მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, აზერბაიჯანში არაერთი ჟურნალისტი დააკავეს. ყველა მათგანი დამოუკიდებელ მედიას წარმოადგენდა და სხვადასხვა დროს ობიექტურად და კრიტიკულად აფასებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მოქმედებას ადამიანის უფლებათა დაცვის თუ ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის კუთხით.
აზერბაიჯანის ხელისუფლების შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ აძლიერებს ეჭვს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების დაკავება წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის და კონტრაბანდის ბრალდებებით, პოლიტიკურად მოტივირებულია. მართალია, ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული სანქციები არ არის განსაკუთრებული სიმძიმის, მაგრამ რამდენიმედღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასაც შესაძლოა ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რის მიღწევასაც სავარაუდოდ, ცდილობს აზერბაიჯანის ხელისუფლება. მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს მის ხელთ არსებულ დახმარების პროგრამებს და ჟურნალისტების ოჯახის წევრებს სოციალური დახმარების მისაღებად დაუსაბუთებელ შეზღუდვებს უწესებს.
ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანში მკვეთრად გაუარესებულია მდგომარეობა სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობისთვის. არა ერთი სამოქალაქო აქტივისტი ამ დრომდე რჩება პატიმრობაში. აზერბაიჯანში გართულებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობაც, პოლიტიკური ზეწოლის, ფიზიკური დაუცველობის და დევნის რეჟიმის გამო. სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველ თუ მედია ორგანიზაციებს არა ერთხელ გაუკრიტიკებიათ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გამოყენებული რეპრესიული ზომები ჟურნალისტების მიმართ. პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, აზერბაიჯანი 180 ქვეყანას შორის 151-ე ადგილზეა. მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოში, პოლიტიკური თუ სხვა სახის ზეწოლის გარეშე მუშაობის შესაძლებლობის მიცემა დემოკრატიული განვითარების აუცილებელი კომპონენტია.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას კრიტიკულად შეაფასონ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე ფაქტები და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური მექანიზმები აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- სამოქალაქო იდეა
- საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის ოფისი
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი