საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წინააღმდეგ.
პროსახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა უნგრეთის მმართველი პარტიის, “ფიდესის” (Fidesz) ევროპარლამენტარ ჩაბა დიომეტორის განცხადებას. მან სტრასბურგში, მორიგი ანტიევროპული შინაარსის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2019 წლიდან 2023 წლამდე ევროკომისიამ არაკომერციულ ორგანიზაციებთან სულ მცირე 37,000 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი თქმით, ეს თანხები სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობისთვის გამოიყენება და თითქოს აღნიშნული ორგანიზაციები ვიწრო მემარცხენე ელიტების იდეებს ატარებენ.
ამავე პარტიის მიერ გავრცელებულ მასალებში თითქოს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროექტები და მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია "იმედის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ მასალაში აღნიშნულია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირისგან მიღებული აქვს 2,800,000 ევროზე მეტი, რაც აბსურდული და სიმართლეს მოკლებულია.
საზოგადოების წინაშე ჩვენი ანგარიშვალდბეულებისთვის ვთვლით საჭიროდ განვმარტოთ, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მუშაობას ევროკავშირი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში უწევს მხარდაჭერას, რაც საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესებისთვის ვიმუშაოთ ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლოს უფლება, ახალგაზრდა პროფესიონალების განათლება, ადიქცია და ადამიანის უფლებები, უმცირესობების დაცვა და უსაფრთხოების საკითხები.
თუმცა, როგორც უნგრელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული მონაცემები, ისე მისი ტირაჟირება პროპაგანდისტული მედიების მხრიდან მცდარია და რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში, მიმდინარე პერიოდში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მონაწილეობდა 3 სხვადასხვა სამწლიანი კოალიციური პროექტის განხორციელებაში, რომლებიც რამდენიმე ორგანიზაციას აერთიანებს. ამ პროექტების ფარგლებში განაწილებული ბიუჯეტი არ ეხება მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას. უშუალოდ სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის განკუთვნილი მხარდაჭერა 4.5-ჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რაც დეზინფორმაციულ სიუჟეტებშია მითითებული. აღნიშნული პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
არ არის შემთხვევითი, რომ "ქართული ოცნება" და მის კონტროლქვეშ მყოფი პროპაგანდისტული მედიები იმეორებენ და ტირაჟირებენ უნგრეთის ანტიევროპული, ავტორიტარული რეჟიმის პრაქტიკებსა და გზავნილებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ვიქტორ ორბანი და მისი ნაციონალისტურ-მემარჯვენე პარტია გამოირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სისტემური შეზღუდვის პრაქტიკებით. იგი ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედებს, რის გამოც ევროკავშირმა მის მიმართ არაერთი სანქცია გამოიყენა. ორბანი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან და ხშირად განიხილება როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელი ევროკავშირის შიგნით. უნგრელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება პროსახელისუფლებო ქართულ მედიაში ასევე არ არის შემთხვევითი. ეს უკავშირდება “ქართული ოცნების” მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების დაზიანება, დისკრედიტაცია და საზოგადოებრივი ნდობის შემცირება.
საგანგაშოა, რომ პროსახელისუფლებო მედიები - საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია "იმედი", სისტემურად არღვევენ ჟურნალისტიკის საბაზისო ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს. ისინი უარს ამბობენ ელემენტარულ ფაქტების გადამოწმებაზე, არ ამოწმებენ მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას და საზოგადოებაში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რაც მათ აქცევს დეზინფორმაციის აქტიურ გამავრცელებლად და პოლიტიკური ინსტრუმენტად "ქართული ოცნების" ხელში. მით უფრო შემაშფოთებელია ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტექსტში, რომელიც საზოგადოების კუთვნილებაა და რომლის მისიაა დემოკრატიული ღირებულებებისა და პლურალიზმის მხარდაჭერა.
მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მიზანმიმართულად ატარებს პოლიტიკას, რომელიც ემსახურება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური სივრცის შეკვეცას. ეს კამპანია უფრო ვრცელი და სისტემური პროცესის ნაწილია, რომელიც ასახავს მმართველი ძალის მზარდ ავტორიტარულ მიდრეკილებებს და ამავდროულად ცდილობს საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული განწყობების გაღრმავებას.
ინსტრუქცია