საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანი იხ. მიმაგრებულ ფაილში
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკას მოსახლეობის მოთხოვნას მათ სოფელში დასახლების საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ განახორციელოს საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ყველა ზომა.
რამდენიმე თვეა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკას მოსახლეობა ცდილობს თვითმმართველობისთვის საკუთარი ხმის გაგონებას და მათი სოფლის სახელწოდების ცვლილების პროცესში თვითმმართველ ორგანოებისთვის სოფლის პოზიციის გაცნობას.
2022 წლის 18 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი სახელწოდებების შეცვლის საკითხზე. საკრებულომ ორი სოფლის, კიროვკას და შაუმიანის სახელწოდებების ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწვეტილებას მხარი დაუჭირა. თვითმმართველი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფლების ახალი სახელწოდებები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით შეირჩა, სადაც შაუმიანის სახელწოდება უნდა შეცვლილიყო ზემო შულავერად, ხოლო კიროვკას ნაცვლად შემოთავაზებულ იქნა ორი ვარიანტი: „მეგობრობა“ ან „მწვანე გორა“.
26 აპრილს სოფელ კიროვკას მოსახლეობამ მარნეულის მერიასა და საკრებულოს კოლექტიური წერილით მიმართა, რომლითაც ისინი მათი სოფლისთვის ახალი სახელწოდების შერჩევის პროცესში მათ ჩართვას ითხოვდნენ და თვითმმართველობას სოფლის სახელწოდებად „მამეი“-ს სთავაზობდნენ, რაც მათი განმარტებით, აღნიშნული სოფლის ისტორიული სახელწოდებაა და რომელიც 1949 წელს საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიცვალა, როგორც კიროვკა. კიროვკას მოსახლეობა ინახავს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს, სადაც სოფლის სახელწოდება აღნიშნულია, როგორც „მამეი“. ასევე, სოფელში საუბრობენ უცხოელი მოგზაურების ნაშრომებზე, წიგნებზე და ა.შ. სადაც მათი სოფელის სახელწოდება მე-18 საუკუნეშიც კი ნახსენებია, როგორც „მამეი“. აღსანიშნავია, რომ კოლექტიურ წერილს ხელს აწერდა სოფლის მოსახლეობის 30%-ზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის პარალელურად მოსახლეობა შეხვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ კენან ომაროვს და სთხოვეს მხარდაჭერა ამ პროცესში. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ მერი მათ დახმარებას შეჰპირდა და ამასთანავე ითხოვა დამატებითი დრო. თუმცა, რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, პლატფორმა სალამის და სხვა აქტივსტების მხარდაჭერით, მოსახლეობამ გადაწყვიტა სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით დასახლების საერთო კრების ორგანიზება.
ამ მიზნით, 7 ივლისს სოფლის საინიციატივო ჯგუფმა წერილობით მიმართა თვითმმართველ ორგანოს, რათა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტს მოსახლეობისთვის უნდა გადაეცა საჭირო დოკუმენტები დასახლების საერთო კრების ჩატარების მიზნით, სადაც სოფლის დასახელების საკითხი იქნებოდა განხილული.
აღნიშნული წერილზე პასუხად საინიციატივო ჯგუფმა მერიისგან მიიღო კითხვები, თუ რა ეტიმოლოგია აქვს სახელწოდება „მამეი“-ს? წარმოადგენს თუ არა მამეი საზოგადო ან სახელმწიფო მოღვაწის სახელს? თუ რატომ უნდოდათ მათ სოფლის სახელწოდებად მამეი, რა დამსახურება ჰქონდა მამეის საქართველოს წინაშე?
აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ, 19 ივლისს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ მიმართეს თვითმმართველობას, რომ აღნიშნული კითხვებზე პასუხები გაეცემა დასახლების საერთო კრების ჩატარების პროცესში, ხოლო ამ ეტაპზე მოსახლეობის მოთხოვნა იყო დასახლების საერთო კრების ჩატარება.
ამ დრომდე ადგილობრივ თვითმმართველობას ამ საკითხზე რეაგირება არ მოუხდენია.
ეთნიკური უმცირესობების კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციით გარანტირებული უფლებაა და უმცირესობების უფლებების განხორციელებისთვის საყრდენი საკითხია. ჩარჩო კონვენციის მე-4 მუხლი განსაზღვრავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები უმცირესობების ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის, ხოლო მე-15 მუხლი სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ პოზიტიური ზომები მონაწილეობის სათანადო პირობების შესაქმნელად.
