[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

კანონის უზენაესობის ხელშეწყობა მონიტორინგის, კვლევისა და განათლების გზით

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: GEL 250,000

ხანგრძლივობა: 2023-2024 წელი

რეფორმის რამდენიმე ტალღის მიუხედავად, ქართული მართლმსაჯულების სისტემა ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ხელისუფლების დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და პოლიტიკურად ნეიტრალურ შტოდ. საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სანდო სახელმწიფო ინსტიტუტია. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების ბოლო შეფასებები კი მიუთითებს, 2020 წლის შემდეგ, საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა, რაც უარყოფითად აისახება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებასა და ევროინტეგრაციის მთლიან პროცესზე.

როგორც ევროკომისიის 12 რეკომენდაცია მიუთითებს, რეფორმები არ უნდა შემოიფარგლოს საერთო სასამართლოებით. აუცილებელია, შეიქმნას მართლმსაჯულების იმგვარი სისტემა, რომელშიც მთელი ინსტიტუციური ჯაჭვი იქნება სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი და ეფექტურად დაიცავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. საერთო სასამართლოებთან ერთად კი, სასამართლო ხელისუფლების არანაკლებ მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოს პროკურატურა და საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელთა საქმიანობა, ძირითადად, შეფასებასა და კრიტიკულ აზრს მიღმა რჩება.

გარდა ამისა, მართალია, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები  და მედია აქტიურად საუბრობენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ფუნდამენტურ ხარვეზებზე, მართლმსაჯულების რეფორმები მაინც შეზღუდულია პოლიტიკოსებსა და ვიწრო პროფესიულ ჯგუფებში არსებული დისკუსიებით. ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესის ფონზე კი  კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული დებატების და მათი მონაწილეების წრის გაფართოება. აკადემიას და ახალგაზრდა პროფესიონალებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის გზით აქტიური წვლილი შეიტანონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ანგარიშვალდებული და სანდო მართლმსაჯულების სისტემის შექმნასა და ამ მიმართულებით მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესში.

შესაბამისად, პროექტი მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესის ფარგლებში  ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერას და  ამ პროცესში დაინტერესებულ პირთა ფართო წრის, პროფესიული ჯგუფების, ახალგაზრდა პროფესიონალების/მკვლევარებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების უფრო აქტიურად ჩართულობის ხელშეწყობას.

პროექტის განხორციელების შედეგად (1) მომზადდება ანალიტიკური ანგარიშები, რომლებშიც შეფასებული იქნება მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 2021-2027 წლების დღის წესრიგისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, ასევე შეფასდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და პროკურატურის  ინსტიტუციური გამოწვევები, (2) ჩატარდება მართლმსაჯულების სკოლები სტუდენტებისა და მართლმსაჯულების რეფორმებით დაინტერესებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის (3) სკოლების კურსდამთავრებულთა ჩართულობით მომზადდება ანალიტიკური მასალები მართლმსაჯულების აქტუალურ თემებზე, (4) გაიმართება სამუშაო შეხვედრები და საჯარო დისკუსიები პროფესიული ჯგუფების, პოლიტიკური აქტორებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შექმნილი კვლევების/ანგარიშების მიგნებებისა და მათ საფუძველზე შექმნილი მულტიმედია მასალების გამოქვეყნება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული გამოწვევების საჯარო დღის წესრიგში შეტანას და მედიის მიერ ამ საკითხებზე აქტიურ მუშაობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“