[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: EUR 58,506

ხანგრძლივობა: 2015-2017 წელი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მარტიდან ახორციელებს სამწლიან პროექტს „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოს შორის“. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართულები არიან საქართველოში - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ხოლო, სომხეთში - საზოგადოება ძალადობის გარეშე (SWV) და საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობა (PINK).

2013 წლის მაისში თბილისში მომხდარი ჰომოფობიური დემონსტრაციებისა და ლგბტი ადამიანების მიმართ ძალადობის ფაქტების, ხოლო 2012 წლის მაისში ერევანში ლგბტი-მეგობრული ბარის განადგურების ფონზე, მრავალი სოციალური, პოლიტიკური თუ სიტუაციური ფაქტორი კვლავ ლგბტი ადამიანებს რთულ გარემოს უქმნის და ხელს უწყობს მათ მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ჰომოფობია და ტრანსფობია, ტრადიციასა და კულტურაში ღრმად გადგმული ფესვებით, ამ საზოგადოებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, რასაც აძლიერებს სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორის მიდგომაც.

ამრიგად, ამ პროექტის უმთავრეს მიზნებს წარმოადგენს ლგბტი პირთა მიმართ დისკრიმინაციასთან ბრძოლა, ყველა სახის ძალადობისგან მათი დაცვის გაძლიერება, მათთვის ადამიანის უფლებათა ადეკვატური უზრუნველყოფა, და ქართულ და სომხურ საზოგადოებებში მათი სრულფასოვანი ჩართვა.

პროექტის მიზანია, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჰომოფობიის/ტრანსფობიის დაძლევა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, დადებითი მედია ხილვადობის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის ხელშეწყობა. პროექტი ითვალისწინებს ორივე ქვეყანაში ლგბტი ადამიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებათა აქამდე უპრეცედენტო და სრულყოფილი კვლევის განხორციელებას, ასევე არსებული პირობების სიტუაციურ ანალიზს, მათ შორის ლგბტი პირთათვის გარკვეული სერვისების ხელმისაწვდომობის შეფასებას. როგორც კვლევა, ასევე სიტუაციური ანალიზი ჩაუყრის საფუძველს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების  გრძელვადიანი და პოლიტიკურად მიზანშეწონილი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც თანდათანობით და ეფექტურად შეამცირებს და აღმოფხვრის ჰომოფობიას/ტრანსფობიას საზოგადოების ყველა დონეზე.

ლგბტი სოლიდარობის ქსელი მიზნად ისახავს ადგილობრივი, განსაკუთრებით კი, რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების და ლგბტი ორგანიზაციების გაძლიერებას სხვადასხვა მიზნობრივი ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრის მეშვეობით, რათა მათ მიეცეთ საშუალება გააერთიანონ თავიანთი ცოდნა და რესურსები ძლიერი ქსელის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს წარმატებით დაიცვას ლგბტი პირთა უფლებები, ხელი შეუწყოს მათ ინტეგრირებას, აღმოფხვრას დისკრიმინაცია და თავიდან აიცილოს ძალადობა.

ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საქართველოში სამართალდამცავთა ცნობიერების და მგრძნობელობის ამაღლებას, აგრეთვე, შესაძლებლობების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ლგბტი პირთა ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისგან უკეთეს დაცვას. გარდა ამისა, დაგეგმილია პოლიციის აკადემიის სასწავლო პროგრამის გაფართოება, რათა მოხდეს მომავალ სამართალდამცავთა ლგბტი ადამიანებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინციდენტის დასაძლევად საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით აღჭურვა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ხილვადობის კომპონენტი ითვალისწინებს მრავალმხრივი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიას, მათ შორის სოციალურ სარეკლამო რგოლებს, მასალებს, საჯარო დისკუსიებს, ლგბტი საკითხებზე დოკუმენტურ ფილმებს და მათ საჯარო ჩვენებებს, და უწყვეტ ლობირებას  გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცების მიზნით.

საბოლოო ჯამში, პროექტი ითვალისწინებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (SOGI) საკითხების უფრო ღრმად გააზრებას, ლგბტი ადამიანთა მიმართ მეგობრული დამოკიდებულების ინტეგრაციასა და ინტერნალიზაციას, დისკრიმინაციის შემცირებასა და საბოლოო აღმოფხვრას, ლგბტი პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და მათ სრულფასოვან ჩართვას საქართველოსა და სომხეთის საზოგადოებებში.

პროექტის ხანგრძილოვბა: მარტი 2015 - ოქტომბერი 2017;

პროექტის ბიუჯეტი: 58,506 ევრო.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“