საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: რადიო თავისუფლება
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გამთენიისას კიდევ ერთი საწარმოო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 მათგანი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა იმავე უბანზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 5 აპრილს 6 მეშახტე დაიღუპა. გასულ 3 თვეში, ეს ტყიბულში მომხდარი მესამე საწარმოო შემთხვევაა, რომელმაც 12 ადამიანის დაღუპვა და 9 ადამიანის მძიმედ დაშავება გამოიწვია.
მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო შემთხვევებთან, არამედ დასაქმებულებთა წინააღმდეგ ჩადენილ განგრძობად და სისტემურ პრაქტიკასთან, რომლის მიმართაც სახელმწიფოს აბსოლუტური გულგრილობა მას თანამონაწილედ აქცევს. წლების მანძილზე პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, ხელისუფლებამ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი შრომის ზედამხედველობის სისტემის შექმნის მიზნით, ამასთან, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად მშრომელების დაღუპვისა და დაზიანების შემთხვევების აბსოლუტურ უმრაველობაში არ დამდგარა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, არცერთ შემთხვევაზე ამ დრომდე გამოძიებას არ დაუდგენია შახტის მფლობელებისა და მისი მმართველების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
არსებული ვითარება მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სრულ ჩავარდნაზე. ხელისუფლება წლების მანძილზე აღიარებს შრომის უსაფრთხოების საკითხის პრობლემურობას, თუმცა, არცერთ ეტაპზე არ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი საზედამხედველო მექანიზმები. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ 5 აპრილს 6 მეშახტის დაღუპვის შემდეგ შრომის მინისტრის და კაბინეტის სხვა წევრი მინისტრების მონაწილეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ რომელსაც ტყიბულის შახტების ტექნიკური გამართულობა უნდა შეეფასებინა. კომისიის შექმნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მაღალი ლეგიტიმაციის მიუხედავად, ამ დრომდე კომისიას ფაქტობრივად არ უმუშავია, რაც ცხადად აჩვენებს ხელისუფლების მხრიდან შრომის პოლიტიკის საკითხების არაპრიორიტეტულობას და არსებული მძიმე პრობლემების გადაწვეტის ილუზიის შექმნის მცდელობებს.
ამასთან, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანების დაღუპვასა და დასახიჩრების საკითხებზე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგელობის საკითხზე, რომლის მუშაობა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჩადენულ დანაშაულებზე განსაკუთრებულად არაეფექტიანია. ტყიბულში მომხდარ არცერთ შემთხვევაზე ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ გამოძიების შედეგად დამდგარ რეალურ პასუხისმგებლობაზე. არაეფექტიანი გამოძიების პრობლემურობაზე ასევე მიუთითებს სახალხო დამცველი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ხოლო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე.[1] შედეგად, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევებზე გამოძიების ეფექტიანობის და სათანადოობის მიმართულებით.
არსებული კრიზისული მოცემულობის გათვალისწინებით, დღის წესრიგში ვტოვებთ მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს გამართული და ეფექტიანი შრომის საზედამხედველო სისტემის ამუშვება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ეფექტიანად წარმართოს გამოძიება მომხდარ შემთხვევაზე და საზოგადოებას პროაქტიულად გააცნოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ამასთან, დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი
ახალგაზრდა სოციალისტები
თანასწორობის მოძრაობა
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი
[1] 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მონაცემები. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში გვ. 198. http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5139.pdf;
ინსტრუქცია