საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 35
გამოცემის წელი: 2021
მკვლევრები: 
წინამდებარე კვლევითი ნაშრომი ცდილობს აღწეროს საქართველოს მონოინდუსტრიულ, ქვანახშირის მომპოვებელ ქალაქ ტყიბულში მცხოვრებ ქალთა შრომასთან და შრომის ბაზარზე მონაწილეობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. თუმცა, უშუალოდ დასაქმების/უმუშევრობის გარდა, ის ცდილობს დააკვირდეს ტყი- ბულში ქალთა ცხოვრებას ზოგადად, მათ ძირითად გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც, ერთი მხრივ, ქალაქის მთელ რიგ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისებურებებზე გვესაუბრება, მეორე მხრივ კი უფრო ფართო, გლობალურ და ეროვნულ დონეზე არსებულ სტრუქტურულ გამოწვევებსა და ფაქტორებზე, რომლებიც გარდაუვლად მოქმედებს ტყიბულელ ქალთა ცხოვრებასა და შრომაზე.
ადგილზე წარმოებული საველე სამუშაოებითა და მოპოვებული რაოდენობრივი თუ თვისებრივი მონაცემებით, ნაშრომი ცდილობს, ააგოს ტყიბულში ამჟამად მოქმედი ქალთა შრომითი ბაზარი, მისი დემოგრაფიული, სექტორული განაწილება და განვითარების პერსპექტივები; სამუშაო ადგილების სპეფიციკა, ანაზღაურებისა და შრომითი პირობების თავისებურებები; ტყიბულელ ქალთა სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და მენტალური ცხოვრების ძირითადი ასპექტები და თავისებურებები, ქალაქში არსებული ზოგადი სოციალური კრიზისი, რომელიც გარკვეულწილად სწორედ ქალთა დასაქმების კონკრეტულ ტიპზე – შრომითი მიგრაციის შედეგებზე დგას; ტყიბულიდან ემიგრირებულ ქალთა შრომის მნიშვნელობა და მასშტაბი, ისევე, როგორც ამ პროცესის უშუალო და ირიბი შედეგები.
კვლევის შედეგად ცალსახად გამოიკვეთა, რომ მტკიცება, რომლის თანახმადაც ტყიბული მთლიანად დამოკიდებულია მხოლოდ შახტაზე და მეშახტეთა ხელფას- ზე, ვერ ხედავს ქალაქის ფორმალური თუ არაფორმალური ეკონომიკის გარეთ არსებული შრომის უზარმაზარ ჯაჭვს – ქვეყნის გარეთ სამუშაოდ ემიგრირებული ქალების მიერ მიღებული შემოსავლების მასშტაბსა და გარდამტეხ მნიშვნელობას ქალაქის სოციალური და ეკონომიკური სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ამ ფენომენის გათვალსაჩინოების მცდელობით, კვლევა ადგენს, რომ ტყიბულელ ქალთა უდი- დესი ნაწილი შრომის ბაზარზე მონაწილეობს არა ადგილობრივ დონეზე, არამედ მის გარეთ; რომ ამ და სხვა მახასიათებლებით, რაც ქალების ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევებიდან დგინდება, ტყიბული წარმოადგენს ტიპიურ „კუმშვად ქალაქს“, სადაც ადგილობრივად გაწეული მძიმე ფიზიკური შრომა თუ ქვეყნის გარეთ მიგრანტ ქალთა მძიმე ფიზიკური და ემოციური შრომა ისევ რესურსებისგან დაცლას – ახალგაზრდათა ქალაქიდან გადინებას ემსახურება.
ინსტრუქცია