საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას
ბატონო გიორგი,
ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ჩვენი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობელთა ორგანიზაციები, აღშფოთებული ვართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შეუსრულებლობით. კერძოდ:
- საქართველოს სახელმწიფომ კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში უგულვებელყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი ფულადი ბენეფიტის (ე.წ. სოციალური პაკეტის) ზრდის აუცილებლობა, რაც წარმოადგენს პირდაპირ დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. 2021 წლის იანვრის თვიდან ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, უცვლელი დარჩა შშმ პირთა არსებული სოციალური პაკეტი. მისი უცვლელად შენარჩუნება შშმ პირთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას ნიშნავს და იგი არ პასუხობს სახელმწიფოს მიერ ნაკისრ გაეროს შშმ პირთა კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნას, კერძოდ აღნიშნული კონვენციის მე–4, 28-ე მუხლები ხელმომწერ სახელმწიფოებს პირდაპირ აკისრებს შშმ პირთა სოციალური უფლებების პროგრესული რეალიზაციისა და უკან დახევის დაუშვებლობის ვალდებულებას და ცხოვრების ადეკვატური დონის და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას. ასევე ირღვევა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მე-15 მუხლი სოციალური დაცვის შესახებ და საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი სოციალური სახელმწიფოს შესახებ. არსებული სოციალური პაკეტი არაეფექტურია და არ პასუხობს არც შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, და არც საარსებო მინიმუმის სტანდარტებს მსყიდველუნარიანობის დაქვეითების და პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში. შშმ პირთა სოციალური პაკეტის მოცულობის გაზრდაზე უარს ვერც საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული კომპენსაცია აბალანსებს, რადგან ის გაიცემა მხოლოდ დროებით, 2021 წლის ივნისის ჩათვლით, თანაც მხოლოდ მკვეთრად გამოხატული(ე.წ. პირველი ჯგუფის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომელიც სოციალური პაკეტის მიმღებად რეგისტრირებულ შშმ პირთა საერთო რაოდენობის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს, შედეგად აბსულუტური მხარდაჭერის მიღმა რჩება შშმ პირთა დარჩენილი უმრავლესობა.
- საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ქვეყანა შშმ პირთა შეფასების ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე ჯერ კიდევ არ გადავიდა (იხ.: ადამიანის უფლებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა). აღნიშნული რეფორმა წარმოადგენს ჩვენი უფლებების რეალიზების, საზოგადოებაში სრულყოფილი ჩართულობის და კეთილდღეობის მთავარ განმსაზღვრელ ინსტრუმენტს. დღეის მდგომარეობით, 2021 წლის იანვრისთვის, შეფასების ბიოფსიქოსოციალური მოდელი კვლავ საპილოტე რეჟიმშია. რეფორმის შეფერხება კი ნეგატიურად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმებულია. შესაბამისად, მასზე რეაგირება და მისი განხორციელების დაჩქარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემისთვის.
- ამის პარალელურად, დაირღვა 2020 წლის ივლისში მიღებული საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ და დათქმულ ვადაში, კერძოდ 2021 წლის 1 იანვრამდე არ შეიქმნა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი და არ დამტკიცდა 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგია და წლიური სამოქმედო გეგმა შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოვითხოვთ:
- საქართველოს მთავრობამ, შშმ პირთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად შშმ პირთა სოციალური პაკეტის მოცულობის განსაზღვრის ობიექტურ კრიტერიუმთა შემუშავებამდე და შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე სრულად გადასვლამდედაჩქარებული წესით მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გარანტირებული იქნება ასაკობრივი პენსიებისა და სოციალური პაკეტების პროპორციული ზრდა, როგორც საპენსიო ასაკის პირებისთვის, ასევე ფულადი ბენეფიტების (სოციალური პაკეტის) მიმღები ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდეს არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა.
- საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს შშმ პირთა ფინანსური კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ობიექტური, საჭიროებებზე დაფუძნებული, დასაბუთებული კრიტერიუმები. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნამდე, ამ ეტაპისთვის, პრემიერ-მინისტრთან არსებული ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს კოორდინაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, დაიგეგმოს და განხორციელდეს ეფექტური ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და პოლიტიკის ფორმირების ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის დაჩქარებისთვის, მიუხედავად კანონში გაწერილი ვადებისა.
- 2021 წლის პირველივე კვარტალში შეიქმნას და ამუშავდეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ეფექტური ორგანო. აღიჭურვოს ის ადეკვატური ფინანსური და ადამიანური რესურსით და უზრუნველყოფილ იქნას მის მუშაობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტური და რეალური ჩართულობა. შემუშავდეს და დამტკიცდეს 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგია და წლიური სამოქმედო გეგმა შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.
ჩამოთვლილ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ პროტესტის ყველა ზომას !
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
- მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის
- თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრის [EPC]
- კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
- კავშირი «თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის» (PER)
- ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP)
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" - FAD
- "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია"
- ა(ა)იპ „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი"
- კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის
- ა(ა)იპ ფონდი აურეს - ეკატერინე თორთლაძე
- ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
- ქალთა ფონდი საქართველოში
- "ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის"
- ასოციაცია ჰერა ოცდაერთი
- ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
- ასოციაცია ანიკა
- საქართველოს ყრუთა კავშირი
- ა(ა)იპ ,,კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“
- საქართველოს უსინათლოთა კავშირი
- ა(ა)იპ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,, დეა"
- პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის
- აჭარის შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი
- ზუგდიდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხადაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი
- ა(ა)იპ ,,პროგრესის ვექტორი"
- "უფლებები საქართველო"
- კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა
- ქალი და რეალობა
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პლატფორმა
- საფარი
შშმ პირთა უფლებათა დამოუკიდებელი აქტივისტები:
- ესმა გუმბერიძე
- გელა ბერაძე
- დავით ბიბილეიშვილი
- ნატო დავითაძე
- რამინი მაჭარაშვილი
- დეა ერემაშვილი
- თამარ მაღლაკელიძე
- თინათინ რევაზიშვილი
- იოსებ ყაზაიშვილი,
- ლერი ყურაშვილი
- მანანა კურტანიძე
- ფიქრია ბარამიძე
- ნინო ხუციშვილი
- ირმა კილაძე
- დიმიტრი სილაგაძე
- არჩილ შაქარიშვილი
- ივდითი კვიტია
- თინათი გელხვიძე
- ტარიელ აბაზაძე
- ასმათი ჯანგავაძე
- ლალი კოჭლამაზიშვილი
- ნათია თარბაია
- ანჟელა ხუხუა
- სოფიო ჩახაია
- თამთა გვირილიანი
- მზისადარი ფიფია
- ნესტან ბეჭვაია
- ქრისტინე ხუციშვილი
- გურამი გოგოლაძე
- დიანა ხაზარაძე
- ელენა ფილეევა
- სალომე შეკიშვილი