[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

„უფლებები საქართველო“ და EMC აფხაზეთში გასამართლებული ირაკლი ბებუას საქმეზე ახალ მიმართვას ავრცელებენ

2020 წლის, 7 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის de facto სასამართლომ აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. უფლებები საქართველო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევენ, რომ ირაკლი ბებუას მიმართ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, მიმართავენ თხოვნით საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური ზომა, რათა ხელი შეუწყონ ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის პროცესს. ასევე, უზრუნველყონ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

„უფლებები საქართველო“ და EMC ბებუას დაკავების პირველივე დღეებიდანვე  ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირების და ბებუასათვის სათანადო იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფის პროცესებში. მათ შორის ორგანიზაციები,  ირაკლი ბებუას უფლებრივი და სამედიცინო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად იღებდნენ აფხაზეთის de facto სახალხო დამცველისგან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, გალში აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე დააკავეს. ირაკლი ბებუას განმარტებით აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა პროტესტის გამოხატვის სიმბოლურ ფორმას აფხაზებისა და ქართველების დაყოფის ფაქტთან დაკავშირებით.[1] საყურადღებოა, რომ ზოგიერთი ქვეყნის იურისპრუდენციაში მსგავსი ქმედება გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში ექცევა.[2]

რაც შეეხება ბებუას დაკავების შემდგომ მოვლენათა განვითარებას, აფხაზეთის de facto პოლიციამ, სახლის ჩხრეკის დროს ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც, მათი მტკიცებით, ირაკლი ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა.[3] ირაკლი ბებუა უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. როგორც ჩანს, de facto უწყებების მიზანი მისთვის ბრალის და მოსალოდნელი სასჯელის დამძიმება იყო. ბებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. დაახლოებით ორ თვის შემდეგ, 2020 წლის 7 დეკემბერს გალის რაიონულმა სასამართლომ მოსამართლე დენის აშუბას თავმჯდომარეობით  ირაკლი ბებუას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. De facto სასამართლომ ირაკლი ბებუას მსჯავრი დასდო სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა), 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ( (სხვისი ქონების განზრახ განადგურება) და 334-ე მუხლის (სახელმწიფო დროშის შეურაცხოფა) საფუძველზე და სასჯელთა შეკრების წესით მას 9 წლით თავისუფლების  აღვეთა და და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა. [4] აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება 15 დღის ვადაში შესაძლებელია აფხაზეთის de facto უზენაეს სასამართლოში.

საყურადღებოა ასევე, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან მას ჯერ კიდევ დაკავებამდე გამოხატული ჰქონდა ქრონიკული დაავადებები.[5]

ადამიანის უფლება ევროპული სასამართლოს განმარტებით, მაშინაც კი, როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს არა აქვს შესაძლებლობა, ხელისუფლება განახორციელოს თავისი ტერიტორიის მთლიან ნაწილზე de facto არსებული სიტუაციის გამო, როგორიც წარმოიქმნება სეპარატისტული რეჟიმის შექმნის შემთხვევაში, თუ მისი ტერიტორიის მეორე სახელმწიფოს მხრიდან სამხედრო ოკუპაციის შემთხვევაში, ამით კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია არ წყვეტს მოქმედებას ტერიტორიის ასეთ ნაწილზე.  მიუხედავად ამისა, ასეთი ფაქტობრივი სიტუაცია ამცირებს აღნიშნულ იურისდიქციას, ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პოზიტიური ვალდებულებით მოწმდება. სასამართლოს თქმით, შესაბამისი სახელმწიფო უნდა ეცადოს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში სამართლებრივი და დიპლომატიური საშუალებებით, გააგრძელოს კონვენციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. მართალია, სასამართლოს არა აქვს უფლება, მიუთითოს სახელმწიფოებს და ხელისუფლების ორგანოებს, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნეს განხორციელებული იმისათვის, რომ ყველაზე ეფექტურად შესრულდეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები, მაგრამ სასასამართლომ უნდა შეამოწმოს, რომ განხორციელებული ღონისძიებები შესაფერისი და საკმარისია კონკრეტულ საქმეში. [6]

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიტიური ვალდებულებების გათვალისწინებით „უფლებები საქართველო“ და EMC მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:

  • გამოიყენოს ყველა გონივრული პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი და სხვა ზომა უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის მიზნით. მათ შორის, ეს საქმე გახადონ ჟენევის მოლაპარაკებებისა და სხვა არაფორმალური პოლიტიკური კომუნიკაციის ფარგლებში პრიორიტეტული განხილვისა და გადაწყვეტის საგანი;
  • ირაკლი ბებუას პატიმრობის პერიოდში უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ხელმომწერები ორგანიზაციები ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას ირაკლი ბებუას უფლებების დასაცავად გამოიყენონ როგორც  ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ირაკლი ბებუას საქმეზე, 12 ოქტომბერი, 2020.

[ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lWRGzd , წვდომის თარიღი: 08.12.2020]

[2] First Amendment: Free Speech and Flag Burning, Texas v. Johnson, 491 U.S. 397 (1989) [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2JKdTTW, წვდომის თარიღი: 08.12.2020]

[3] საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ირაკლი ბებუას საქმეზე, 12 ოქტომბერი, 2020.

[ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lWRGzd, წვდომის თარიღი: 08.12.2020]

[4] აფხაზეთის უზ. სასამართლოს პრეს-რელიზი. [ხელმისაწვდომია: https://www.vs-ra.org/press-tsentr/newsevent/detail.php?ELEMENT_ID=925, წვდომის თარიღი: 08.12.2020]

[5] საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ირაკლი ბებუას საქმეზე, 12 ოქტომბერი, 2020.

[ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lWRGzd, წვდომის თარიღი: 08.12.2020]

[6] ილაშკუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ, ECHR, 2004, პარაგრაფები 333-334;

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“