[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი უერთდება 23 მაისს “რიონის ხეობის მცველების” აქციას

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” სამაგალითოა ყველასთვის, ვინც იმედს სახალხო თვითორგანიზებაზე ამყარებს არსებული პოლიტიკური წესრიგის მიღმა. მოძრაობა უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში როგორც მასშტაბის, ისე წინააღმდეგობის ფორმების კუთხით. რიონის ხეობის მოსახლეობამ შექმნა სოლიდარობის ახალი პრაქტიკები და უწყვეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით გააერთიანა მოქალაქეთა მრავალფეროვანი სპექტრი ქვეყნის ყველა რეგიონიდან და სამოქალაქო საზოგადოების მრავალი სექტორი.

რიონის ხეობაში წინააღმდეგობის მოძრაობა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა მიმართ ტარდება რეპრესიული ზომები და მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია. მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები. საპოლიციო ძალები რამდენიმე კვირაა აგრძელებენ ხეობის ბლოკირებას და უხეშად, უკანონოდ ზღუდავენ როგორც პროტესტის მონაწილეთა, ისე ხეობის მოსახლეობის გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლებებს. სხვადასხვა სამთავრობო უწყებები და სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ დეზინფორმაციას დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტისა და მიმდინარე წინააღმდეგობის შესახებ, რაც მანიპულაციის გზით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ერთი მხრივ მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს კომპრომისზე წასვლის მზაობასა და დიალოგის აუცილებლობაზე, მეორე მხრივ კი აგრძელებენ რეპრესიულ პოლიტიკას და გაურბიან დიალოგს.

მიმდინარე წინააღმდეგობა ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთ ჰიდროენერგეტიკულ პროექტს, არამედ მთელ ძალაუფლებრივ სტრუქტურას და განვითარების არსებულ ტრაექტორიას. „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” უპირისპირდება საერთო საკუთრების პრივატიზებას, საჯარო ინტერესის კერძოს სასარგებლოდ დათმობას და მოქალაქეების გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან გამორიცხვას. ბუნებრივი გარემოს მიმართ ჩამოყალიბებული მომხმარებლური დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რიონის ხეობას, არამედ საქართველოს მოსახლეობას დიდ ქალაქებიდან მონოინდუსტრიულ რეგიონებამდე.

ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე პროცესებში ნათლად ჩანს, რომ ქართული სახელმწიფო არა საკუთარი მოსახლეობის პრიორიტეტებს, არამედ კერძო ინვესტორის ინტერესს ემსახურება. არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებელი და არც სასამართლო ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა მოესმინა რიონის ხეობის მოსახლეობის წუხილები, გაეთვალისწინებინა მათი აზრი და ემოქმედა მათი უფლებების დასაცავად.

სამთავრობო ძალების მიღმაც, მედია საშუალებების უმეტესობა და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საკითხის კომპეტენტურად და სამართლიანად გაშუქების ნაცვლად ერთვება მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაში, თავს არიდებს მკაფიო პოზიციის გამოხატვას და იმეორებს ინვესტორი კომპანიის მიერ გავრცელებულ არაზუსტ და ხშირად ცრუ ინფორმაციას.

ამ უკიდურესად უთანასწორო გარემოში, სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერის გარეშე, მოძრაობა „რიონის ხეობის გადასარჩენად” იბრძვის სამართლიანობისთვის, შეუქცევადი ზიანის თავიდან ასაცილებლად და უფრო პასუხისმგებლიანი, სოლიდარული საზოგადოებისთვის. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ბუნებრივი რესურსი ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს და ის დემოკრატიულად და სამართლიანად უნდა იმართებოდეს. ამიტომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი უერთდება 23 მაისს დაგეგმილ აქციას და სოლიდარობას უცხადებს რიონის ხეობის მოსახლეობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“