[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი  ყვარელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ყვარელში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ აქტივისტების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ხელი არ შეუშალონ მედიის საქმიანობას. როგორც მედიით გახდა ცნობილი, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, სანქცირებული ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფება საქართველოში და დღეს დაესწრება ქორწილს ყვარელში. აღნიშნულის გამო, ყვარლის ტბასთან გუშინ და დღეს მოქალაქეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რასაც მოჰყვა ოცამდე აქტივისტის დაკავება.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პოლიცია იყენებს არაპროპორციულ ძალას და მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ მოვლენათა დაუბრკოლებლად გაშუქების საშუალება. ამავდროულად, განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის დაკავების შემდგომ დაკავებულების ადვოკატზე წვდომის შეზღუდვა, რადგან სამართლებრივ დახმარებას არსებითი მნიშვნელობა სწორედ დაკავების საწყის პერიოდში აქვს, პოლიციის მხრიდან იძულების გზით ადმინისტრაციული წესით დაკავებულისგან ინფორმაციის მიღების რისკების არსებობის გამო.

იმ პირობებში, როდესაც საქართველო განგრძობადი ოკუპაციის რეჟიმშია და იმავდროულად, ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მოლოდინშია, ქვეყანაში რუსი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრების შემოშვება საფრთხეს უქმნის როგორც სამოქალაქო მშვიდობას, ასევე ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივას.

არა ერთი კითხვა ჩნდება საზღვრის კონტროლის საკითხზეც. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არა ერთ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტს, ჟურნალისტს მეზობელი ქვეყნებიდან ამ კუთხით არსებული ბუნდოვანი ნორმების გამოყენებითა და უსაფრთხოების არგუმენტზე თვითნებური მითითებით, უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე, ბუნდოვანია, როგორ შეიძლება საზღვარზე შსს-ს თანამშრომლებს არ დაეიდენტიფიცირებინათ დასანქცირებული რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება, წარსულში სერგეი გავრილოვისა და ვლადიმერ პოზნერის საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილებებთან და ამ ფონზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებთან ერთად, ამგვარი ფიგურების საქართველოში შემოსვლის საკითხზე პოლიტიკურ ლოიალობას უფრო აჩვენებს და შეუძლებელია მხოლოდ საზღვარზე შესაბამისი სამსახურების მუშაობის არაეფექტიანობით ავხსნათ.

პრობლემურია პროცესში ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენება და პოლიტიკური კონფლიქტის ამ გზით გადაწყვეტა. ხელისუფლება აქამდე მრავალგზის ნაცად ადმინისტრაციულ მექანიზმებთან ერთად, კვლავ იყენებს მძიმე რეპრესიულ პოლიტიკას და პროტესტის გამოხატვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით, უხეშად ერევა გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • თავი შეიკავონ უკანონო ბრძანებების შესრულებისგან და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან;
  • უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფალი და შეუფერხებელი საქმიანობა;
  • დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეცეთ დაკავებულებთან კონსულტაციის შესაძლებლობა და დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • დაინტერესდნენ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებით და მოახდინონ სათანადო რეაგირება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“