30 ივნისს, ჭიათურაში, სოფელ ზოდში ადგილობრივების და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. შეკრებილები მათ სოფელში მანგანუმის მოპოვების დაწყებას ეწინააღმდეგებიან.
ადგილობრივების თქმით, სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია, არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, მოუწესრიგებელია შიდა გზები, სოფელს მიეწოდება ტექნიკური წყალი, უკვე 2 წელია არ ფუნქციონირებს სკოლა და მისი დასრულება 2026 წლამდე არც არის დაგეგმილი.
ამ სირთულეების პარალელურად, ახლა სოფელს მოპოვებითი სამუშაოებიც ემუქრება, რაც პრიმიტიული მეთოდით, მიწისქვეშა გათხრებით მანგანუმის გამოტანას გულისხმობს. ეს კი საფრთხეს უქმნის სოფელში არსებულ ნაგებობებს; ადგილობრივები ჰყვებიან შუქრუთის, ითხვისისა და ხალიფაურის სოფლების მაგალითებზე, სადაც მომპოვებელი კომპანიის შესვლას, სოფლების გადათხრა და სახლების დანგრევა მოჰყვა.
დაშინების მცდელობების მიუხედავად, ზოდელები ამბობენ, რომ წინააღმდეგობას გააგრძელებენ და მშობლიური სოფლის განადგურებას არ დაუშვებენ.