საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) საპატრიარქოსთან ქუჩის მხატვრების მანიფესტის საქმეზე, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების მიერ პოლიციის შესახებ კანონის მოთხოვნების უხეშ დარღვევებზე რეაგირების მოთხოვნით, 20 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
საქმე უკავშირდება 8 იანვარს, საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე, ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და გვანცა ჯიშკარიანის დაბარებისა და მათთან გასაუბრების კანონიერების საკითხს.
4 იანვარს, ქუჩის მხატვრებმა მარიამ ნატროშვილმა და გვანცა ჯიშკარიანმა, თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიასა და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავი სტენსილით დაწერეს 25 000 000, რითიც მართლმადიდებელი ეკლესიის არასეკულარული და დისკრიმინაციული დაფინანსების პოლიტიკა გააპროტესტეს.
8 იანვარს, ძველი თბილისის პოლიციის I განყოფილების უფროსმა მარიამ ნარტოშვილი და გვანცა ჯიშკარიანი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაიბარა. პოლიციელს მარიამისთვის არ უთქვამს რა სტატუსით, ან რა საქმეზე უნდა მისულიყვნენ პოლიციის განყოფილებაში. განყოფილებაში მათ, პოლიციელებთან ერთად, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის 3 თანამშრომელი დახვდა. როდესაც ნატროშვილმა და ჯიშკარიანმა ადვოკატის თანხლებით საუბარი მოითხოვეს, პოლიციელმა მათ უთხრა, რომ იურისტი არ სჭირდებოდათ, ვინაიდან დაკითხვა არ მიმდინარეობდა და სისხლის სამართლის საქმე არ იყო დაწყებული.
პოლიციის უფროსი დაინტერესდა მარიამ ნატროშვილის და გვანცა ჯიშკარიანის მრწამსით და იკითხა ხომ ნამდვილად ქრისტიანები იყვნენ და ეკეთათ თუ არა ჯვარი.
გ. ჯიშკარიანი ახსნა-განმარტებაში აცხადებს, რომ ვინაიდან საუბარში და მათი „ჭკუის დარიგებაში“ პერიოდულად ერთვებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, მას გაუჩნდა განცდა, რომ პოლიციის უფროსის კაბინეტში ორი მხარე იყო: ერთ მხარეს მარიამი და გვანცა, ხოლო მეორე მხარეს პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენლები, რაზეც პოლიციის უფროსმა მათ განუცხადა: „შენ წარმოიდგინე, რომ მხოლოდ თქვენ ხართ და ჩვენ დანარჩენი საქართველო“.
თაბუკაშვილის ქუჩიდან მ. ნატროშვილი და გ. ჯიშკარიანი გადაიყვანეს კრწანისში მდებარე ძველი თბილისის პოლიციის I განყოფილებაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი, რომელსაც უშუალოდ აწერია საპატრიარქოს განცხადება, მათ გაესაუბრა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.
როგორც EMC-ის განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება აჩვენებს, რომ პოლიციის თანამშრომლები გასაუბრების დროს ინტერესდებოდნენ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რომელიმე მუხლის დარღვევით, არამედ მ. ნატროშვილისა და გ. ჯიშკარიანის რელიგიური გრძობებით და მოახდინეს საკუთარი თავის იდენტიფიცირება დომინანტ რელიგიურ ჯგუფთან. აღნიშნულით კი მათ პოლიციის შესახებ კანონთან ერთად, დაარღვიეს საჯარო სამსახურის სეკულარული (საერო) ხასიათი, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის შემადგენელია.
ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, რომ პოლიციის ფუნქციები, პოლიციისვე თანხმობით შეითავსეს საპატრიარქოს უსაფრთხოების თანამშრომლებმა, რომლებიც გასაუბრებას ესწრებოდნენ და მ. ნატროშვილს და გ. ჯიშკარიანს კონკრეტული კითხვებით მიმართავდნენ. აღნიშნულით კი დაირღვა პოლიციის შესახებ კანონის მე-3 მუხლი და ასევე პოლიციის ეთიკის კოდექსის 1.8 ნაწილი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს ავალდებულებს იყვნენ მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები, მოეპყრას ადამიანს სამართლიანად და მიუკერძოებლად, განურჩელად მათი პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებისა.
ძველი თბილისის პოლიციის უფროსმა ნატროშვილსა და ჯიშკარიანს განუცხადა, რომ პატრიარქის ნება იყო ისინი არ დასჯილიყვნენდა შესაბამისად, პოლიციას არა ვინმეს დასჯა ან კონკრეტულ სამართალდარღვევაზე რეაგირება აინტერესებდა, არამედ სურდათ გაეგოთ მართლმადიდებლებს, ქართველებს, რატომ გაუჩნდათ მსგავსი წარწერა გაეკეთებინათ საპატრიარქოს შესასვლელთან, პატრიარქის დაბადების დღეს. ამ შემთხვევაში, ასევე დაირღვა პოლიციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ ჯიშკარიანისა და ნატროშვილის ქმედებაში არ იკვეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული არც ერთი შემადგენლობა. შესაბამისად, EMC-ის მიაჩნია, რომ პოლიციის მხრიდან ამ შემთხვევაზე აქტიური რეაგირება, სწორედ საპატრიარქოს, როგორც დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ გამოვლენილი პროტესტით იყო განპირობებული, რაც წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს პრინციპთან.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით EMC მოითხოვს:
EMC ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ზოგადი ხასიათის ღონისძიებები რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის პრევენციის მიზნით, რაც მათ შორის, პოლიციის თანამშრომლებისთვის შესაბამისი მითითების მიცემასა და ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.
ინსტრუქცია