საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას და გმობს, საჯარო სექტორში პოლიტიკური ნიშნით საკადრო წმენდის ღიად გამოცხადებას. 1 დეკემბერს, კახა კალაძე, მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გააპროტესტეს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერება, პრაქტიკულად სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. კალაძის განცხადებით, მერიაში გასულ კვირას რეორგანიზაცია გამოაცხადეს და “ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება”.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მერის ეს რეაქცია მოჰყვა თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომლის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი გაემიჯნნენ „საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.“ მათი განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში მოსახლეობის გაცხადებულ ნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლთან.[1] აღსანიშნავია, რომ მერიის თანამშრომლების გარდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაემიჯნა საჯარო სექტორში დასაქმებული არაერთი მოხელე, განცხადებები გაავრცელეს დიპლომატებმა, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა და საჯარო სექტორში დასაქმებულმა სხვა მოხელეებმაც.
გუშინდელი განცხადებით, თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული 200-ზე მეტი პირის მიმართ, პრაქტიკულად, პოლიტიკური ნიშნით დევნა და მათი სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლება დააანონსა, რაც „რეორგანიზაციის“ საბაბით განხორციელდება. ამასთან, აშკარაა, რომ კალაძის განცხადება არის კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობა და გაფრთხილება სხვა საჯარო მოხელეების მიმართაც, რათა არ გაბედონ პოზიციის გამოხატვა ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური ქმედებების საპასუხოდ.
ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოში საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის პრინციპებს ეყრდნობა.[i] საჯარო მოხელეები ანგარიშვალდებულები არიან არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს კონსტიტუციის და ამ ქვეყნის საჯარო ინტერესის წინაშე. განცხადებაზე ხელმომწერ საჯარო მოხელეები მოქმედებენ გამოხატვის თავისუფლებით და საქართველოს კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში. მეტიც, მათ მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის სულისკვეთების დაცვა არის არამხოლოდ გამოხატვის თავისუფლების გამოვლინება, არამედ მათ მიერ დადებული საჯარო მოხელის ფიცის ერთგულების დემონსტრირებაც.
ქალაქის მერს ასევე შევახსენებთ, რომ საქართველოს შრომითი კანონმდებლობის მიხედვით, რეორგანიზაცია სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების და სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურის შესაბამისად და ადამიანების პოლიტიკური გამოხატვა, რომელიც, თავის მხრივ, სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში, ვერც რეორგანიზაციის და ვერც რომელიმე სხვა საფუძვლით, მათ მასობრივ საკადრო წმენდას ვერ გაამართლებს. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციას და, მით უფრო, ამ საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.
ასეთ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა იმდენად აშკარაა, რომ კულტურის სამინისტროს სისტემიდან რეორგანიზაციის საფუძვლით მასობრივი გათავისუფლების შემთხვევების აბსოლუტურ ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას, დამსაქმებელი ვალდებულია, დაასაბუთოს, რატომ მიიღო კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი დასაქმებულის კომპეტენციის, უნარების და სამუშაოს შესრულების ხარისხის შემოწმებას დააფუძნოს.
ამდენად, აშკარაა, რომ ქალაქის მერი თავს უფლებას აძლევს, გააკეთოს განცხადება, რომლითაც უკანონო და უფლებადამრღვევ გადაწყვეტილებებს აანონსებს. საჯარო სექტორის პარტიულ კონტროლს დაქვემდებარება და განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანების დევნა საქართველოს რეალობისთვის, სამწუხაროდ, უცხო არ არის, თუმცა კახა კალაძის მიერ დევნის წინასწარ საჯაროდ დაანონსება კიდევ უფრო შორს მიდის.
მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, განსაკუთრებით იურისტებს, რომლის ხელითაც აპირებს ხელისუფლება საკადრო წმენდის ჩატარებას, წინააღმდეგობა გაუწიონ ზემოდან მომავალ ინსტრუქციებს მათი თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თაობაზე და კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტებით დაუპირისპირდნენ უკანონო და ანტიკონსტიტუციურ დავალებებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მზადყოფნას, დაიცვას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეების უფლებები და უზრუნველყოს უსასყიდლო იურიდიული წარმომადგენლობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ინსტრუქცია