[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მარნეულში მომხდარი ქალის სასტიკი მკვლელობის ფაქტს ეხმიანება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ყოფილი ქმრის მიერ ცოლისა და სიმამრის მკვლელობის ფაქტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოძიების მიმდინარეობასთან ერთად მიიღოს სათანადო ზომები გარდაცვლილებისა და ბრალდებულის ნათესავებს შორის შესაძლო კონფლიქტის პრევენციის მიზნით.

როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, გარდაცვლილ ქალს და ე.ა. -ს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ და თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, რის გამოც დაშორდნენ. 20 ივლისს, ღამით ე.ა. ყოფილ მეუღლესთან შერიგების მოთხოვნით მივიდა, რის შემდგომაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ყოფილი მეუღლე და სიმამრი, ხოლო ცოლისძმა და სიდედრი დაჭრა. ოჯახის ნათესავების ცნობით ე.ა.-მ მკვლელობის წინა დღეს შეიძინა და დაარეგისტრირა ცეცხლსასროლი იარაღი. მომხდარის ირგვლივ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ე.ა. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსის რელევანტური მუხლების საფუძველზე დააკავა. ამ დრომდე უცნობია სწავლობს თუ არა პოლიცია საქმეში შესაძლო სიძულვილის მოტივს (გენდერის ნიშნით) და განიხილავს თუ არა მომხდარს ფემიციდად.

ბრალდებულის დაკავების მიუხედავად პოლიციამ ვერ შეძლო შემდგომი კონფლიქტის პრევენცია და როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, მკვლელობის შემდგომ, გარდაცვლილების ორი ნათესავი ბრალდებულის მამას ფიზიკურად გაუსწორდა და დააზიანეს ოჯახის კუთვნილი ავტომობილი.

ამ დრომდე უცნობია, ამ მკვლელობამდე ჰქონდა თუ არა პოლიციას ინფორმაცია გარდაცვლილ ქალსა და ბრალდებულს შორის ოჯახური კონფლიქტის შესახებ და გაწეული იყო თუ არა ადეკვატური რეაგირება. თუმცა არსებული კონფლიქტის ისტორიის გათვალისწინებით, ერთი შეხედვით (prima facie) პოლიციას უნდა სცოდნოდა ძალადობის რისკების შესახებ.

სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მიუხედავად, ამგვარი დანაშაულების რაოდენობა არ იკლებს და მხოლოდ 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ოჯახში ძალადობის 2169 შემთხვევაზეა გამოძიება დაწყებული და იანვარ-აპრილის მონაცემებით კი გაცემულია 3146 შემაკავებელი ორდერი. ამასთან, როგორც უკანასკნელ პერიოდში გახმაურებული შემთხვევები ცხადყოფს, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირებაც სათანადოდ ვერ იცავს ქალებს და ოჯახში ძალადობა ხშირად გადაიზრდება ხოლმე უფრო მძიმე დანაშაულში, რაც ძალადობის მსხვერპლი ქალის სიკვდილით მთავრდება.

ბოლო წლებში ოჯახში ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების პრაქტიკის გაუმჯობესების მიუხედავად, ამგვარი ძალადობის ეფექტიანი პრევენცია, მსხვერპლი ქალების დაცვა და მათთვის ფიზიკური, სოციალური და ემოციური უსაფრთხოების გარანტიების შექმნა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეფექტიანი და დროული პრევენცია პოლიციის მუშაობის ისევ ყველაზე სუსტ მიმართულებას წარმოადგენს. პოლიციის მუშაობა კიდევ უფრო სუსტია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად და ტრადიულად დასახლებულ რეგიონებში, სადაც პოლიციის მიმართ ნდობის მშენებლობის პოლიტიკა წლების განმავლობაში არ გატარებულა. მრავალი სოციალური ფაქტორის გამო კი (მათ შორის, ენის ბარიერი და პოლიტიკა) თავად პოლიციის მუშაობა ამ ადგილებში სუსტი და ზედაპირული რჩება. სოციალური ზრუნვის სამსახურებისა და შესაბამისი მხარდაჭერის ინტრუმენტების მნიშვნელობა კი ოჯახში ძალადობის პოლიტიკაში კვლავ არასათანადოდ არის დანახული და განვითარებული, რაც ართულებს ამგვარი ძალადობის პრაქტიკების დროულ იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირებას.

ამ პირობებში მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის რეპრესიული პოლიტიკის მიღმა სახელმწიფოს შემუშავებული ჰქონდეს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადის ქცევის კორექციის ეფექტიანი სტრატეგია. არსებითია, სახელმწიფომ შესაბამისი სამართალდამცავი, ანალიტიკური და სოციალური მექანიზმებით იმუშაოს ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების გამოვლენაზე, ოჯახის გაძლიერების გზით კი ხელი შეუწყოს ძალადობის პრევენციას და სათანადო სოციალური, ეკონომიკური პროგრამებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

შინაგანს საქმეთა სამინისტროს

  • უზუნველყოს ზემო სარალში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდოს გამოძიების შედეგების შესახებ;
  • უზრუნველყოს მომხდარ მკვლელობაში შესაძლო გენდერული მოტივის იდენტიფიცირების მიზნით საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
  • საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა გარდაცვლილის მხრიდან პოლიციაში გაკეთებული შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ფაქტზე და რატომ ვერ მოახერხა უწყებამ მოსალოდნელი ძალადობის რისკების ეფექტიანი გაზომვა და პრევენცია;
  • მიიღოს საგანგებო ზომები სოფელ ზემო სარალში ოჯახებს/გვარებს შორის კონფლიქტის შემდგომი ესაკალაციის შეჩერების მიზნით და ამ კუთხით მიიღოს ყველა ზომა დაპირისპირების აღსაკვეთად;
  • შეაფასოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მისი მუშაობის, განსაკუთრებით, ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში მუშაობის ეფექტიანობის პრობლემა და დაიწყოს თემთან ნდობის შენებაზე და ცვლილებეზე მიმართული რეფორმები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

  • მიიღოს ზომები გარდაცვლილი ქალის მცირეწლოვანი შვილების სოციალური დაცვისთვის და რეაბილიტაციისთვის.

მთავრობას

  • შეიმუშავოს ოჯახში ძალადობის პრევენციაზე და გამკლავებზე დაფუძნებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სამართალდამცავი, სოციალური ზრუნვის, პენიტენციალური და განათლების პოლიტიკებს თანაკვეთაში დაინახავს და ოჯახში ძალადობის სისტემურ მიზეზებს დაუპირისპირდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“