[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დაავალოს დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება

EMC ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

დღეს, საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის[1], კარანტინისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, დასაქმებულების ნაწილს კვლავ უწევს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული[2] ე.წ. ‘აუცილებელი შრომის’ შესრულება. აუცილებელია შრომა შეიძლება განისაზღვროს, როგორც საზოგადოების კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის არსებითი შრომა, რომელიც არ ექვემდებარება საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს. მიუხედავად აუცილებელ სამუშაოზე დასაქმებული მუშახელის საქმიანობის კრიტიკული მნიშვნელობისა, ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ყოველდღიური საფრთხის ქვეშ, უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე და უფლებების სისტემატიური დარღვევის პირობებში მუშაობენ. მედიაში გავრცელებული და ჩვენი ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, დასაქმებულების ისედაც მძიმე სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც მთავრობის დადგენილების საფუძველზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვებით, ბევრ დასაქმებულს სამუშაო ადგილზე მისვლის შესაძლებლობა შეეზღუდა. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებულია[3] საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსის კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთ გადაადგილება.

საგანგებო მდგომარეობის დროს, საქართველოს მთავრობის მიერ დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობაში, მათ შორის, სასურსათო მაღაზიებში, სამედიცინო დაწესებულებაში, სააფთიაქო ქსელებსა და სამკერვალოებში დასაქმებულთა უმრავლესობა არ გადაადგილდება საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მუნიციპალიტეტებში მოქმედი ტაქსების ყოველდღიური გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, მათ მატერიალურ შესაძლებლობებს აღემატება. შესაბამისად, მითითებული შეზღუდვა პირდაპირპროპორციულად აისახება დასაქმებულთა მიერ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობაზე. აღნიშნული გარემოება, მნიშვნელოვნად ზრდის დამსაქმებელთა მხრიდან ამ ფაქტორების ბოროტად გამოყენების ალბათობას, რაც დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე უარის თქმით და მათთან დადებული შრომით ხელშეკრულებების შეწყვეტით გამოიხატება.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით[4]. სატრანსპორტო შეზღუდვის გათვალისწინებით, სამუშაო ადგილზე დასაქმებულის საკუთარი ხარჯებით გამოცხადება, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლად უნდა ჩაითვალოს. დაუშვებელია დასაქმებულებს მოეთხოვოთ საკუთარი ხარჯებით, ქვეყანაში დაშვებული M1 სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ასევე სამუშაო ადგილებზე, ტაქსებით გამოცხადება. აღნიშნული გარემოება მძიმედ აისახება ისედაც მიზერულ ანაზღაურებაზე დასაქმებული პირების შემოსავალზე. ამასთან, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა[5]. შრომითი ხელშეკრულების სპეციფიკისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს, რათა შრომითი ურთიერთობა შეცვლილ გარემოებებს მიუსადაგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულებს უნდა შეუნარჩუნდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ანაზღაურება სრულად[6].

საქართველოში, დამსაქმებელთა მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევის მასშტაბი უკიდურესად მაღალია, ხოლო დასაქმებულთა სამართლებრივი დაცვის ბერკეტები უკიდურესად სუსტი. დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის არსებული ძალაუფლებრივი ასიმეტრია კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო ცხადი გახდა. მრავალი დასაქმებული სამსახურისა და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დამსაქმებლების მხრიდან შექმნილი კრიზისული ვითარების ბოროტად გამოყენების გამო რჩება.

შესაბამისად, ერთი მხრივ, დასაქმებულთა საჭიროებების გათვალისწინებით, ხოლო მეორე მხრივ,  ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გამოიყენოს საგანგებო უფლებამოსილება და:

  • საგანგებო მდგომარეობის ვადით, დამსაქმებლებს დაავალოს დასაქმებულთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა, მათი სამუშაო ადგილზე მიყვანისა და წამოყვანის გათვალისწინებით, და საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს დამსაქმებლებს შესაბამისი მხარდაჭერა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს მთავრობის დადგენილება N181.

[2] საქართველოს მთავრობის დადგენილება N204, მუხლი 1, მე-4 პუნქტი.

[3] საქართველოს მთავრობის დადგენილება N204, მუხლი 1, პირველი პუნქტი, „ა“ ქვეპუნქტი

[4] საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლის 11, ნაწილი მე-2

[5] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 398, ნაწილი პირველი.

[6] საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 32, ნაწილი პირველი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“