[Skip to Content]
ENG

სიახლეების გამოწერა

სოფლის თავყრილობა ითხვისში

თუ ცხოვრობ ჭიათურაში, ან მის რომელიმე სოფელში - ითხვისში, შუქრუთში, პერევისაში, და თუ შენც გაწუხებს ის, რაც გარშემო წიაღის მოპოვების შედეგად ხდება, მოდი სოფლის შეკრებაზე 21 მაისს, 2 საათზე, სოფელ ითხვისის დარბაზში. 
 
შეხვედრა სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ჩვენი მიზანია სოფლის მოსახლეობამ და მათმა მხარდამჭერმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ერთად ვიმსჯელოთ სოფელში არსებულ მდგომარეობაზე და ადგილობრივთა საჭიროებების გადაჭრის სამართლებრივ გზებზე.
 
ამ დრომდე უცნობია მერიის გეგმა უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებთან დაკავშირებით. მრავალ კითხვას აჩენს მუნიციპალიტეტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები: მომზადებული წინასწარი გეოლოგიური დასკვნა ზედაპირულია, შემსწავლელი კომისიის კომპეტენცია და მათი მოკვლევის ფარგლები დაუზუსტებელია, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჩართულობა კი ბუნდოვანია, ისევე როგორც კომპენსაციის დაანგარიშების პროცედურა. წერილი, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შეკითხვით მიმართავს მდგომარეობის შესწავლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამ დრომდე პასუხგაუცემელია.
 
ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობა სრულყოფილად იცნობდეს საკუთარ უფლებებს და მათ ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტებს.
მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შუქრუთში მიმდინარე წინააღმდეგობას ეხმაურება და პასუხისმგებელი უწყებებისგან ინსპექტირებას მოითხოვს

დღესდღეობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს, “ჯორჯიან მანგანეზსა” და მის კონტრაქტორებს შორის ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობის და ზედამხედველობის ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე სისტემა, ერთი მხრივ, კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებასა და უკანონო მოპოვების კონტროლზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაძლებლობას ზღუდავს, ხოლო, მეორე მხრივ, დასაქმებულებსა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს პრაქტიკულად ადრესატის გარეშე ტოვებს. სწორედ ამიტომ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აუცილებლად მიიჩნევს, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობა დაუყონებლივ დაექვემდებაროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და წიაღის ეროვნულ სააგენტოს ზედამხედველობას, რის გამოც დღეს ორგანიზაციამ აღნიშნულ უწყებებს მიმართა ადგილზე მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნით.

ეკოლოგიურად გაუმართავი და სოციალურად უპასუხისმგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესის შედეგად დაგროვებული გარემოსდაცვითი ზიანი ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსირების საჭიროებას და საფუძველს ქმნის, თუმცა გაუმჭირვალე პრაქტიკები, პასუხისმგებლობის ბუნდოვანი, გაფანტული სისტემა და საზედამხედველო უწყებების გულგრილობა კომპენსაციის სამართლიანად დაანგარიშებასა და ადმინისტრირებას შეუძლებელს ხდის.

ლიცენზიის პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ საწარმოში სპეციალური მმართველის დანიშვნიდან 4 წლის შემდეგაც, სახეზე გვაქვს იმგვარი ეკოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ბუნებრივ გარემოს და ადგილობრივ მოსახლეობას უმძიმესი ზიანი ადგება, სოფელ შუქრუთში კი ადგილობრივების პროტესტის უკიდურეს ზომამდეა მისული. მიუხედავად იმისა, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გასცა დაპირება დაზარალებულთა კომპენსირების შესახებ, გაცემული დაპირებები ხშირად არაფორმალურ ხასიათს ატარებდა, ხოლო კომპენსირების შემთხვევებში კი კომპენსაციის ოდენობა და მისი გაცემის წესი ადგილობრივთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებულ ზიანს არ შეესაბამებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს“ჯორჯიან მანგანეზში” სახელმწიფოს მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა და მისთვის ფართო მანდატის მინიჭება არსებული პრობლემების სიმძიმის აღიარებად ჩაითვალა, სპეციალური მმართველის დანიშვნამ პრაქტიკაში სახელმწიფო საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენება შეზღუდა და წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული დარღვევების გამო “ჯორჯიან მანგანეზისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრება გაართულა.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების, ადგილზე დასაქმებულთა და დაინტერესებულ პირთა არა ერთი მიმართვის მიუხედავად, საზედამხედველო ადმინისტრაციული ორგანოები ჭიათურაში მიმდინარე წიაღისეულის მოპოვების პროცესის ზედამხედველობას არ ახორციელებენ იმ მიზეზით, რომ სალიცენზიო პირობების დაცვა უკვე კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მმართველის დანიშვნის გზით.

