[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

შსს სტუდენტების უწყვეტ პროტესტს უსაფუძვლო დაკავებებით ებრძვის

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტების თვითნებურ დაკავებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სტუდენტები და მისცეს მათ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 3 სტუდენტი დააკავა. საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ სტუდენტები შეკრების ადგილას სკამების მიტანას ცდილობდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების საფუძველი. მესამე სტუდენტი კი ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში დაკავებული ახალგაზრდების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვისა და ტაშის დაკვრის გამო დააკავეს. ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ დაკავებამდე პოლიციელებს სტუდენტები არ გაუფრთხილებიათ და არც დაკავების საფუძველი განუმარტავთ მათთვის. ამ დრომდე უცნობია დაკავებული სტუდენტების ადგილსამყოფელი.

წვიმისა და სიცივის პირობებში, ღია სივრცეში 24 საათიანი უწყვეტი პროტესტის დროს, დემონსტრანტებისთვის სკამების ჩამორთმევა და ამ საფუძვლით მოქალაქეების დაკავება აქციის მონაწილეებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნასა და პროტესტის ჩახშობას ემსახურება. კანონმდებლობა არ ზღუდავს შეკრების ადგილას სკამებისა და იმ დამატებითი  ნივთების მიტანას, რაც აქციის მონაწილეებს ღია სივრცეში გრძელვადიანი შეკრებისთვის საბაზისო პირობებს შეუქმნის. 

დაკავების უსაფუძვლობასთან ერთად, შემაშფოთებელია სამართალდამცავების აგრესიული ქმედებები და დაკავებულების პროცესუალური გარანტიების სრული უგულებელყოფა. ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ  პოლიცია სტუდენტებს ჯგუფურად, ძალის გამოყენებით აკავებს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე. კანონმდებლობით, მათ დაკავებამდე ევალებათ პირისთვის დაკავების საფუძვლისა და ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ მოქალაქისთვის ინფორმაციის მიწოდება. [1]

განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ უკანონო მეთოდებით ებრძვის მოქალაქეების ერთიანობას, უწყვეტ შეკრებას და ყველა გზას იყენებს პროტესტის ჩასახშობად.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყონ სტუდენტების ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული სტუდენტები.
  • მისცენ სტუდენტებს, უწყვეტი პროტესტის თავისუფალი და უსაფრთხო გამოხატვის შესაძლებლობა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“