელი მუსლიმი თემი) განსხვავებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ისტორიულ კონტექსტებში არსებობენ და სტრუქტურულ ჩაგვრასა და მარგინალიზაციას განიცდიან. აღნიშნული თემების სოციალურ და უფლებრივ მდგომარეობაზე სათანადო დისკუსია ხშირად გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის დისკურსითა და ანტიისლამური წინასწარგანწყობებით გადაიფარება და ჯგუფების რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებს ნაკლებად ასახავს. ამ კუთხით განსაკუთრებით თვალშისაცემია პანკისის რეგიონის შესახებ  მედიის მიერ შექმნილი მტრული და ზედაპირული სურათი,რაც რეგიონში არსებული რეალური მდგომარეობის ასახვას ართულებს. სახელმწიფო პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულია და ძირითადად თემის ინტერესების იგნორირებისა და მათი კონტროლის სტრატეგიას ეფუძნება. მუსლიმი თემის პოლიტიკური და სოციალური ჩაგვრის საკითხები აკადემიურ სივრცეში სუსტად არის შესწავლილი, რაც პრობლემების სათანადო ჩვენებასა და საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვას უშლის ხელს.

მიმდინარე პროექტის მიზანია მუსლიმი თემების პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა კვლევისა და ადვოკატირების გზით. ამ მიზნით, პროექტში გათვალისწინებული შემდეგი  ძირითადი აქტივობები:

–  აჭარასა და სხვა რეგინებში მცხოვრები ქართველი მუსლიმი თემის პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის კვლევა და სახელმწიფოსთვის კვლევაზე და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება და ადვოკატირება. კლევაში ასახული იქნება: პოლიტიკურ ორგანოებსა და საჯარო სამსახურში მუსლიმი თემის წარმომადგენლობისა და დასაქმების სტატისტიკა; რამდენადაა პოლიტიკურ დღის წესრიგებში მუსლიმი თემის ხმა და საჭიროებები ასახული; რა გავლენა აქვს სოციალურ განვითარებაზე თემის პოლიტიკურ გარიყულობას; ჩაგვრის პირობებში თვითგანვითარებისა და თვითორგანიზების სტრატეგიების საკითხების კვლევა;

– პანკისის რეგიონში შესაძლო რელიგიური რადიკალიზმისა და მისი წამახალისებელი პოლიტიკური და სოციალური სისტემური მიზეზებისა და სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის კვლევა. შედეგად  სახელმწიფოსთვის და სხვა აქტორებისთვის რეკომენდაციების პაკეტის მომზადება და მათი ადვოკატირება;

– მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა და უფლების შეზღუდვის სხვა ფაქტებზე სტრატეგიულ სამართალწარმოების განხორციელება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლევების შედეგებს  თავდაპირველად მუსლიმ თემს გაუზიარებს. მათ შეფასებებსა და მოსაზრებებს მოისმენს და გაითვალისწინებს. რაც შეეხება შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესებს,  ორგანიზაცია ადგილობრივი სათემო წარმომადგენლებისა და სხვა პარტნიორების დახმარებით გააკეთებს. ამასთან კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული დისკრიმინაციული თუ სხვა უკანონო პრაქტიკების  აღმოფხვრის მიზნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივ თემებს ადვოკატირების, მათ შორის, სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების გზით დაეხმარება.

პროექტი ხორციელდება ევრაზიის პროგრამის ფარგლებში  ღია საზოგადოების ფონდების  მხარდაჭერით

პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2017- ივნისი 2018

პროექტის ბიუჯეტი:97, 978 აშშ დოლარი

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“