საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს იმ ნორმებს, რომლებიც უშვებს კერძო კომპანიისათვის ენერგოპროექტის განხორციელების უფლების მინიჭებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ჩატარებამდე. სადაო ნორმების თანახმად, მთავრობასა და კერძო კომპანიას შორის ენერგოპროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს სრულიად დახურული პროცედურის საფუძველზე, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლებებს.
უკანასკნელი წლების მანძილზე, როგორც მასშტაბური, ისე მცირე ჰიდროელექტროსადგურები არაერთხელ გამხდარან მწვავე წინააღმდეგობის საგანი სვანეთში, იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. ადგილობრივი მოსახლეობები და დაინტერესებული პირები წლებია ხაზს უსვამენ მათ გამორიცხვას გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან, ინფორმაციისა და ნდობის არქონას ბუნებრივი რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიმართ. წინააღმდეგობის ამ გამოცდილებას ჰიდროენერგეტიკული და სხვა ბუნებრივი რესურსების ათვისების პოლიტიკაში გამჭირვალეობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიის თვალსაჩინო დეფიციტი აწარმოებს. არსებული გაუმჭირვალე და არადემოკრატიული პრაქტიკების გამო, ადგილობრივ მოსახლეობებსა და დაინტერესებულ პირებს ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოხატვის და მასში მონაწილეობის ადგილი არ რჩებათ. საჯარო ინფორმაციის მოსაპოვლებადაც კი დაინტერესებულ პირებს წლების მანძილზე უწევთ ბრძოლა, სახელმწიფო უწყებები კი, საუკეთესო შემთხვევაში, მათი ინფორმირებით შემოიფარგლებიან.
2018 წლის 4 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ენერგოპროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ითვალისწინებს გზშ-ს პროცედურის ჩატარებას და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობას. თუმცა, იმავე წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ენერგოპროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ალტერნატიული პროცედურა, რომელიც გზშ-ს ჩატარების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კერძო კომპანიას უკვე გადაეცემა პროექტის განხორციელების უფლება. კერძოდ, კომპანიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის ფორმდება პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება. ამ ეტაპიდან წარმოიშობა სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები და იწყება პროექტის განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის მიწის ნაკვეთებზე უფლებების მოპოვება. ამასთან, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დაეხმაროს კომპანიას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაში. გამომდინარე იქიდან, რომ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, ხოლო მთავრობა მისი ზემდგომი ორგანოა, ცხადი ხდება, რომ სამინისტროს პრაქტიკულად აღარ რჩება პროექტის განხორციელებაზე უარის თქმის ალტერნატივა.
გარდა ამისა, კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალურობა, რაც ცალსახად გამორიცხავს საზოგადოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებაზე კონტროლის განხორციელებას. შედეგად, საზოგადოებას აღარ რჩება რეალური შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე, თუნდაც შემდგომ ჩატარებული გზშ-ს პროცედურის ფარგლებში, რაც თეორიულს და ილუზორულს ხდის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლებებს.
აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო გარემოსდაცვით ინსტრუმენტებს, მათ შორის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ 1998 წლის ორჰუსის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, ორჰუსის კონვენციის თანახმად, გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ადრეულ ეტაპიდანვე, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს სხვადასხვა ალტერნატივები, მათ შორის პროექტის განხორციელებაზე უარის თქმის შესაძლებლობა. ამასთან, საზოგადოებასთან კონსულტაციის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს პროექტის განვითარების ყველა მომდევნო ეტაპზე. ამის საპირისპიროდ, მთავრობის N515 დადგენილებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით, ენერგოპროექტი წინ საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირების გარეშე მიდის.
მთავრობის N515 დადგენილება იმის მაგალითია, რომ ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონმდებლობის რეფორმირების პარალელურად ჩნდება საგამონაკლისო ნორმები და გაუმჭირვალე პრაქტიკები, რომლებიც კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული გარემოს დაცვის პროცედურული უფლებების რეალიზაციას ეჭვქვეშ აყენებენ. სადავო ნორმების მსგავსი რეგულაციები ართულებენ ადგილობრივი მოსახლეობის ქმედით მონაწილეობას გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რასაც ხშირად მოსახლეობის მწვავე პროტესტი მოჰყვება ხოლმე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ენერგოპროექტის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოების მონაწილეობა, რაც ჰიდროენერგეტიკული რესურსის მდგრადი და დემოკრატიული მართვის აუცილებელი წინაპირობაა.
ინსტრუქცია