საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 2018 წლის 25 ივნისს სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას თემირლან მაჩლიკაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემების შესაძლო შესწავლის შესახებ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განუხრელად დაიცვან კანონის უზენაესობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპები და შეწყვიტონ სამართლებრივი დაცვისა და პროცესის მიღმა, თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი დისკრედიტაციის მცდელობა.
აღსანიშნავია, რომ თ. მაჩალიკაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატები მუდმივად ვითხოვდით პროკურატურისგან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ტერორიზმის მხარდაჭერის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებული საქმის მასალების გაცნობას და თ. მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გაჩენილი კითხვებისა და ეჭვების გადაწყვეტას. აღნიშნულ მასალაზე დაშვების დაპირება თ. მაჩალიკაშვილის ოჯახმა მთავარი პროკურორისგან მიიღო კიდეც. თუმცა, ამ დრომდე პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოჯახისთვის საქმის მასალების გაცნობის გადაწყვეტილება არ მიუღია. ამის საწინააღმდეგოდ, პერიოდულად ხდება თ. მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებული ფრაგმენტული ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფოს ოფიციალური ან მედია საშუალებების არხებით ისე, რომ ოჯახის ადვოკატებს არსებულ მასალებზე რაიმე წვდომა და მათი რელევანტურობისა და ვალიდურობის კრიტიკული შეფასების და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა არ გვაქვს. მათ შორის, გუშინ იმედის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ექსკლუზიურად სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და მასზე წვდომა არც ერთი პროცედურის ფარგლებში არც ერთ მესამე პირს წვდომა არ აქვს, აჩენს კითხებს ინფორმაციის გავრცელების წყაროსთან და მიზნებთან დაკავშირებით.
მიმდინარე თვეების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები ღიად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტურ პრინციპს თ. მაჩალიკაშვილის მიმართ და სხვადასხვა საინფორმაციო ტაქტიკების გამოყენებით თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის ღირებულების დაკნინებას ცდილობენ. თ. მაჩალიკაშვილის ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბისა და მისი მძიმე სოციალური ეფექტის გათვალისწინებით, სუს-ის პასუხისმგებლობასთან კითხვები საზოგადოებისთვის კრიტიკულად დგას და ის ლეგიტიმური რჩება ყველა შემთხვევაში.
ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია შეწყვიტა თუ არა პროკურატურამ თ. მაჩალიკაშვილის მიმართ დაწყებული გამოძიება და რა სამართლებრივი წესით ხდება თ. მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. ამ დრომდე თ. მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით გავრცელებული ფრაგმენტული ინფორმაციის რელევანტურობის და დამაჯერებლობის საკითხი ასევე ბუნდოვანია. თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოძიების საწყის ეტაპზევე, მათ შორის, პროკურატურაში მიცემულ ჩვენებებში უთითებდნენ, რომ თ. მაჩალიკაშვილი მათი კარის მეზობლისა და ოჯახის მეგობრის ნაქირავებ სახლში, თბილისში 2017 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა და აღნიშნულ სახლში ასევე ცხოვრობდნენ მათთვის სხვა სახელებით ცნობილი რუსეთის მოქალაქე ჩეჩენი პირები, რომლებიც როგორც შემდგომში გაირკვა ა. ჩატაევთან დაკავშირებული პირები აღმოჩნდნენ. დაკავებულ პირებთან თემირლანის პირადი კომუნიკაციის მიღმა, რომელიც მისი ოჯახის წევრებმა გამოძიების წინაშე საწყის ეტაპზევე დააფიქსირეს, დასტურდება თუ არა მისი დანაშაულებრივი კავშირი ამ პირებთან, რაც წინასწარი შეცნობით ტერორისტული ორგანიზაციის ან პირის დახმარებაში გამოიხატა, სრულყოფილი გამოძიების და სამართლებრივი შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიოფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლის ქვეშ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებული საქმის მასალების გაცნობა და თავი შეიკავონ თ. მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან.
ინსტრუქცია