საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიუჯეტი: CAD 17,670.94
ხანგრძლივობა: 2015-2016 წელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კანადის საელჩოს ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით იწყებს პროექტს “მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა სამოქალაქო განათლებისა და საჯარო დისკუსიების წახალისების გზით.“ პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეა და ის მოიცავს აქტივისტებისთვის სადისკუსიო ფორუმის ორგანიზებასა და მიღებული ცოდნის გამოყენება ცალკეულ მარგინალიზებულ ჯგუფებთან.
პროექტის პირველ ეტაპზე, 2016 წლის 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით, გაიმართება 5-დღიანი ფორუმი თემაზე: „ჩაგვრის სოციალური და პოლიტიკური ასპექტები: თეორია და პრაქტიკა“. ფორუმის მიზანია, ერთი მხრივ, გამოავლინოს და გაანალიზოს ჩაგვრის ისეთი ფორმები, როგორიცაა ექსპლუატაცია, გარიყვა, უძლურება, ძალადობა და კულტურული იმპერიალიზმი ლოკალურ კონტექსტში. ხოლო, მეორე მხრივ, გაიაზროს ჩაგვრის ფორმებისა და გამოვლინებების საპასუხო წინააღმდეგობები სოციალური მოძრაობების თუ ცალკეული აქტივიზმის სახით. ფორუმი ასევე ხელს შეუწყობს მონაწილეთა შორის თანამშრომლობასა და მათი იდეების, დღის წესრიგებისა და გამოწვევების ურთიერთგაზიარებას. ფორუმის ფარგლებში, მოწვეული იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი მომხსენებლები, რომლებიც სოციალური უთანასწორობის, ეკლესიისა და პოლიტიკის, გენდერისა და სექსუალობის თემატიკებზე წაიკითხავენ მოხსენებებს და უპასუხებენ დისკუსიის დროს წამოჭრილს შეკითხვებს. ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის გზით და მონაწილეთა რაოდეობა შეზღუდული იქნება. ფორუმის თანაორგანიზატორია „სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი“.
პროექტის მეორე ეტაპზე, ფორუმის მონაწილეთაგან შეირჩევიან ყველაზე მოტივირებული მონაწილეები, რომლებიც ფორუმის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ მარგინალიზებულ ჯგუფებს, მათი თვითრეპრეზენტაციისა და საჯარო პოზიციონირების ხელშეწყობის მიზნით. ამდენად, პროექტის მთავარი მიზანი იქნება, ერთი მხრივ, მონაწილეთა თეორიული ცოდნის გაზრდა და აქტივისტური პრაქტიკების მხარდაჭერა და მეორე მხრივ, მარგინალიზებული ჯგუფებისთვის ჩაგვრითი სოციალური სტუქტურებისა და პრაქტიკების შესახებ ცოდნის გადაცემა და ამ გზით საკუთარ მდგომარეობაზე თვითრეფლექსიის წახალისება.
პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოაქვეყნებს ბლოგ-პოსტებს ფორუმის ძირითად თემატიკებთან დაკავშირებით და მოამზადებს პროექტის შემაჯამებელ ვიდეო მასალას.
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2015 - თებერვალი 2016;
პოექტის ბიუჯეტი: 17,670.94 CAD.
ინსტრუქცია