ასევე, ჩარჩო კონვენციის მე-5 მუხლი ავალდებულებს წევრ ქვეყნებს შექმნან აუცილებელი პირობები უმცირესობებისთვის, მათი კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, მათი თვითმყოფადობის ელემენტების, კერძოდ, რელიგიის, ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილი სახელმწიფოებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისეთი პოლიტიკის და პრაქტიკის განხორციელებისგან, რომლებიც მიზნად ისახავენ ეთნიკური უმცირესობების ასიმილაციას მათი სურვილის წინააღმდეგ და უნდა დაიცვან ეს პირები ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს ამგვარ ასიმილაციას.
უმცირესობების კულტურული იდენტობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ელემენტია მათი მონაწილეობა კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხოლო მონაწილეობის უფლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი საკონსულტაციო მექანიზმების არსებობაა სხვადასხვა დონეზე, მათ შორის თვითმმართველობის დონეზე, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ.[1]
ამასთან, თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია და მისი დამატებითი ოქმი (2009 წელი), რომელიც საქართველოს მიერაც არის რატიფიცირებული (2019 წელი), ადგენს, რომ თვითმმართველობაში მონაწილეობა საკვანძო პოლიტიკური უფლებაა და ის გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების ძალაუფლებასა და ვალდებულებების განსაზღვრას და მათ გამოყენებაზე ზემოქმედების მოხდენას. კანონმა შესაბამისი ინსტრუმენტების საშუალებით ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული უფლების განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს პირის ან ჯგუფის უსამართლო დისკრიმინაციას, კანონს უნდა შეეძლოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა ვითარების ან პირთა კატეგორიისათვის. დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი, რომელიც მონაწილეობის უფლების უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებებს მიმოიხილავს ადგენს, რომ ეფექტიანი ზომების სახით ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უნდა შემოიღონ ისეთი პროცედურები, რომელიც ჩართავს ადამიანებს საკონსულტაციო პროცესებში, ადგილობრივ რეფერენდუმებსა და პეტიციებში; ასევე გაატარონ ისეთი ზომები, რომლებიც დააკმაყოფილებს იმ პირთა ყველა კატეგორიის საჭიროებებს, რომელთა მონაწილეობას კონკრეტული დაბრკოლება ემუქრება.
საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით დასახლების საერთო კრება ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც მოსახლეობის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას უწყობს ხელს. კოდექსის 854 მუხლის მიხედვით დასახლების საერთო კრების მოწვევა შეუძლია აქ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს. კრება უფლებამოსილია განიხილოს დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები.
შესაბამისად, მარნეულის მერიის მხრიდან სოფელი კიროვკას მოსახლეობისთვის გაცემული უარი საერთო კრების მოწვევაზე, ისეთ საკითხთან დაკავშირებით როგორიც არის დასახლების სახელწოდება, არღვევს ამ კიროვკაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებას საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობაზე და მას საკუთარი კულტურული უფლებების სათანადო რეალიზების შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვებიც შეიძლება გააჩინოს.
აღსანიშნავია, რომ 90-იან წლებში, როცა საქართველოში აღზევებული იყო ეთნო-შოვინისტური პოლიტიკა და სახელმწიფო სუსტი და მოშლილი იყო, ქვემო ქართლში სოფლებისთვის აზერბაიჯანული დასახელებების გადარქმევა მოხდა ისე, რომ ის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული და დემოკრატიული პროცესების ფარგლებში განხილული არ იყო. მაგალითად, ამ პერიოდში, განსაკუთრებით ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში 50-ზე მეტი სოფლის დასახელება შეიცვალა, ამ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე და იმ პერიოდში ზოგადი კონფლიქტური კონტექსტის ფონზე, აღნიშნულ საკითხს ადგილობრივი ქართველი აზერბაიჯანელი თემის ტრავმატული მეხსიერება სდევს თან. აღსანიშნავია, რომ ახლაც კი ხშირად ამ სოფლების მოსახლეობა საკუთარ სოფელს სხვა სახელებით მოიხსენიებს და ფორმალურად, მათ სხვა სახელი ქვია. სახელმწიფოს 90-იანი წლების თვითნებური ეთნო-ცენტრისტული პოლიტიკისა და სუსტი სახელმწიფოს შეცდომების გამოსწორებისთვის ზომები არ მიუღია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მხარი დაუჭიროს სოფელ კიროვკას მოსახლეობას დასახლების საერთო კრების ჩატარებას, რაც გარანტირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის დაცვის უფლებასა და პრინციპებს სათანადოდ სცეს პატივი და საკითხის სენსიტიურობიდან და საერთო კონტექსტიდან გამომდინარე განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდოს.
[1] უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა - თეორიული ჩარჩო, საერთაშორისო სტანდარტები და პერსპექტივები საქართველოში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2021, გვ 48-50.
ინსტრუქცია