[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარლამენტში ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებულ უმძიმეს სექსისტურ განცხადებებზე დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ქართული ოცნების წევრების მხრიდან პარლამენტში ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური ენის გამოყენების უმძიმეს ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ამგვარი ვერბალური თავდასხმები მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოს ქმნის ქალი პოლიტიკოსებისთვის, მათ გაჩუმებასა და დასუსტებას ისახავს მიზნად და პოლიტიკური სექსიზმის და უკულტურობის უმძიმესი გამოვლინებაა.

31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა - სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების - თეონა აქუბარდიასა (რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა) და ნაციონალური მოძრაობის წევრის - ანა წითლიძის მიმართ გენდერული ნიშნით სიძულვილის ენა გამოიყენეს. მათი განცხადებები გაჯერებული იყო უაღრესად შეურაცხმყოფელი და უხამსი ფრაზებითა და აშკარა იყო, რომ ტექსტები წინასწარ იყო მომზადებული.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის წევრების მიერ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი და სექსისტური ლექსიკის გამოყენებას არ გაემიჯნა პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, რომელსაც სხდომა მიჰყავდა. მან დეპუტატებს არ მოუწოდა სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ და უფრო მეტიც, ორივე შემთხვევაში დეპუტატებს რეგლამენტით გათვალისწინებული სასაუბრო დრო გაუგრძელა.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გაზიარებული მოკლე სტატუსით აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია თანაპარტიელი კაცების მხრიდან ქალის შეურაცხყოფა. თუმცა, აღნიშნულ ფაქტს ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოხმაურებია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.

ოფიციალურად მომხდარს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარეს სწრაფი რეაგირებისა და უმკაცრესი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პარტია “ქართულ ოცნებას”, რომელსაც ასევე აქვს ქალთა ორგანიზაცია პარტიის შიგნით, მისი წევრის მხრიდან გენდერული სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე შიდა რეაგირება არ მოუხდენია. განცხადება არ გაუკეთებია, არც პარტიის ქალთა ორგანიზაციას.

საქართველოში ქალი პოლიტიკოსები ხშირად ხდებიან მორალური კრიტერიუმებით თავდასხმების სამიზნეები. საჯარო სფეროში აქტიური ქალების მიმართ გამოყენებული გენდერული სიძულვილის ენის მიზანი ხშირად საჯარო საქმიანობის გარკვეული სფეროებიდან ქალების მიზანმიმართული გამორიცხვაა.

პოლიტიკურ სექსიზმს და მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების მიერ ქალი პოლიტიკოსების აღქმაზე. ისინი შეიძლება შეხვდნენ კრიტიკას ან დაკვირვებას მათი გარეგნობის, მანერების, პირადი ცხოვრების ან ლიდერის როლებისთვის აღქმული ვარგისიანობის საფუძველზე. პოლიტიკური სექსიზმი ამკვიდრებს ორმაგ სტანდარტებს ქალი პოლიტიკოსების მიმართ, როცა ისინი შეიძლება უფრო მკაცრად გააკრიტიკონ თავიანთი ქმედებების, ენის ან ქცევის გამო. ამგვარმა რიტორიკამ და კლიმატმა შეიძლება გამოიწვიოს ქალი პოლიტიკოსების ობიექტივიზირება მედიაში ან საჯარო დისკურსში, რაც ყურადღებას გადაიტანს მათი პოლიტიკური პოზიციებიდან და შესაძლებლობებიდან, მათ პირად ცხოვრებაზე. ამასთან, ამგვარმა ნეგატიურმა რიტორიკამ შესაძლოა ქალი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების ხელშემწყობი გარემო შექმნას.

ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ფაქტორების გამო ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში ისედაც დაბალია. ქალი დეპუტატების მიმართ საჯაროდ და მიზანმიმართულად სიძულვილის ენის გამოყენება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საჯარო სივრცეები ქალებისთვის უსაფრთხო და დაცული არ არის და ის ნეგატიური სიგნალია სხვა ქალებისთვისაც, საჯარო პოლიტიკის კიდევ უფრო დაბალ რგოლებში.

პოლიტიკაში ქალთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ყველა პარტიისთვის საერთო გამოწვევაა. ამიტომ მნიშვნელოვანია არსებობდეს მრავალპარტიული კონსენსუსი, რომ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები უარს იტყვიან ამგვარ სიძულვილის ენაზე და გენდერულად უფრო მეტად სენსიტიურები იქნებიან.

ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება“. სამწუხაროდ, საქართვლოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი არ ითვალისწინებს ქმედითი მექანიზმებს დეპუტატების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებში. კოდექსის თანახმად, პარლამენტის ეთიკის საბჭოს აქვს ბერკეტი პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნოს იმ პარლამენტის წევრის სახელი და გვარი (დარღვევის მოკლე აღწერასთან ერთად), რომელმაც დაარღვია კოდექსი. ამასთან, საბჭო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, ეთიკური ნორმების დამრღვევს სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს.აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის თავდაპირველი კანონპროექტი, პარლამენტარის მიერ ეთიკური დარღვევებისათვის მკაცრ და მკაფიო სანქციებს ითვალისწინებდა, მათ შორის, სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება; ხელფასის დაკავება (10%-დან 50%-მდე ოდენობით); საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში). კოდექსის საბოლოო ვერსიაში ეთიკის ნორმების დარღვევებისათვის ქმედითი სანქციები არ იქნა გათვალისწინებული და შერცხვენის (shaming) რბილი მექანიზმი ჩაიდო.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ:

  • ირაკლი ბერაიას გადადგეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, მისი მოადგილის მიმართ გამოყენებული მტრული, შეურაცხმყოფელი და მიზოგინიური შინაარსის გამო;
  • პარლამენტის ეთიკის კომისიას შეისწავლოს პარლამენტის წევრების მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტები და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი რეაგირებისთვის;
  • პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს გამოეხმაუროს და მკაფიოდ დაგმოს პოლიტიკოსი ქალების მიმართ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან სექსისტური და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევა.შეიმუშავოს წინადადებები და ღონისძიებები პარლამენტში ამგვარი კლიმატის შესაცვლელად, პარტიებსა და ფრაქციებს შორის სიძულვილის ენის არგამოყენებაზე პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად;
  • საქართველოს პარლამენტს ეთიკის კოდექსში შეიტანოს ცვლილებები და გააძლიეროს სიძულვილის ენაზე რეაგირების ეფექტიანი და უფრო მკაცრი მექანიზმები;
  • პოლიტიკურ პარტიებს მიაღწიონ ინტერპარარტიულ შეთანხმებას წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის არგამოყენებაზე და წაახალისონ ამისთვის საჭირო შიდა პარტიული თვითრეგულირების მექანიზმების ამუშავება, რომელიც ისედაც პოლარიზებულ და მტრულ პოლიტიკურ კლიმატს განმუხტავს და კომუნიკაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“