ამავე საბაბით, საზედამხედველო ორგანოების მხრიდან სათანადო შეფასება არ კეთდება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ქვეკონტრაქტორი კომპანიებისთვის წიაღისეულის მოპოვების უფლების გადაცემის შესახებაც. სპეციალური მმართველის მხრიდან კი მსგავსი ტიპის დარღვევებზე რეაგირების შემთხვევების შესახებ საზოგადოებისთვის არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი.

“ჯორჯიან მანგანეზი” მიმდინარე პროტესტის დროსაც არ ჩანს როგორც პასუხისმგებელი მხარე იმის გამო, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” წიაღის მოპოვებას ძირითადად ქვეკონტრაქტორების, ე.წ. “კოოპერატორების” მეშვეობით ახორციელებს. თუმცა სახელმწიფომ წიაღის მოპოვების ლიცენზია “ჯორჯიან მანაგანეზს” გადასცა და მის მიერ დაქირავებული ქვეკონტრაქტორების მიერ ლიცენზიის ფარგლებში წარმოებულ სამუშაოებზე და თანმხლებ დარღვევებზე პასუხისმგებლობა უპირველესად სწორედ მას ეკისრება. მიუხედავად ამისა, დღეს შუქრუთში მოპასუხე მხარედ მაღაროს კონტრაქტორი, “შუქრუთი პლიუსი” გვევლინება, “ჯორჯიან მანგანეზი” და მისი სპეციალური მმართველი კი მიმდინარე პროცესისგან დისტანცირებულები არიან.

გარდა ამისა, უკიდურესად პრობლემურია ისიც, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, “ჯორჯიან მანგანეზი” და მისი კონტრაქტორები სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან აფორმებენ ბუნდოვანი სამართლებრივი ბუნების შეთანხმებებს - “მემორანდუმებს”, რომელიც შეიცავს დებულებებს, კომპანიების მიერ წიაღის მოპოვებაზე მოსახლეობის თანხმობის შესახებ და არეგულირებს კომპენსირების წესს მოპოვებით მიყენებული ზიანისთვის ადგილობრივების განცხადებით, სოფელ შუქრუთში, ისევე როგორც ჭიათურის სხვა სოფლებში, მცხოვრებლების ნაწილი “მემორანდუმის” პირობებს საერთოდ არ იცნობს, ნაწილს კი მასში გაწერილი ამა თუ იმ პირობის შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვს. წიაღისეულის მოპოვების პროცესს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობა და სალიცენზიო პირობები არეგულირებს; ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობის ჩარჩოს, მათ შორის, ადგილობრივებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მკაფიო და სამართლიანი სტანდარტების დადგენას და აღსრულებასაც სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. შესაბამისად, არსებული სისტემა, რომელიც კომპანიას თვითნებობის, “კოოპერატორებთან” თანამშრომლობის ბუნდოვანი სისტემის ჩამოყალიბების და, შედეგად, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საშუალებას აძლევს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს და უმძიმეს სოციალურ და ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს.

და ბოლოს, საგანგაშოა, რომ შესაძლო დარღვევებსა და მიმდინარე პროტესტზე არ რეაგირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობაც. ნაცვლად პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრისა, თუ ადგილობრივ მოსახლეობასა და კომპანიას შორის პროცესის მედიაციისა მათ, საპოლიციო ძალების მობილიზებით, მოსახლეობას პროტესტის უფლებაც შეუზღუდეს ქალაქ ჭიათურის მერიის მიმდებარედ კარვის გაშლის აღკვეთისას. რეპრესიულია თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებიც, რამდენადაც პროტესტის მონაწილე რამდენიმე პირი კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა, ხოლო ნაწილის წინააღმდეგ ბუნდოვანი საბაბით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სათანადო ყურადღებით მოეკიდოს შუქრუთში მიმდინარე მოვლენებს და უზრუნველყოს:

  • შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მეშვეობით კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების ნებართვის პირობებთან შესაბამისობის და გარემოზე მიყენებული ზიანის ინსპექტირება;
  • პროტესტში მონაწილე ადამიანების შეკრების თავისუფლების დაცვა და მოსახლეობის მოთხოვნების საპასუხოდ სამართლიანი და გამჭირვალე მოლაპარაკების პროცესის დაწყება
  • მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ადგილობრივებისთვის მიყენებული ზიანის შეფასების და ანაზღაურების გამჭვირვალე და სამართლიანი მექანიზმის შექმნა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“